8
Nov
2019

ფინტექ ინდუსტრიის გამოწვევები – რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სტარტაპზე ვიფიქრებთ – ქეთი მეფარიშვილი

8 Nov 2019

ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ფინანსურ ინდუსტრიაშიც უკვე მოახდინა რევოლუციური გარდაქმნები, რამაც საგრძნობლად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა და დამოკიდებულება ფინანსების მართვის მიმართ. თანამედროვე მომხმარებელს სჭირდება გამარტივებული და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება. მოსახერხებელი დაკრედიტების შესაძლებლობების ძიებაში წარმოიშვა ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთი  მიმართულება, P2P lending პლატფორმები, რომელიც მზარდი ტრენდით ხასიათდება და ამ პლატფორმებზე ფინანსურ საქმიანობას ინდივიდები ერთმანეთთან ეწევიან შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე. პლატფორმის მუშაობის პრინციპი აგებულია ორმხრივად რისკების აღმოფხვრაზე. საწყის ეტაპზე ინვესტორი ხსნის საიტზე ანგარიშს და რიცხავს თანხას, რომელიც გარკვეული სადეპოზიტო პროცენტის სანაცვლოდ, უნდა გაასესხოს ინდივიდებზე.  პლატფორმა აფასებს სესხის მიმღებ ინდივიდების რისკიანობას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს საპროცენტო განაკვეთს, საბოლოო ეტაპზე, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ახორციელებს მათ შორის გადარიცხვებს. რატომ მიმართავენ ინდივიდები P2P პლატფორმებს? ვინაიდან, გამსესხებელი გარანტირებულია, რომ თუკი მსესხებელმა მას დაუგვიანა თანხის გადახდა, უკან დაუბრუნდება ინვესტირებული თანხა. აგრეთვე, ინვესტირება მხოლოდ მყარ ვალუტაში ხორციელდება, რათა ინვესტორი დაზღვეული იყოს სავალუტო რისკებისგან.

როგორ მუშაობს P2P

თითქოს, მარტვი გზა არის სტარტაპისათვის, რომელმაც ფინტექ ინდუსტრიაში განიზრახა ძალები მოსინჯოს, მაგრამ ამ პროცესების უკან  მთელი რიგი გამოწვევები დგას:

მონაცემთა მეცნიერება

პლატფორმები, ანუ კომპიუტერული სისტემების ერთობლიობა, სადაც ხორციელდება მონაცემების მიღება, გაანალიზება და მოდელირების მეშვეობით პროგნოზების გაკეთება, აქტიურად გამოიყენება ფინტექ ინდუსტრიაში. მანქანური სწავლების გამოყენების არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში სისტემამ მოახდინოს პოტენციური მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასება, დაიცვას იგი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკებისგან, ისევე როგორც გამსესხებელი –  ფულადი სახსრების დანაკარგისაგან. ამრიგად, ფინტექ ინდუსტრიის წინაშე დგას გამოწვევა, ყველა ტრადიციული ფიზიკური იდენტიფიცირების მეთოდი გადაიტანოს ვირტუალურ გარემოში და მომხმარებლისათვის უმარტივესი, რამდენიმე წუთიანი აპლიკაციის შევსების მეშვეობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე.

გამოწვევაში მთავარი როლი დროული მონაცემების მიღებას უკავია. მონაცემები, თავისი მახასიათებლით, ისტორიული წარმოშობისაა, რამაც ასეულობით ფინტექ კომპანიას შეუშალა ხელი ოპერირებაში, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ წვდომა დროულ მონაცემებზე, როგორიც არის მომხმარებლის საკრედიტო ისტორია, საკრედიტო ქულა და სხვა ფინანსური ატრიბუტები. ამრიგად, რისკის ანალიტიკაში, როდესაც მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის შეფასებას ვახდენთ, აუცილებელია მყისიერი მონაცემების მიღება, რომელიც მანქანური სწავლების ალგორითმების მეშვეობით აფასებენ მომხმარებლის პროფილს. როდესაც საუბარია მანქანურ სწავლებაზე რისკების ანალიტიკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციაში დანერგილია პროცესი, სადაც სისტემა თავად სწავლობს წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით მომხმარებლის ქცევებს, აანალიზებს ტრანზაქციებს, საკრედიტო ისტორიას, ვებ-გვერდზე განხორციელებულ ქცევებს და გადახდების პერიოდულობას. იგი თავად აჯგუფებს სეგმენტებად და შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მომავალსაც წინასწარმეტყველებს, თუ რამდენად შესაძლებელია პიროვნებაზე გაიცეს თუ არა სესხი.

P2P პლატფორმების გამოწვევაა მომხმარებელს შეუქმნას კომფორტული, მოსახერხებელი და დაცული ფინანსური მომსახურება, სადაც მას არ დასჭირდება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ადგილზე მისვლა და ხელის მოწერა. ეს პროცესი ელექტრონულ სამყაროში მიმდინარეობს, სადაც დამადასტურებელი დოკუმენტების როლის ფუნქციას საკრედიტო ბიუროები ატარებენ. თუმცა, ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიის რეგიონში, სადაც საკრედიტო ბიუროების სიმცირეა ან საბანკო სექტორი თავად ცვლის საკრედიტო ინფორმაციას ერთმანეთში, ფინტექ კომპანიებისათვის არც ისე სახარბიელო ბიზნეს გარემოა.

მანქანური სწავლება ფინტექ ინდუსტრიაში არამხოლოდ რისკებში, არამედ თაღლითური მოქმედებებების გამოსავლენადაც აქტიურად გამოიყენება. მათი მეშვეობით ხდება თაღლითური ტრანზაქციების მოდელირება და წინასწარი პროგნოზირება. ამგვარი სისტემა აჯგუფებს და თავად აღმოფხვრავს შესაძლო თაღლითურ აქტივობას.

ფინტექ ინდუსტრიის ძირითადი გამოწვევა, გარდა მანქანური სწავლების დანერგვისა რისკების ანალიტიკაში, რეგულაციური გარემო გახლავთ. შედარებით დამწყები ფინტექ კომპანიები სწორედ, რეგულაციური მოთხოვნების შესაბამისობის ფაზაშივე წყვეტენ ოპერირებას. დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს კი, ცალკე დეპარტამენტები ყავთ გამოყოფილი რეგულაციური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამრიგად, ყველა ვინც ფინტექ ინდუსტრიაში აპირებს ბიზნესის წამოწყებას, მათ აუცილებლად მოუწევთ საკუთარი ოპერაციები ააგონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სრული უსაფრთხოობის გათვალისწინებით. ევროპის ბაზარზე GDPR (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირება) მოითხოვება, რომელიც პერსონალურ მონაცემებთა დაცვის შესაბამისობისათვის მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებს მოითხოვს.

KYC (Know your customer) – იცოდე შენი მომხმარებელი – აღნიშნული მოთხოვნა მომხმარებლების სრულ იდენტიფიცირებას მოიაზრებს. გარდა პირადი მონაცემების გამოთხოვისა, ზოგიერთი ქვეყანა პირადობის, პასპორტის და პასპორტთან ერთად სელფის გადაღებასაც ითხოვს, რათა მომხმარებელი იდენტიფიცირდეს, რაც მოხმარებლის მხრიდან ეჭვს ბადებს, თუ რატომ უნდა გაუზიაროს მცირე ზომის კომპანიას ყველა ტიპის პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე, სწრაფი და მოხერხებული ინტერნეტ ვერიფიცირება თითქმის შეუძლებელი ხდება ინტერნეტ გარემოში. გარდა ამისა, შემოსავლების დადასტურების მოთხოვნა ერთ-ერთი კომპონენტია მომხმარებლისათვის ფულადი სახსრების გაცემის დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის არარსებობა, სადაც ფინტექ კომპანიებს შეეძლებათ ინტეგრაციის მეშევეობით გამოითხოვონ ინფორმაცია მომხმარებლის შემოსავლების შესახებ, კიდევ უფრო ართულებს მათ ოპერირებას. იდენტიფიცირების მიღმა არის კიდევ კიბერუსაფრთხოების საკითხები, რომელიც მცირე კომპანიებისათვის ძვირი სიამოვნებაა, არადა, კიბერ-თავდამსხმელებისათვის სწორედ, მცირე ზომის ფინტექ კომპანიებია დავდასხმის ობიექტი, ვინაიდან ისინი მომხმარებლების შესახებ სენსიტიურ მონაცემებს ინახავენ.

რეგულაციების მიღმა, გამოწვევების დაძლევა პარტნიორ კომპანიებთანაც მოგიწევთ. მაგალითად, თუკი ბარათით გადახდების მოდული გექნებათ ან ელექტრონული საფულის მომსახურება, VISA და Mastercard-თან თანამშრომლობა შედგება, რომელთაც თავიანთი წესები გააჩნიათ ოპერირებისთვის და თქვენც ამ წესების მიხედვით თამაში მოგიწევთ.

და ბოლოს, უმთავრესი გამოწვევა მომხმარებლებში ნდობის მოპოვებაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური სიახლეებისადმი ინტერესი მაღალია, მომხმარებლების უმრავლესობა ლოიალური მიანც დიდი ფინანსური ინსიტიტუტების მიმართ რჩება, რომლებმაც დროთა განმავლობაში შექმნეს ურთიერთნდობა. ახლად დაარსებულ ფინტექ ორგანიზაციების გამოსავალი გამჭირვალობა, მომხმარებლების აღზრდა და და მათი უწყვეტი მხარდაჭერაა, რათა დროთა განმავლობაში მათი კეთილგანწყობა მოიპოვოთ.

 

ქეთი მეფარიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა