in ,

ხანძრების „წინასწარმეტყველება“ და CO2-ის ემისიების რეგიონალიზაცია – ვინ გაიმარჯვა NASA Space Apps Challenge Tbilisi-ზე

NASA Space Apps Challenge 2020 თბილისში, 2-დან 4 ოქტომბრამდე, მსოფლიოს 200 წერტილის პარალელურად მიმდინარეობდა. ჰაკათონის 70 მონაწილე, რომელიც 17 გუნდად იყო შეკრული, გლობალურ გამოწვევებზე 48 საათის განმავლობაში მუშაობდა, პარალელურად კი ისმენდა ლექციებს სფეროს პროფესიონალებისგან. 4 ოქტომბერს, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა ორი გამარჯვებული გუნდი, მესმე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გახდა. პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა – Fire Detector დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე – კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი The2Degrees გავიდა. გუნდებს გარკვეული დრო ჯერ კიდევ აქვთ, სანამ გლობალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა მოუწევთ, შესაბამისად, ისინი 48 საათის განმავლობაში შექმნილი პროექტების დახვეწაზე მუშაობენ. 

M2
M2

როგორ გადაჭრეს ქართულმა გუნდებმა NASA-ს გლობალური გამოწვევები, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებში მონაწილეობას და რას ველოდებით მომავალში – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელზე პასუხსაც სტატიაში იპოვით. 

ნანა დიხამინჯია

„ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდებმა კვალიფიციური მენტორების დახმარებით შექმნეს საინტერესო პროექტები, რომლებიც უკავშირდებოდა ხანძრის სწრაფად აღმოჩენას, ძილის ციკლის მოწესრიგებას, კოსმოსური კვლევების შესახებ ცოდნის ამაღლებას, გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის პორტალისა და აპლიკაციების შექმნას“, – გვიყვება ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ორგანიზატორებს (Tbilisi Startup Bureau, ილიაუნი) მათგან 70 მონაწილის შერჩევა მოუხდათ, ამჯერად კი, მიღებული 17 გუნდიდან მათ 2 გამარჯვებული უნდა შეერჩიათ. ანუ უნდა გამოევლინათ ის ორი გუნდი, რომელიც გლობალურ შეჯიბრებაზე საქართველოს სახელით უნდა წარდგეს. და აი, ისინიც: 

NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასებისა და შესაბამისად, პირველი ადგილის მფლობელი გუნდი Fire Detector გახდა. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ტყებუჩავა, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე. როგორც გუნდის წევრი, გიორგი ტყებუჩავა გვიყვება, ჰაკათონის ფარგლებში მათ შექმნეს ერთგვარი ალგორითმი, რომელიც სხვადასხვა მონაცემის (ამინდის პროგნოზი, წელიწადის დრო, კვირის დღე, ტემპერატურა და სხვ.) გათვალისწინებით, ახერხებს ხანძრის მაღალი რისკის შემცველი ადგილმდებარეობების გამოვლენას, შესაბამისად კი, იძლევა მეტი მობილიზებისა და ხანძრის პრევენციის საშუალებას.  

მარიამ შერეშაშვილი, კარლო თევზაძე და გიორგი ტყებუჩავა, გუნდი Fire Detector

შევქმენით პროგრამა/ალგორითმი, რომელიც წინასწარ შეძლებს ხანძრის მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიების გამოვლენას და ამაში რამდენიმე საზომს დაეყრდნობა. ეს შეიძლება იყოს ამინდი, ადგილმდებარეობა, ადამიანების მოძრაობის სიხშირე, გეოგრაფიულად აქტიური და პასიური ადგილები, ასევე კონკრეტული ადგილის ხანძრის ისტორია, მიზეზები. ამ ეტაპზე, ალგორითმი აჯამებს სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს და მითითებული ლოგიკის გათვალისწინებით, ითვლის რისკებს. სატესტო ვერსიით გამოიყო მაღალრისკიანი და დაბალრისკიანი რეგიონები. განვითარების შემდეგ ეტაპზე, 3 წლის ვადაში, ვაპირებთ, პროგრამა დავხვეწოთ, შემდეგ კი გათვალისწინებული გვაქვს მიღებული ვიდეოტრანსლირების დამუშავება. ასე, ჩვენი პროგრამა დაიწყებს უკვე მაღალი რისკის შემცველი გეოგრაფიული ერთეულების მეთვალყურეობასაც. თუ ჩვენ გვეცოდინება წლის რა პერიოდში და სად არის ხანძრის მაღალი რისკის ზონა, ვიქნებით გაცილებით მობილიზებულები და სანამ რამე მოხდება, გვექნება უფრო მეტი საშუალება მოვემზადოთ პოტენციური რისკის პრევენციისთვის“, – ამბობს გიორგი ტყებუჩავა.

უფრო დეტალურად, FIre Detector-ის პროექტს შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გაეცნოთ. ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს NASA Space Apps Challenge Tbilisi 2020-ის გენერალური სპონსორისგან (Beeline) 2000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის თითოეული წევრი 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა, კომპანია EDISON-მა კი მათ არდუინოს სრული კომპლექტი გადასცა.

Apps Challenge Tbilisi 2020-ის მეორე ადგილზე გუნდი The2Degrees გავიდა. ის დაკომპლექტებული იყო კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეებისგან – დავით დომუზაშვილი, ალექსანდრე ლაშქარავა, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. პროექტის მიზანი კი რეგიონული მთავრობების დახმარებაა, იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებები რეგიონულ დონეზე ჩაატარონ. 

დავით დომუზაშვილი

„ჩვენი პროექტი მოიცავს საქართველოს CO2-ის ემისიების რეგიონალიზაციას. ანუ საქართველოს მიერ გამოყოფილი CO2 და სხვა სათბურის გაზები დავყავით საქართველოს რეგიონების მიხედვით. პროექტის მთავარი მიზანი არის ჩავრთოთ ლოკალური მთავრობები კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრაში, რადგან ჩვენი აზრით, ძალიან დიდი ძალა არის დაკარგული იმაში, რომ მარტო ნაციონალურ დონეზე ხდება კლიმატის ცვლილების მონაცემების შეგროვება და დამუშავება. მთელ მსოფლიოში, CO2-ის ემისიების მონაცემები არსებობს მხოლოდ ნაციონალურ დონეზე. ჩვენი აზრით, ყველა ქვეყანას შეუძლია საკმაოდ მარტივად, ჩვენი პროექტის მსგავს პროგრამაში, თუ არა იგივეში, ჩასვას საკუთარი მონაცემები და ამით დათვალოს საკუთარი რეგიონალიზებული „დატა“. ამის შედეგად ყველა ლოკალურ მთავრობას შეეძლება განახორციელოს კლიმატის ცვლილების მონიტორინგი ლოკალურ დონეზე. ჩვენი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს დავით დომუზაშვილი.

The2Degrees-ის მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტი წარმოადგენს ვებაპლიკაციას, რომელიც ეყრდნობა მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. როგორც დავით დომუზაშვილი გვიყვება, სისტემის შესაქმნელად გამოიყენეს როგორც NASA-ს სატელიტური მონაცემები, ასევე ადგილობრივი სტატისტიკები. ამ ეტაპზე კი, საქართველოს ყველა რეგიონის ემისიების სტატისტიკა კილოტონა CO2-ის ექვივალენტში უკვე დათვლილია.

„ჩვენ გვჯერა ინფორმირებული კანონების შექმნის. ჩვენი აზრით, პირველი, რასაც უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკოსი/ლიდერი კანონის მიღებისას არის საკუთარი სტატისტიკა და არა მსოფლიო ტენდენციები. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ზუსტი სტატისტიკების ცოდნა, რადგან ამის გარეშე კლიმატის ცვლილებას ვერ შევაჩერებთ“, – ამბობს დავით დომუზაშვილი.

მეორე ადგილზე გასული გუნდი The2Degrees SECTOR 3 განვითარების ჰაბისგან 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა, ხოლო კომპანია EDISON-მა მათ არდუინოს კომპლექტი გადასცა. სხვა მხრივ კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცა გუნდის თითოეულ წევრს ( ვაუჩერით სარგებლობას ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ). თქვენ კი The2Degrees-ის პროექტის გაცნობა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ. 

გარდა ორი გამარჯვებულისა, საქართველოში NASA Space Apps Challenge-ის 4 წლიან ისტორიაში პირველად გამოვლინდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდები. „ილიაუნიმ შეარჩია ორი გუნდი, რომელთა თითოეული წევრი დაჯილდოვდა 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით. იმავე დროს, ერთ-ერთი რჩეული გუნდი გახდა ჰაკათონის გამარჯვებული. ილიაუნის რჩეული გუნდების შერჩევის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო, თუ რამდენად კარგად იყენებდნენ ეს გუნდები ნასას მიერ პარტნიორებთან ერთად მოწოდებულ მონაცემებს და განვითარების როგორი სამომავლო პერსპექტივა აქვს გუნდს“, – ამბობს ნანა დიხამინჯია.

გარდა Fire Detecrot-ისა, რომელზეც ზემოთ მოგიყევით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა გუნდმა Carbonodetectors. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ივანე კალატოიშვილი და ტუკაზბან ისაკანდაროვა. პროექტის ფარგლებში, გუნდის წევრებმა შექმნეს ინდივიდუალური ნახშირორჟანგის გამოყოფის კალკულატორი. ვებაპლიკაცია მომხმარებელს შეკითხვებს უსვამს ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რათა გამოთვალოს მომხმარებლის მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა. ამასთან, აპლიკაცია ინახავს მონაცემებს, რომლებითაც ავტომატურად ავსებს შეგროვებულ მონაცემებში გამოტოვებულ დეტალებს.


აღსანიშნავია, რომ NASA Space Apps Challenge მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წელს ჰაკათონს ჰქონდა 25 გამოწვევა 6 კატეგორიაში: დაკვირვება, ინფორმირება, შენარჩუნება, შექმნა, დაპირისპირება, დაკავშირება. 

ავთანდილ მღებრიშვილი

„როგორც იცით, წლევანდელი ჰაკათონი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.  მოგვიწია სპიკერების, მენტორებისა და მონაწილეების ერთმანეთთან სხვადასხვა ონლაინ პლატფორმით დაკავშირება. საერთო ჯამში, ვფიქრობ, დისტანციის მიუხედავად, კომუნიკაცია ძალიან მარტივად შედგა და ხელი არ შეუშლია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ვირტუალურმა გარემომ, შეიძლება ითქვას, ხელიც კი შეგვიწყო პროექტში წარმატებით ჩაგვერთო ისეთი საერთაშორისო დონის სპიკერები და მენტორები როგორებიც არიან: კომპანია Apple-ის ტექ ლიდერი მიხეილ წიკლაური, GEN Space-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტეფან რეკი, მონაცემთა მეცნიერი და NASA–ს Datanaut – თამარა კოლიადა და სხვა“, – გვიყვება ავთანდილ მღებრიშვილი, ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.

რაც შეეხება იმას, თუ რა ელოდებათ გამარჯვებულ გუნდებს, ავთანდილ მღებრიშვილი გვპასუხობს, რომ მათ გლობალურ ასპარეზზე მოუწევთ ბრძოლა და აქ უკვე მათ NASA-ს წარმომადგენლები შეაფასებენ. ფინალში გასვლის შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის კოვიდვითარება გაუმჯობესდება, გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა გაემგზავრონ NASA-ში და აქტიურად შეუდგნენ პროექტის განხორციელებას.  

საქართველოში ჩატარებული ჰაკათონის ფარგლებში კი 17 გუნდს ადგილობრივი ჟიური აფასებდა, რომელიც შედგებოდა სფეროს სპეციალისტებისგან: მარიამ შარანგია (Head of Strategic Development Department at Georgia’s Innovation and Technology Agency), ნინი რეხვიაშვილი (ბიალინის PR მენეჯერი), ნანა დიხამინჯია (ილიაუნის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი და ვიცე-რექტორი), ქეთევან ჩაჩავა (Steering Committee Member of the World Movement for Democracy, Founder and Chairwoman of სექტორი 3 • Sector 3, Executive director of the Center for Development and Democracy) და ნინო მაჭარაშვილი (ფორსეტის დირექტორი და დამფუძნებელი, DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელი).

დასასრულს კი, ილიაუნის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორსა და ვიცე-რექტორს მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით, ასევე, Apps Challenge Tbilisi 2020-ის ჟიურის წევრს – ნანა დიხამინჯიას ვთხოვეთ, შეეფასებინა წლევანდელი ჰაკათონი და მასში მონაწილე გუნდების პროექტები. ასევე, ვკითხეთ, რამდენად არსებობს შანსი რომ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტები რეალურად განხორციელდეს:

„ამ პროექტს ჩვენ უკვე მე-4 წელია ვახორციელებთ Startup Bureau-სთან ერთად. ზოგადად, ამ ტიპის ჰაკათონების ონლაინ ჩატარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მაინც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. წარმოდგენილი იდეები იყო საინტერესო, მონაწილეებმა მოისმინეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლექციები, მიიღეს რჩევები საერთაშორისო გამოცდილების მენტორებისგან და ბევრი გუნდი აპირებს ამ იდეებზე მუშაობის გაგრძელებას, რაშიც მათ ილიაუნის ფაბლაბი და Zoomout პრეაქსელერატორი დაეხმარებათ. უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი გლობალური პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. რადგან ისინი მუშაობენ მსოფლიოს რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე. საქართველოდან შერჩეულ ორივე გუნდს აქვს შანსი, კარგად წარსდგეს გლობალურ ჰაკათონზე და მიიღოს მნიშვნელოვანი გამოცდილება“, – ამბობს ნანა დიხამინჯია.

IT კომპანიები შეძლებენ, საერთაშორისო სტატუსი მიიღონ და ნაკლები საშემოსავლო და მოგების გადასახადი გადაიხადონ

დილის 5 საათზე დაბადებული იდეა, რომელიც “კომფორტერად” იქცა