თანამედროვე სამყაროსთვის ხანძრები არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, რასაც დიდწილად გლობალურ დათბობასა და ჩვენსავე დაუდევრობას უნდა „ვუმადლოდეთ“… რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ფაქტია, რომ მეხანძრე-მაშველები ჩვენ გამო საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. ამჯერად კი მათი დახმარება მეცნიერებმა გადაწყვიტეს — მოკლედ რომ ვთქვათ, ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს, რომელსაც ცხელ წერტილში პირველი მისვლა შეუძლია.
FireDrone კამერებითა და სენსორებით არის აღჭურვილი, რითაც მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მაშველებს ხანძრის კერების შესახებ. მეტიც, აჩვენებს, სად იმყოფებიან ადამიანები… ხანძრის ადგილიდან შეგროვებული მონაცემები კი, იქნება ეს ტყე თუ შენობა, მეხანძრეებს სტრატეგიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.
მართალია, საფრენ აპარატებს მსგავს შემთხვევებში უკვე ვიყენებთ, ვიღებთ აეროფოტოებს ან ცათამბჯენების შემთხვევაში წყლის ჭავლებს გადავაადგილებთ, მაგრამ აქამდე მსგავს დრონებს ცეცხლთან ასე ახლოს მისვლა არ შეეძლო — აქ მის შუაგულშიც კი შეუძლია აღმოჩნდეს…
ბუნებრივია, ამ ამოცანის შესასრულებლად დრონის დამზადება ისეთი მასალისგან გახდა საჭირო, რომელიც დაიცავდა მის შიდა ნაწილს ძრავის, ბატარეების და სენსორების ჩათვლით. შედეგად, Empa-ს მეცნიერებმა საიზოლაციო მასალასთან სინთეზირებით ულტრა მსუბუქი აეროგელი შექმნეს, რომელსაც შეუძლია, მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და ასე დრონის ცეცხლგამძლე ექსტერიერი შემოგვთავაზოს.
FireDrone-ის დიზაინი კი გარეული ცხოველებითაა შთაგონებული: პინგვინები, არქტიკული მელა და ისინი, ვისაც ხშირად უწევს თავის დაცვა ექსტრემალური ტემპერატურისგან. ყველა ამ არსებას ერთი რამ აერთიანებს და ეს დამცავი თერმორეგულაციაა. სწორედ ამიტომ ვხვდებით მას დრონშიც.
რაც შეეხება ცეცხლგამძლე საფრენი აპარატის რეალურად გამოცდას, როგორც ამბობენ, ექსპერიმენტები ძალიან წარმატებული იყო. ჩაშენებულმა გაგრილების სისტემამ მას საშუალება მისცა, ხანძრებს დაზიანების გარეშე გამკლავებოდა. ახლა კი მეცნიერები დრონის უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე გამოცდას განიხილავენ…
„დრონების გამოყენებას ხშირად გარემო ფაქტორები ზღუდავს, მათ შორის ექსტრემალური ტემპერატურებიც. FireDrone-ით კი ჩვენ სწორედ იმ გზას ვაჩვენებთ, რომლითაც მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ დრონების გამოყენების მომავალს ექსტრემალურ პირობებში“, — აცხადებს მირკო კოვაჩი, Empa-დან.












