in

რეგიონული ბიზნესის დიდი შესაძლებლობები – FIREFLIES წელს აჯამებს და 2024 წელს ბიზნესის სტრატეგიულ მხარდაჭერას გვპირდება

გასული წლის შეჯამებასა და 2024 წლის გეგმებს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია FIREFLIES-ის ხელმძღვანელი ანი მიხანაშვილი გვიზიარებს.

როგორც ვიცით, Fireflies აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარების მიმართულებით, რატომ აირჩიეთ რეგიონები თქვენს მთავარ სამიზნე სეგმენტად?

რეგიონული ბიზნესის განვითარების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რეგიონებში ძალიან დიდი პოტენციალია, თუმცა, სამწუხაროდ, დამწყებ ბიზნესლიდერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ბიზნესის განვითარების გზებზე, ინვესტიციების მოზიდვისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე. ძირითადი პრობლემა, რასაც რეგიონებში ვაწყდებით ხოლმე, არის ის, რომ მწარმოებლებს სჭირდებათ დახმარება მენეჯმენტისა და ბიზნესის სტრატეგიული მართვის მიმართულებით, ამ დახმარების არარსებობა კი თავისთავად აფერხებს მათი განვითარების ტემპს. ტემპის ასაჩქარებლად საჭიროა მათი მხარდაჭერა და ბიზნესზე მორგებული სწორი და ეფექტიანი სტრატეგიული გეგმის შექმნა. ჩვენი მიზანი სწორედ ბიზნესის მმართველებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, ამ ყველაფერთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს მივაწოდოთ საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ, იქნება ეს სახელმწიფო თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნის აგრო სექტორი დგას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის აგროსექტორს დიდი პოტენციალი აქვს ექსპორტზე გასვლის, საკმარისი ინფორმაციის არქონის გამო, ხშირად ამ მიმართულებით აგრობიზნესი წარმატებით ვერ მუშაობს. საექსპორტო ბაზრები სხვა ტიპის გამოწვევებს უყენებენ მწარმოებლებს, ეს შეიძლება ეხებოდეს ხარისხის სტანდარტებს, პროდუქტის სათანადოდ შეფუთვას, რაც ხშირად პატარა წარმოებებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ვფიქრობ, მთავარი პრობლემა ამ ყველაფერზე ინფორმაციის მიღების მცირე შესაძლებლობებია. ჩვენი კომპანია დაარსების დღიდან რეგიონებში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. გასულ წელს წარმატებით განვახორციელეთ ორი მასშტაბური რეგიონული ფორუმი გორში და თელავში. ფორუმებმა გვაჩვენა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებებსა და ჩვენს მხარდაჭერას. მოთხოვნიდან გამომდინარე, ფორუმების სერია 2024 წელსაც გაგრძელდება.

რომელი აგრო მიმართულებებია დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული და პერსპექტიული?

რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად თითქმის ყველა რეგიონთან გვქონდა შეხება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, პოტენციალი თითქმის ყველა მიმართულებას აქვს, უბრალოდ, საჭიროა ხელშეწყობა და სწორი ბიზნესსტრატეგია. იმისთვის, რომ მკაცრი კონკურენციის პირობებში საქართველოს აგროსექტორმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს როგორც ადგილობრივ, ასევე მსოფლიო ბაზარზე, საჭიროა, რომ ის აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ აუცილებელია მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარება.

ცალკეულ რეგიონებს რაც შეეხება, კახეთის რეგიონში ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მევენახეობა ყველაზე გავრცელებული საქმიანობაა. თუმცა, გასულ წელს ღვინის კომპანიის გარდა, კახეთში ვიმუშავეთ ძალიან საინტერესო ბრენდთან, რომელიც იდეალურად ასახავს ტრადიციული პროდუქტის განვითარების გზას, რომელსაც საბოლოოდ ინოვაციურ პროდუქტამდე მივყავართ. ეს არის „ცივის ყველი“, ბრენდი, რომელიც სხვადასხვა უნიკალური გემოს მქონე ყველს აწარმოებს, როგორებიცაა ტარხუნა, წიწაკა, საფერავის ღვინო და ა.შ. ზოგადად, ინოვაციურ და გამორჩეულ ბრენდებთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნოა ჩვენი გუნდისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონები არა მხოლოდ ბუნებრივი რესურსებითაა მდიდარი, არამედ სავსეა საინტერესო იდეებითა და ინოვაციური პროდუქტებით. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია MEADOW, ახალი ბრენდი რაჭიდან, რომელიც საქართველოში პირველად აწარმოებს თაფლის ღვინოს.

 უკვე გამოცდილ ბრენდებთან თანამშრომლობისას რა ძირითადი მიგნებები გაქვთ?

არიან ბრენდები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ, საკუთარი გამოცდილებითა და ინტუიციით ქმნიან და მართავენ თავიანთ ბიზნესს, რაც, რა საკვირველია, უდიდეს შრომას მოითხოვს და დასაფასებელია, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მათ მაინც სჭირდებათ ხოლმე ჩვენი დახმარება, შეიძლება ეს იყოს უკეთესი სტრატეგიის შექმნაში, ან ბრენდის იდენტობის უკეთ გამოხატვაში. ამიტომ, უკვე გამოცდილი ბრენდები მოგვმართავენ იმისთვის, რომ დავხვეწოთ, ან თავიდან განვსაზღვროთ ბრენდის იდენტობა, ისე, რომ პროდუქტისა და მისი შემქმნელის ღირებულებები და ხასიათი მაქსიმალურად დავაახლოოთ ერთმანეთთან. ამის კარგი მაგალითია „ბიმბილი“, ოჯახური მეღვინეობა რაჭიდან, მათ ბრენდში აუცილებელი იყო აგვესახა პროდუქტის ხასიათი, ოჯახური მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიცია და კავშირი რაჭასთან. ბრენდის სწორად ჩამოყალიბება უკვე არის უდიდესი ნაბიჯი მისი წარმატებისთვის.

2024 წლის გეგმებზე რას გვეტყვით, რომელი მიმართულებები იქნება ამ წელს პრიორიტეტული თქვენი კომპანიისთვის?

რეგიონულ ბიზნესთან თანამშრომლობას, რა საკვირველია, ისევ ვაგრძელებთ. ამ ეტაპისთვის ბიზნეს ფორუმი უკვე დაგეგმილი გვაქვს რაჭაში და გვსურს, რომ წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ, ასევე აქტიურად ვმუშაობთ რეგიონების სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნაზე, რაც გაგვიმარტივებს სხვადასხვა ინდუსტრიებთან მუშაობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც შევთავაზებთ რეგიონებს იქნება პრე-აქსელერაციის პროგრამა. ჩვენი პრე-აქსელერაციის პროგრამის მთავარი მიზანია, რომ აღმოაჩინოს და წაახალისოს აგრო მიმართულებით არსებული პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული იდეები, დაეხმაროს მათ გადაიქცნენ რეალურ პროდუქტად და ფუნქციურ ბიზნესად.

გასულ წელს კიდევ უფრო გავააქტიურეთ HR აუთსორსინგის მიმართულება, ამ მიმართულებით მომსახურების მოთხოვნა თანდათან იზრდება, რაც ძალიან გვახარებს, რადგან რაც უფრო მეტი მოწესრიგებული და გამართული ორგანიზაცია იარსებებს ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ იმ ხარისხს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ზოგადი წარმატებისთვისა და განვითარებისთვის. 2024 წელს ამ მიმართულებითაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება საგანმანათლებლო სფეროშიც.

[პარტნიორის კონტენტი]

2024 წელს „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი” 2 ახალი ფილიალით ხვდება

Microsoft-მა კლავიატურას ახალი ღილაკი დაამატა!