Firefox თავის იდენტობას ახალ, უფრო გამოკვეთილ ხასიათს სძენს – ცნობილ მელიას ახლა „კუდიც“ ემატება. ის არა მხოლოდ ახალ სახეს იღებს, არამედ უკვე ნამდვილი სახელიც აქვს. ბრაუზერი, რომელიც თავის ბრენდს ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის აახლებს, წარადგენს Kit-ს, მასკოტს, რომელიც მის „privacy-first“ (პირადი მონაცემების დაცვაზე ორიენტირებულ) გზავნილს უფრო ცოცხლად წარმოაჩენს.
Mozilla-მ Firefox-ის განახლებული ბრენდინგი წარადგინა და Kit-იც მისი ნაწილია, რომელიც კომპანიის მრავალწლიანი ფოკუსის: კონფიდენციალურობისა და მომხმარებლის კონტროლის სიმბოლოა. ეს იმ დროს ხდება, როცა ხელოვნური ინტელექტი და ალგორითმებზე დაფუძნებული სისტემები სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ადამიანების ურთიერთობას ინტერნეტთან.
ბრენდის განახლება ეყრდნობა Firefox-ის ისტორიულ მისიას – იყოს ალტერნატივა დომინანტ ტექნოლოგიურ პლატფორმებთან, რომლებიც დიდწილად მონაცემთა შეგროვებაზეა დამოკიდებული. ონლაინეკოსისტემების ცენტრალიზაციის ზრდის ფონზე, Mozilla კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობას, ამახვილებს ყურადღებას ინსტრუმენტებზე, რომლებიც ზღუდავს ტრეკინგს, ამცირებს მომხმარებლის პროფილებად დაყოფას და აძლევს მათ მეტ კონტროლს საკუთარ მონაცემებზე. AI-ფუნქციების დამატებაც ამ მიდგომას ასახავს – მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, გამოიყენონ თუ არა და როგორ ინტეგრირდეს ეს შესაძლებლობები მათ ბრაუზერში.
ახალი მასკოტი Kit ეფუძნება უკვე ცნობილი მელიის ვიზუალს, რომელიც ამ ბრაუზერთან ასოცირდება. თუმცა სრულიად ახალი პერსონაჟის შექმნის ნაცვლად, Mozilla-მ არსებული ვიზუალური იდენტობა განავითარა და ის პერსონაჟად აქცია, რომელიც ონლაინგარემოში დაცვასა და თანადგომას განასახიერებს. მისი მიზანია ბრენდი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს და, ამავდროულად, გაუსვას ხაზი მის როლს, როგორც „დამცველს“ რთულ ციფრულ სამყაროში.
განახლებული იდენტობა შეიქმნა მომხმარებელთა აღქმის კვლევის საფუძველზე. კომპანიის განცხადებით, ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერთა პალიტრა და მელიის სიმბოლო, კვლავ ცენტრალურ როლს ასრულებს ცნობადობაში. განახლება ამ ელემენტებს უფრო ერთ სისტემად აერთიანებს, რათა ბრენდი თანმიმდევრული იყოს როგორც მარკეტინგში, ისე პროდუქტში.
ახალი კამპანია, სლოგანით “More Fire. More Fox”, მიუთითებს უფრო თამამ და თავდაჯერებულ ტონზე. Firefox აღარ არის მხოლოდ ფუნქციური ბრაუზერი – ის არის ბრენდი, რომელსაც აქვს მკაფიო პოზიცია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ინტერნეტი. ეს პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ინფორმაციის ნაკადს რამდენიმე დიდი კომპანია აკონტროლებს.
Kit ასევე ასახავს უფრო ფართო ტენდენციას ციფრულ ბრენდინგში, სადაც მასკოტები გამოიყენება პროდუქტების „გაადამიანურებისთვის. პერსონაჟის უფრო აქტიური გამოყენებით ინტერფეისებსა და კომუნიკაციებში, Mozilla ცდილობს შექმნას უფრო ცნობადი და ახლობელი იმიჯი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ონლაინგარემო სულ უფრო ავტომატიზებული ხდება.
ახალი იდენტობის დანერგვა გაგრძელდება 2026 წლის განმავლობაში და განახლებები ეტაპობრივად აისახება Firefox-ის ყველა პროდუქტსა და საკონტაქტო წერტილზე.













