7
May
2019

როგორია ფიროსმანის ციფრული გარდერობი?

7 May 2019

ფიროსმანის ნამუშევრები და გრაფიკული დიზაინი ერთმანეთს პროექტის “ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში შეხვდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა მხატვრის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ფიროსმანის ნახატების მიხედვით, ტანსაცმლის გარდერობის ციფრული ვერსია გრაფიკოსმა დიზაინერმა თათია კობერიძემ შექმნა.

თათია კობერიძე: “ეროვნული მუზეუმისა და ჯეოლაბის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საშუალება მომეცა ნიკო ფიროსმანის მხატვრობის 21-ე საუკუნის ციფრულ სამყაროსთან ადაპტაციის იდეებზე მეფიქრა. სანამ კონკრეტულ დავალებებზე მუშაობას დავიწყებდი, პროექტის ავტორმა მაიკო ჯამბაზიშვილმა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეულად გასაცნობად, მუზეუმში დაგვპატიჟა. იქ, ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ეკა კიკნაძემ ინფორმაციული შეხვედრით გვიმასპინძლა. სწორედ იქიდან გამიჩნდა, იდეა ფიროსმანის ნახატების ინსპირაციით, შემექმნა ტანსაცმლის ილუსტრირებული გარდერობი. ამიტომ, ფიროსმანის თანამედროვე თბილისის მოდას ციფრული სახე მივეცი და მხატვრობას ვექტორი გრაფიკული დიზაინისკენ შევუცვალე. “ფიროსმანის გარდერობი” 24 ილუსტრაციისგან შედგება. თითოეული დეტალი რეალური პერსონაჟების სამოსის მიხედვითაა შექმნილი. დიდი დაინტერესება იყო უცხოელი ბლოგერისგან, რომელიც დიზაინის სფეროში გამორჩეულ ნამუშევრებზე წერს. ინტერვიუს სახით ვუამბე ჩვენი ქვეყნისა და ჩემი პროექტის იდეოლოგიაზე. ბოლოში თან დავურთე – ,,დიზაინერი ნიკალას ქვეყნიდან.” ფიროსმანის, როგორც მხატვრის, გენიალობა სწორედ შემდგომში მდგომარეობს – მისი შექმოქმედება შეიძლება იქცეს ახალი იდეების შთაგონების წყაროდ და თანამედროვეობის უდიდეს აღმოჩენად. ეს პროექტი ჩემი მცირედი წვლილი იქნება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და კერძოდ ნიკო ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციის პროცესში.”

განხილვა