ასტრონავტების პირველი კერძო ეკიპაჟი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ეწვია, უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. ამ ვოიაჟისთვის გუნდმა Crew Dragon-ის კოსმოსური ხომალდი გამოიყენა, ორბიტაზე გადასაყვანად კი SpaceX-მა ეკიპაჟი რაკეტა Falcon 9-ითაც უზრუნველყო.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა დედამიწაზე. ვიმედოვნებთ, ისიამოვნეთ კოსმოსში რამდენიმე დღის გატარებით“, — სწორედ ეს ხმოვანი შეტყობინება მიიღეს ეკიპაჟის წევრებმა ორკვირიანი კოსმოსური თავგადასავლის შემდეგ. მართალია, წინასწარი გათვლებით, კერძო მისია ერთ კვირამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ამინდის მოულოდნელმა გაუარესებამ ვადა ოდნავ გაახანგრძლივა.
გუნდს მაიკლ ლოპეს-ალეგრია, NASA-ს ყოფილი ასტრონავტი ხელმძღვანელობდა. იგი ამჟამად Axiom Space-ის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. ხმელეთზე წარმატებით დაბრუნების შემდეგ ეკიპაჟის წევრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და NASA-ში გაგზავნეს, უფრო დეტალური სამედიცინო შემოწმებისთვის.
„ყველა მშვენივრად გამოიყურება და კარგად გრძნობს თავს. მათ ნამდვილად ამაღლებული განწყობა აქვთ“, — აღნიშნა Axiom-ის დირექტორმა, დერეკ ჰასმანმა.
პირველ კერძო მისიას NASA-ს და Axiom-ის წარმომადგენლები კომერციული კოსმოსური საქმიანობის უახლეს გაფართოებას უწოდებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული მისიით ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს — მათ „უბრალო“ ეკიპაჟის სათანადოდ მომზადება შეუძლიათ. „ეს ამტკიცებს, რომ ახალი გზა არსებობს დედამიწის დაბალ ორბიტაზე მისასვლელად“.
მართალია, წარსულში ISS-ზე რამდენიმე კერძო პირის ვიზიტი განხორციელდა, მაგრამ უახლეს მისიას ის გამოარჩევდა, რომ პირველი იყო სრული კომერციული გუნდით. ეკიპაჟმა ორბიტაზე ჩასატარებლად 25 სამეცნიერო და ბიოსამედიცინო ექსპერიმენტი წაიღო.