in

ისტორიაში პირველი სატელევიზიო რეკლამისთვის 9 დოლარი გადაიხადეს

დღეს თუ ფილმების ან სატელევიზიო გადაცემების ყურებისას სარეკლამო ჭრა დიდად არ გსიამოვნებთ, ან თუნდაც, კონკრეტული რეკლამის დაკავშირება თქვენს ბავშვობასთან შეგიძლიათ, ამაში პირველი სატელევიზიო რეკლამის ავტორები უნდა დაადანაშაულოთ. თუმცა, ფაქტია, რომ სატელივიზიო სივრცეში რეკლამების გაშვებამ როგორც ბიზნესზე, ისე დანარჩენ სექტორებზე დიდი გავლენა მოახდინა. 

1941 წლის 1 ივლისს, 14:29 საათზე, აშშ-ში ტელევიზორის ეკრანებზე პირველი სატელევიზიო რეკლამა გამოჩნდა, რომელიც მცირე გრაფიკულ გამოსახულებასა და ხმას აერთიანებდა. თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კომერციული ლიცენზია 10 ტელევიზიას მისცა. მანამდე კი ნებართვის გარეშე სარეკლამო ექსპერიმენტებს Procter & Gamble და General Mills ატარებდნენ.

 

 

ლიცენზიის ძალაში შესვლის პირველივე დღეს კი ისტორიაში პირველი ლეგალური კომერციული სატელევიზიო რეკლამა გავიდა. ეს ნიუ-იორკში დაარსებული საათების კომპანიის Bulova Watches-ის რეკლამა იყო. კომპანია დღემდე ფუნქციონირებს, რაც, თუ მათ ინოვაციებისკენ მიმართულ ხედვას გავიხსენებთ, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს. 

საინტერესოა, რეკლამის განთავსების დროც — იგი ბრუკლინისა და ფილადელფიის გუნდებს შორის ბეისბოლის მატჩის დაწყებამდე გავიდა, ზუსტად მაშინ, როცა ტელევიზორთან ბევრი ადამიანი იყო. როგორც ამბობენ, რეკლამა 4 000-მა ადამიანმა ნახა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ იმ დროისთვის ტელევიზორი ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს ჰქონდა, ეს საუკეთესო მაჩვენებლადაც უნდა ჩავთვალოთ — რეკლამა თითქმის იმდენმა ადამიანმა ნახა, რამდენი ტელევიზორიც იყო ქვეყანაში.

რაც შეეხება რეკლამის ბიუჯეტს, იგი 9 დოლარს უდრიდა, საიდანაც 4 დოლარი საეთერო დროსთვის იყო განკუთვნილი. ნეტავ, მაშინ თუ იფიქრებდნენ, რომ Super Bowl-ზე 30 წამიანი რეკლამის გაშვება 6.5 მილიონი ეღირებოდა… Bulova-ს რეკლამა კი ნიუ-იორკში NBC-ის მფლობელობაში მყოფ ადგილობრივ არხზე — WNBT გავიდა. მეტიც, ეს იყო ერთადერთი არხი, რომელმაც რეკლამა ლიცენზიის ამოქმედების დღესვე გაუშვა. 

პირველი კომერციული სატელევიზიო რეკლამა 9 წამი გრძელდებოდა. შავ-თეთრ რეკლამაში ვხედავთ რუკას, რომლის ცენტრშიც საათი წარწერებით BULOVA და Clock Time არის გამოსახული. აქ სიჩუმის შუმების ხმასაც გაიგებთ, რეკლამის შუაში კი რადიოს დიქტორის რეი ფორესტის ხმა ისმის: America runs on Bulova Time

შესაძლოა, ყველაფერი საკმაოდ მარტივად გეჩვენებათ, თუმცა საათების კომპანიამ ინდუსტრიაში რევოლუციის მოხდენა ნამდვილად მოახერხა. თანაც, ფაქტია, რომ Bulova-ს რეკლამამ საფუძველი რეკლამების ოქროს ხანას ჩაუყარა.

უფრო მარტივი, სწრაფი და ციფრული ავტოდაზვევა – თიბისი დაზღვევის აპი

ნახეთ: როგორია მსოფლიოში ყველაზე „გამხდარი“ ცათამბრჯენი