უკვე არაერთხელ აღინიშნა რომ 2020 წელი მიუხედავად პანდემიის მდგომარეობისა, მუსიკალურად საკმაოდ ნაყოფიერი იყო. სახლში დარჩენილ უამრავი ადამიანს მოუნდა საკუთარი სათქმელის მუსიკის მეშვეობით გადმოცემა. მათ რიგებში მარკეტერის დღევანდელი რესპოდენტი, დიმიტრი შიუკაშვილი, რომელიც ბენდის, Fish Can Sing–ის ვოკალისტია. მცირე ცვლილებების შემდეგ, ბენდმა უკვე იპოვა გრძელვადიანი შემადგენლობა და 1 წლის განმავლობაში 4 სინგლი გამოაქვეყნა – პირველად მათ ცოცხლად მოსმენას კი ზაფხულში გურიაში, „ოდა ფესტივალზე“ შეძლებთ:
როდის დაარსდა თქვენი ბენდი და ვინ შედის მის შემადგენლობაში?
ჩვენი ბენდის (თევზების) იდეა 2020 წლის თებერვალში დაიბადა, როცა მე და გუგუა ქიაჩელის გავლით მოპირდაპირე ქუჩაზე ბლუზის მოსასმენად გადავდიოდით. საკმაოდ უცნაური პერიოდი იყო, ამიტომაც მე პირადად ამ წამოწყებას სერიოზულად არ შევხედე. ერთად ბევრი დაბრკოლება და ჭირ-ვარამი გამოვიარეთ. დავემშვიდობეთ ორ გიტარისტსა და ერთ დრამერს, თუმცაღა გვგონია, რომ ამჟამინდელი შემადგნელობა ჩვენი ბენდის მცირე ისტორიაში საუკეთესოა. ჯგუფში ვართ მე (დიმიტრი შიუკაშვილი) – ვოკალი, გიტარა; გუგუა გოგოსაშვილი – ვოკალი, გიტარა; ნიკა შარვაძე – ბასი და ლუკა ვენეცკი – დრამი, ბექ ვოკალი.
რატომ Fish Can Sing? რა დატვირთვას ატარებს ბენდის სახელი?
ბენდის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია, გვჭირდებოდა რაიმე მარტივი და „სადა“. მე და გუგუა ხშირად ვიკრიბებოდით ჩვენს მეგობართან წიგნის მაღაზიაში. ასობით ლამაზად შეფუთული წიგნი გვიყურებდა დამტვერილი თაროებიდან. უამრავი სახელი ვცადეთ და სამი საუკეთესოც შევარჩიეთ. თუმცა ისლანდიელი ავტორის, ჰალდორ ლაქსნესის „თევზის კონცერტი“ სულ სხვანაირად გვნუსხავდა. ვინაიდან და რადგანაც იმ დროისთვის ჩვენი ყველა სიმღერა ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი, სახელიც ამ წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანიდან ავიღეთ და ასე დაერქვათ თევზებს Fish Can Sing. წიგნი ჯერ არც ერთს არ წაგვიკითხავს, თუმცა ღრმად მწამს, რომ ამ ტექსტს ლიტერატურაში ღირსეული ადგილი უკავია (მადლობა ბატონო ჰალდორ).
ამ ბენდამდე თუ გქონიათ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილების გამოცდილება?
ამჟამინდელი ბენდის წევრები ყველანი (გუგუას გარდა) „Skimpers”-ში ვუკრავდით, საიდანაც ასე თუ ისე გამოცდილება გვაქვს დაგროვებული, ხოლო გუგუასთვის ეს პირველი პროექტია.
ვინ ახდენს მუსიკალურად თქვენს სტილზე გავლენას?
ასე კონკრეტულად არავინ და თან ყველა. ვერ ვიტყვი, რომ ყველას რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვაქვს, თუმცაღა თითოეულ წევრი სხვადასხვა მუსიკოსისგან იღებს ინსპირაციას. ჩემთვის ეს LCD Soundsystem, Franz Ferdinand, Elliot Smith, The Strokes და Mac Demarco-ა, გუგუასთვის Bob Dylan, John Frusciante, The Beatles, ნიკას Frank Zappa და Weather Report, ხოლო ლუკას Henry Rollins და Offspring. აქედან გამომდინარე მუშაობის პროცესი ბევრად საინტერესოა. ბენდის სახასიათო ჟღერადობა ჯერ ფაქტობრივად არ გვაქვს, რაზეც ვმუშაობთ და ეს ყოველივეც ალბათ შემდეგ სიმღერებში გამოიკვეთება.

როგორია კომპოზიციებზე მუშაობის პროცესი? საიდან იბადება იდეები და რა არის ძირითადი შთაგონების წყარო თქვენთვის
გვინდა, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საქმეს და ამიტომაც ყველანი ვცდილობთ რომ სიმღერაზე მუშაობა ბევრად პროდუქტიული გამოვიდეს. ამჟამინდელი შემადგენლობით კი მუშაობა ძალიან მარტივია, ერთობ საინტერესო და კომფორტული. მოგეხსენებათ ბენდში ორი სონგრაითერია, ამიტომაც დარწმუნებით ვერ ვიტყვი რა უტრიალებს ხოლმე გუგუას თავში, თუმცა იდეებსა და შთაგონებას რაც შეეხება, ძირითადად ყოველდღიურობა ბევრად ასახულია ჩვენს კომპოზიციებში, ვიდრე სხვა დანარჩენი. მე კონცენტრაციას ყოველთვის ადამიანურ ურთიერთიერთობებზე ვახდენ და ჩემთვის ამაზე წერა ყველაზე კომფორტული. სისულელეებზე წერაც გვიზიდავს, მაგრამ ეგ სხვა დროს იყოს.
გქონიათ აქამდე რომელიმე ღონისძიებაზე გამოსვლის შესაძლებლობა?
სამწუხაროდ არა. ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ბენდიც კოვიდთან ერთად შეიქმნა. წელს გურიაში „ოდა ფესტს“ გავხსნით, რაც საკმაოდ ამაღელვებელია ჩვენთვის.
ქართველი მუსიკოსებიდან ვინ მოგწონთ? ვისთან ისურვებდით კოლაბორაციას? თანამედროვე ქართულ მუსიკას ყველანი აქტიურად ვადევნებთ თვალს და ამიტომაც ჟანრიდან გამომდინარე დაზუსტებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ალბათ Tamada-სთან ერთად მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იქნება.
ჯერ მხოლოდ 4 სინგლი გაქვთ გამოცემული – აპირებთ ალბომის ან მინი ალბომის ჩაწერას?
ამჟამად ორ სინგლზე ვმუშაობთ, რომელიც ამ თვეში უნდა გამოვაქვეყნოთ. ალბომზე ლაპარაკი რამდენიმეჯერ გვქონდა. როგორც ვახსენე ბენდის ჟღერადობა ჯერჯერობით შერჩეული არ გვაქვს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ, თუმცაღა ვგონებ რომ სექტემბრიდან მინი-ალბომზე მუშაობა უკვე დაწყებული გვექნება.