ალბათ, შეგვიძლია, საკმაოდ თამამად ვთქვათ, რომ „მეგობრები“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიტკომად იქცა — 90-იანი წლების ამერიკული ამბები, დრამითა და კომედიით გაჟღენთილი ახალგაზრდული თავგადასავლები ყველასთვის ნაცნობ ამბებად მოგვევლინა, პერსონაჟებთან საკუთარი თავების იდენტიფიცირებაც კი დავიწყეთ. სხვა თუ არაფერი, სიტკომის მთავარი გმირები რეალურ პიროვნებებად აღიქვა საზოგადოებამ და „მონიკას ეროვნული დღეც“ კი დააწესეს…
სწორედ ამ უკანასკნელის პატივსაცემად და აღსანიშნად შექმნა Fisher-Price-მა სათამაშო ფიგურების ნაკრები. აქ შეხვდებით შეფ-მზარეულის ფორმაში გამოწყობილ მონიკას, ტყავის შარვლიან როსს, Central Perk-ის წინსაფრიან რეიჩელს, იხვითა და ქათმით გარშემორტყმულ ჩენდლერს, უამრავ პერანგში გამოწყობილ ჯოუის და ფიბის, თავისი საკულტო გიტარით.
ყუთზე კიდევ რამდენიმე მითითებაა გამოსახული, მათგან ყველაზე შესამჩნევი ცნობილი შადრევანი და მონიკას ბინაა. თქვენ ასევე იპოვით რეიჩელის სფინქსის კატას, მაიმუნ მარსელს და პოლიციის სამკერდე ნიშანს, რომელსაც ფიბი პოულობს და ინახავს.