in

რეკლამები, რომელთა უკანაც თაღლითური სქემა დგას – ფიშინგის მაგალითები

სოციალურ ქსელებში ყველანი დიდ დროს ვატარებთ და ალბათ მინიმუმ ერთხელ მაინც შეგვხვედრია ისეთი სარეკლამო პოსტი, სადაც გვპირდებიან დასაქმებას, მოკლე დროში და მცირე ინვესტიციით დიდ შემოსავალს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთავაზებების რეალურობა იმთავითვე საეჭვოდ ჟღერს, ყველაფერი იმდენად დამაჯერებელია და ისეთი მაცდურიც, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამ ყველაფერს კი ისინი თაღლითურ სქემამდე, ე.წ. ფიშინგამდე მიჰყავს, რაც მათ საბოლოოდ ფინანსურად აზარალებთ. 

ფიშინგი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრობლემაა, ხოლო მასთან ბრძოლა დიდი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის – გამოწვევა. აუცილებელია, თითოეული ადამიანი ინფორმირებული იყოს, როგორ დაიცვას თავისი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელში, რა მეთოდებით ამოიცნოს ცრუ შეთავაზება და როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან ტყუილი და სიმართლე. 

ეს სტატია სწორედ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. თხრობა უფრო მეტად გასაგები და მარტივად აღქმადი რომ იყოს, კონკრეტულ სიტუაციას მიმოვიხილავთ და პირობითად ავიღებთ გამოგონილ პერსონაჟს, რომლის უკანაც რეალური ისტორია დგას. 

ამბავი ერთ ინტერნეტმომხმარებელზე

ერთ საღამოს რიგითი ინტერნეტმომხმარებელი, ჩვეულებრივ, სოციალურ ქსელებს სქროლავდა, სადაც, ერთი შეხედვით, მიმზიდველ განცხადებას წააწყდა, სადაც მცირე ბიუჯეტის ჩადებით დიდი მოგების მოპოვებას ჰპირდებოდნენ. მან დააწკაპუნა შეთავაზებას, რის შედეგადაც მეორე მხარე დაუკავშირდა და საკმაოდ „სარფიანი” წინადადებებით ეცადა, დაეყოლიებინა ინვესტიციის ჩადებაზე აქციებით ვაჭრობაში. ამ წინადადების უკან ე.წ. ფროდსტერი იდგა, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელს AnyDesk-ის გადმოწერა ურჩია. ამ აპლიკაციის მეშვეობით, ფროდსტერი დახმარებას დაჰპირდა ტექნიკური საკითხების გარკვევაში, სინამდვილეში კი ინტერნეტმომხმარებლის მოწყობილობაზე სრული წვდომა მიიღო, რის მერეც მისი ანგარიშიდან თანხა მოხსნა და დააზარალა ადამიანი.

ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა მრავალთაგან, თუმცა სქემა ძირითადად ამ პრინციპით მუშაობს. შეიძლება სოციალურ ქსელში ამის მსგავსად ამოგიგდოთ რაიმე გათამაშების რეკლამა ან დასაქმების ვაკანსია. ისიც შესაძლებელია, რომ ფროდსტერი Whatsapp-ის ან Viber-ის მეშვეობით დაგიკავშირდეთ და AnyDesk-ის მსგავსი აპლიკაციის გადმოწერა გთხოვოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელი ერქმევა ამ აპლიკაციას, მთავარი ისაა, რომ იცოდეთ – არასოდეს უცხო ადამიანებს არ მისცეთ წვდომა საკუთარ მოწყობილობაზე. თუ ისინი ამას დაჟინებით მოითხოვენ, ესე იგი, დიდი ალბათობით ინტერნეტთაღლითობასთან გაქვთ საქმე და უნდა გაფრთხილდეთ. 

ბევრი დაზარალებული იმასაც ჰყვება, რომ იგი დაარწმუნეს, თითქოს გადარიცხვა თვითონვე გააკეთა. ისინი მხოლოდ მაშინ მიხვდნენ თაღლითობას, როცა დრო გავიდა და დაპირებული მოგება ვერ მიიღეს. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ფროდსტერი დაზარალებულს შანტაჟის მეშვეობით არიცხვინებდა თანხას და ემუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგულ ზარალს არ დაუბრუნებდა. 

რაც შეეხება დასაქმების ყალბ შესაძლებლობებს, ამ შემთხვევაში, თაღლითები ხშირად ცნობილი ბრენდების სახელებსაც ეფარებიან, ამიტომ მომხმარებელს ყურადღება მართებს – უნდა გადაამოწმოს, ბრენდის ოფიციალური გვერდი განათავსებს თუ არა ამ განცხადებას, რამდენად რეალურია ის გამოხმაურებები, რაც ამ ვაკანსიას ახლავს სხვა ინტერნეტმომხმარებლებისგან, უნდა შეამოწმონ ბმული, სადაც გადადიან, რამდენად ემთხვევა ოფიციალური ბრენდის ბმულს…

სამწუხაროდ, თაღლითობის შემთხვევები ბევრნაირი და სხვადასხვანაირია, თუმცა ყოველ მათგანს აქვს საერთო – ამ განცხადებებში აუცილებლად მოგეჩვენებათ რაღაც საეჭვო, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ მოგეჩვენათ. გადაამოწმეთ ყველა დეტალი, სანამ საკუთარ პერსონალურ ინფორმაციას სრულიად უცნობებთან გააზიარებთ.

Mobile World Congress 2024 დაიწყო — რა სიახლეებზე საუბრობენ Google, Xiaomi და სხვები?

„თქვი მეტი ყვავილებით” — Interflora