Fit.Ge ფიტნეს პორტალია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების, ფიტნესისა და სწორი კვების შესახებ. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დისტანციურად, მიიღოს სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამა და სხეულზე ზრუნვა სახლის ან დარბაზის პირობებში დაიწყოს. ამ სერვისის ღირებულება 25 ლარია.
გიორგი ახვერდაშვილი (დამფუძნებელი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი): Fit.ge–ის შექმნის იდეა, დაახლოებით, 1 წლის წინ გაჩნდა. მე ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. შესაბამისად, „მჯდომარე“ რეჟიმი მაქვს. მივხდი, რომ ფორმაში ჩადგომის დრო იყო და დახმარებისთვის ფიტნეს მწვრთნელს, კონსტანტინე კალანდაძეს მივმართე. მასთან პერსონალურად ვარჯიშის სერვისი მოიცავს სწორი კვების რაციონის შედგენას. ვიფიქრეთ, რომ ამას შეიძლებოდა საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყოლოდა. ნელ-ნელა ფორმაში ჩადგომასთან ერთად, მე და კონსტანტინე მივხვდით, რომ ჩვენგან კარგი გუნდის ჩამოყალიბება შეიძლებოდა და შედეგად მალევე შეიქმნა Fit.Ge.
M: რა სახის ინფორმაციაა განთავსებული პორტალზე?

გიორგი ახვერდაშვილი: პირველ რიგში, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Fit.ge-ზე განთავსებული იყოს ყველა ტიპის ინფორმაცია ფიტნესისა და სწორი კვების შესახებ. მსგავსი უცხოური პორტალები საკმაოდ პოპულარულია, ქართულად კი ბევრი ინფორმაცია მარტივად არ მოიძებნება.
კონსტანტინე კალანდაძე (დამფუძნებელი, ფიტნეს მწვრთნელი): ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის საიდან დაიწყოს. არ აქვს ინფორმაცია კვების შესახებ. დარბაზში რომ მიდის, ვერ ხვდება რა გააკეთოს. ბევრს სახლში სურს ვარჯიში და ამდენი ინფორმაციიდან ვერ არჩევს, რა არის მისთვის შესაფერისი. ამ ყველა პრობლემას ჩვენ „ონლაინ“ ვაგვარებთ. გვაქვს სპეციალური სერვისი, რომლის შეძენის მსურველი ავსებს მარტივ ფორმას, გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მისი ამჟამინდელი მდგომარეობისა და სასურველი შედეგის შესახებ. 2-3 სამუშაო დღეში, ელ. ფოსტით, იღებს პერსონალურ ინსტრუქციას, რომელიც მოიცავს სწორი კვების რაციონს, სავარჯიშო პროგრამას, წყლის დღიურ ნორმას და სხვა რეკომენდაციებს.
M: ვისთვის არის Fit.Ge?

კონსტანტინე კალანდაძე :ვცდილობთ, ყველა დონის მოვარჯიშე და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანი მოვიცვათ. Fit.Ge-ის მკითხველების დიდი ნაწილი დამწყებია, ანუ აქვს მცირე ან არასწორი ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. დროთა განმავლობაში, ვფიქრობთ, ჩვენი ცნობადობის ზრდასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ სწორად ინფორმირებულობის დონეც გაიზრდება. რაც შეეხება ჩვენი პორტალის სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამებს, ნებისმიერი დონის მოვარჯიშისთვის შეიძლება მისი შედგენა: ამ სერვისით დამწყები, საშუალო, გამოცდილი მოვარჯიშეები და სპორტსმენებიც კი სარგებლობენ. პროგრამით ადამიანს შეუძლია წონის დაკლება, წონის მომატება, კუნთოვანი მასის მომატება, სხეულის ტონუსში მოყვანა, ან უბრალოდ ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
M: რით განსხვავდება სწორი კვება დიეტისგან?
კონსტანტინე კალანდაძე : სწორი კვების საშუალებით, ორგანიზმს აწვდით იმ რაოდენობის საკვებს, რაც სჭირდება კონკრეტული მიზნის მისაღწევად. თქვენ არ გიწევთ შიმშილი, არც ერთ კონკრეტულ საკვებზე ხართ დამოკიდებული. კვებითი რაციონი ისეა შედგენილი, რომ კვება არ მოგბეზრდეთ, არ მოგშივდეთ და ფსიქოლოგიურადაც მარტივად დაიცვათ განრიგი. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის სამედიცინო დანიშნულება. კვების რაციონი იქმნება ფიტნეს მიზნების მიხედვით და საერთო არ აქვს მედიცინასთან. დიეტისაგან განსხვავებით, სწორი კვების შედგენა, ფაქტობრივად, ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის შეიძლება: ვეგანებისთვის, ვეგეტარიანელებისთვის, მათთვის, ვისაც რაღაც კონკრეტულ საკვებზე ალერგია აქვს, ან უბრალოდ არ უყვარს რომელიმე საკვები, ხშირად ავსებენ ფორმას სამარხვო პროდუქტებითაც.
M: დღეს „ონლაინ“ სივრცეში ყველანაირი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. რას სთავაზობს Fit მკითხველს ისეთს, რასაც სხვაგან ვერ ნახავს?
კონსტანტინე კალანდაძე : ალბათ, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კონტენტს, როგორც შინაარსობრივად, ისე ვიზუალურად. ვცდილობთ, თემები იყოს მრავალფეროვანი, რაშიც ჩემი და გიორგის სხვადასხვა პროფესიები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – მე ფიტნეს დარბაზში ვხედავ, რა უჭირს და აინტერესებს ჩვენ პოტენციურ მკითხველს, გიორგი ხვდება, რა გაამართლებს, ან როგორ შევცვალოთ ინფორმაცია, რომ მომხმარებლისთვის საინტერესო გახდეს. ალბათ, სწორად სხვადასხვა კუთხით დანახული და აღქმული იდეები ხდის პროექტს გამორჩეულს.
M: რეალურად, ასეთი პლატფორმის საჭიროება არსებობს?
გიორგი ახვედრაშვილი: Fit.Ge 2017 წლის მარტში „გაეშვა“. მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამით კი დაინტერესებულთა რიცხვი ძალიან სწრაფი ტემპით მატულობს. ამასთან, უკმაყოფილო მომხმარებელი ჯერ არ გვყოლია. სტატისტიკა და ციფრები გვეუბნება, რომ პროექტმა გაამართლა, დაინტერესება არის და წინ დიდი ამბები გველოდება.
კონსტანტინე კალანდაძე: ჩემ სფეროში აბსოლუტურად ყველამ იცის Fit.ge-ს შესახებ. ადამიანს, რომელიც ჩემი ზედამხედველობით იწყებს ვარჯიშს, აუცილებლად ვეკითხები, იცის თუ არა Fit.Ge-ს შესახებ და პასუხი ყოველთვის დადებითია. პროექტის შესახებ იციან სხვა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმაც.
M: კომერციული თვალსაზრისით, რა შესაძლებლობები აქვს პორტალს?
გიორგი ახვერდაშვილი: ჯერჯერობით, ბიზნესის მთავარი შემოსავალი წყარო სწორი კვებისა და ვარჯიშის პროგრამებია. შემოსული თანხა სრულად ხმარდება პროექტის განვითარებას. ამას გარდა, გვაქვს საბანერო რეკლამის განთავსების საშუალება, Native Advertising, თემის სპონსორობა, საინფორმაციო მხარდაჭერა და ა.შ. „ონლაინ“ მედია ამ მხრივ ძალიან ფართო სპექტრის შესაძლებლობებს იძლევა. ჩვენი პრიორიტეტი ნიშის ლიდერობაა.