რა ადგილი უკავია ფიტნესს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში? რა მნიშვნელობა აქვს წინასწარგანწყობას ფიზიკური აქტივობისას და როგორ უნდა ვივარჯიშოთ/ვიკვებოთ სწორად? – ამ და სხვა, სწორ კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მოძიება ინტერნეტში შეგიძლიათ, თუმცა, ინფორმაციის მრავალფეროვნებასთან ერთად, თავს იჩენს წყაროების სისწორისა და სანდოობის პრობლემა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა და სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა – ლადი ედიბერიძემ და როტერდამის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა და ასევე, სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა – ეკატერინე შაქარაშვილმა, პროფესიული გამოცდილება და რამდენიმე მსოფლიო კვლევა შეკრიბეს, წიგნად გამოსცეს და დაინტერესებული ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების წესის გზამკვლევად აქციეს. საზოგადოება წიგნს აგვისტოში, ბათუმის ბულვარში ჩატარებული ღონისძიებისას გაეცნო და ამჟამად, „Fitness – მე მზად ვარის” შეძენა თბილისში, მაღაზია „პარნასში”, ხოლო, ბათუმში – BK-ში, 10 ლარადაა შესაძლებელი. როგორია „Fitness – მე მზად ვარის” ავტორების ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხედვა და რა გამოარჩევს წიგნს. ამ სკითხებზე მარკეტერი წიგნის თანაავტორს – ეკატერინე შაქარაშვილს ესაუბრა:
M: როგორი იყო ჯანსაღი ცხოვრების შესახებ წიგნის გამოშვების საჭიროება და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
ბოლო წლების განმავლობაში, ქართულ საზოგადოებაში, ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმართ დაინტერესების ზრდა, ალბათ, შეუმჩნეველი არავისათვის დარჩენილა. თუმცა, აღსანიშნავი ისაა, რომ მომატებულმა დაინტერესებამ სულაც არ განაპირობა მაღალი განათლების დონე, ზემოთ ხსენებული საკითხების მიმართ. ყოველდღიურად, ჩვენ ვეჯახებით საპირისპირო რეალობას: ინფორმირებულობის დეფიციტს და მცდარი მოსაზრებებით აჭრელებულ ინტერნეტ პლატფორმას. ჩვენს დროში, ინფორმაციის მოძიება თითქოს ყველაზე მარტივია, მაგრამ ამავდროულად, წყაროების სისწორისა და სანდოობის განსაზღვრა, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს. ვაღიაროთ, რომ შესაბამისი განათლების გარეშე, ამას ნამდვილად ვერავინ შეძლებს. მაშასადამე, აუცილებელი გახდა ერთგვარი შუამდგომლობა სანდო წყაროებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის. წიგნის შექმნის იდეა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდგომ დაიბადა. მე და ლადი ვსაუბრობდით ფიტნეს განათლების აუცილებლობაზე. ეს უბრალო საუბარი მეორე დღესვე გადაიქცა რეალურ პროექტად, როდესაც იდეებით აჭრელებული ფურცლებით ხელში შევხვდით ერთმანეთს.
M: რა ცოდნა გამოიყენეთ წიგნის შესაქმნელად და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?
ნამუშევრის შექმნის პროცესში, თავისთავად გავითვალისწინეთ გამოცდილი პროფესიონალების რჩევები და რეკომენდაციები (რომელთაგან ერთ-ერთიც, ფსიქოლოგი ნატალია ფერაპონტოვა, გამორჩეული წვლილის გამო, წიგნის პირველ გვერდზე გყვავს მოხსენიებული). წიგნში მოცემული თითოეული მოსაზრება კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების კვლევებს ეყრდნობა (მაგ: ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებს). “მოტივაცია, რა მნიშვნელობა აქვს განწყობასა და ფსიქოლოგიას; 24 ყველაზე ეფექტური ვარჯიში; ის, რასაც არ გვასწავლიან სპორტდარბაზში ჩვენი სხეულის შესახებ; ჯანსაღი კვების არსი და მნიშვნელობა, ბაზარზე რეკლამირებული პროდუქტების ეფექტიანობა” – ეს წიგნში განხილული საკითხების მოკლე ჩამონათვალია.
M: როგორია „Fitness – მე მზად ვარის” ავტორების ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებული ხედვა?
წიგნი შექმნილია უშუალოდ ქართველი მკითხველისათვის – ქართველი ავტორების მიერ. შესაბამისად თვითოეული რჩევა, თუ მიმოხილვა მორგებულია ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანი გახლდათ ერთ სივრცეში მოგვექცია პასუხები აქტუალურ კითხვებზე, თანაც, სწორი თანმიმდევრობით. ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაზე მარტივი გზაა ბედნიერებამდე; საკუთარი თავის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ყველაზე სასიამოვნო და სახალისო საშუალება.
M: რას ითვალისწინებს წიგნის ფსიქოლოგიური ნაწილი?
ჩვენი მკითხველი ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მსურველთათვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაღობა, სწორედ, ფსიქოლოგიური ფაქტორებია. ხშირად გვესმის კითხვა „საიდან დავიწყოთ?”. პასუხი მარტივია, აუცილებელია განწყობა, მოტივაციის გამომუშავება, რადგან სხვა შემთხვევაში, ცხოვრების წესის შეცვლის მცდელობები უბრალოდ კრახით დასრულდება. წიგნის ფსიქოლოგიურ ნაწილში შევეცადეთ განგვემარტა, თუ რამდენად ურთიერთგადაჯაჭვულია სხეული და გონება; რა ადგილი უკავია ფიტნესს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და რა გასაოცარი შედეგების მოტანა შეუძლია საკუთარი სხეულის სრულყოფაზე ამგვარ ზრუნვას.
M:თუ იგეგმება წიგნის თარგმნა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
დიახ, უახლოეს მომავალში იგეგმება წიგნის თარგმნა ინგლისურ ენაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რომლის შესახებაც მალე შეიტყობთ, ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით.