თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს დრო და შესაბამისად, ტექნოლოგიები, რომლებიც მის დაზოგვაში გვეხმარებიან. მაგალითად, თუ აქამდე ამა თუ იმ სეანსზე ბილეთის შესაძენად ადგილზე მისვლა იყო საჭირო, ახლა ეს სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წამში, ონლაინაა შესაძლებელი. ელექტრონული ბილეთების პრაქტიკის დანერგვა ქართულ ბაზარზე Biletebi.ge-მ, 10 წლის წინ დაიწყო და მან, ცოტა ხნის წინ, ახალი მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ვგულისხმობ Fitness & Spa-ს, ანუ პროგრამულ პაკეტს, რომელიც შესაძლებელს ხდის, ერთი მხრივ, გაგიმარტივოთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვიზიტის დაგეგმვა, თუ აბონიმენტის მართვა, მეორე მხრივ კი ეხმარება ბიზნესს შიდა პროცესის სრულ ავტომატიზებასა და მართვაში.
ფაქტობრივად, ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც, ესა თუ ის ობიექტი, მომხმარებელთან ერთად, ახალ, ბევრად მარტივ და ტექნოლოგიურად საიმედო რელსებზე გადადის.
Fitness & Spa-ს პლატფორმა შექმნილია საცურაო აუზების, სავარჯიშო დარბაზების, სხვადასხვა წრეების (იოგა, ორთაბრძოლები, საცეკვაო, ტანვარჯიში და ა.შ) და სპა გამაჯანსაღებელი ობიექტების, როგორც შიდა პროცესების სამართავად, ასევე, მომხმარებლებისათვის, ონლაინ და მობილური აპლიკაციების საშუალებით, აბონემენტების მარტივად შესაძენად“, – ამბობს დავით მიზანდარი – Biletebi.ge-სა და Fitness & Spa-ს თანადამფუძნებელი.
დავით მიზანდარი იმასაც გვიყვება, რომ Fitness & Spa სრულად ქართული პროგრამული პაკეტია, რომელსაც გუნდი 4 წლის განმავლობაში ხვეწდა. ამჟამად, სისტემის გამოყენებას სპორტულ კომპლექს – „ნეპტუნში“, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტზე, ოლიმპიურ აუზზე, ნაძალადევის სპორტულ ცენტრსა და გლდანის საცურაო აუზზე შეძლებთ. თუმცა მანამდე, მოგიყვებით რა უპირატესობები აქვს საქართველოში შექმნილი პროგრამული პაკეტის ადგილობრივ ბაზარზევე გამოყენებას და გიამბობთ მეტ დეტალს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს სისტემა.
M: როგორი იყო მსგავსი სერვისის არსებობის საჭიროება საქართველოში?
გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი ასეთი ობიექტია საქართველოში, ყველას ესაჭიროება საკუთარი ბიზნესის მართვა, კომფორტი და მომხმარებლის ბაზის და მონაცემების ზუსტი აღრიცხვა. ზუსტად 10 წლის წინ, ჩვენმა გუნდმა დანერგა ელექტრონული საბილეთო სისტემა საქართველოს ბაზარზე – ბილეთები.ჯი, რამაც აჩვენა, რომ ბილეთის შეძენა ელექტრონული სისტემის გარეშე თითქმის წარმოუდგენელიც კი არის. ასე ვფიქრობთ ამ მიმართულებითაც – დღეს თითქმის ყველა მომხმარებელი სალაროში იხდის თანხას, როდესაც შეძენილი აბონემენტის გაგრძელება მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. ჩვენი სისტემის საშუალებით, მომხმარებლის ინფორმირება ხდება SMS-ით, იმის შესახებ, თუ როდის გასდის პაკეტს ვადა, ან თუ ჯგუფის გრაფიკში ცვლილებებია და ა.შ. მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ გადაიხადონ ბავშვების წრის საფასური ონლაინ, ან მიიღონ ინფორმაცია მათი დასწრების შესახებ და მრავალი ასეთი სხვა ფუნქცია.
ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი სისტემით სარგებლობა დიდი პლიუსია პარტნიორებისთვის, რადგან ერთი მხრივ, მხარდაჭერა ხორციელდება ადგილობრივი გუნდის საშუალებით. სხვა კუთხით კი, უცხოურ პროგრამებს ბევრი იყენებს, თუმცა, გარდა იმისა, რომ ის გაცილებით ძვირია, ჩვენგან განსხვავებით, მათთან სერვისის მიწოდება ხდება ღრუბლოვანი სერვერებიდან (Cloud) და ინტერნეტის ხარვეზის შემთხვევაში სერვისი ფერხდება“.
M: ფაქტობრივად, სხვადასხვა ობიექტს სისტემის სრულ ავტომატიზებას სთავაზობთ, როგორც შიდა (პერსონალის), ასევე გარე (მომხმარებლის) დონეზე. რა სარგებელი მოაქვს ამას თქვენი პარტნიორებისთვის?
პირველ რიგში, კომფორტი მონაცემების სწრაფი დამუშავებით და მომსახურების ხარისხის გაზრდით. მაგალითად, ადრე თუ საჭირო იყო შიდა პროცესების მართვისთვის რამდენიმე ადამიანი, დღეს ამას ერთი სერვერი და ჩვენი სისტემა ართმევს თავს. ხოლო შიდა საკადრო რესურსი შეუძლია კომპანიამ გამოიყენოს სხვა მიმართულებით. უამრავი ფუნქციონალია ამაში ჩადებული, მათ შორის, ტრენერების ხელფასის დათვლა დასწრების, ან ჯგუფის სიდიდის მიხედვით, ვირტუალური დეპოზიტები სამაჯურზე, დარბაზში სერვისის, ან სასმელების შესაძენად. ნებისმიერი რამ, რაც ადგილზე სალაროში შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს, სარკისებურად აირეკლება ონლაინ რეჟიმში. ჩვენი სისტემის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია, მაგალითად აირჩიოს განრიგი, მასწავლებელი, ნახოს ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა და ონლაინ დაასრულოს ტრანზაქცია ექიმის ცნობის ჩათვლით, ისე რომ ოპერატორთან არც კი მოუწევს კონტაქტი.
ჩვენი გამოცდილებით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ინსტალაციისა და სისტემის გაშვების მინიმალური დრო, რასაც ვთავაზობთ ნებისმიერ ობიექტს. შეიძლება ითქვას, Plug & Play. მაგალითად, ზაფხულში, ყველაზე ცხელ სეზონზე, 4 დღეში, შეუფერხებლად შევძელით ოლიმპიურ აუზზე ძველი სისტემის დემონტაჟი, ჩვენი სისტემის დანერგვა და მუშა რეჟიმში გაშვება პერსონალის სწავლების და აპარატურის მონტაჟის ჩათვლით“.
M: თუ თანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან, იმისათვის, რომ თქვენი სერვისი იყოს სრულყოფილი. მაგალითად, მოწყობილობების კუთხით?
დიახ, რა თქმა უნდა ვთანამშრომლობთ. რამდენიმე ათეულ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია, გამოვიწერეთ სატესტო აპარატურა და შევარჩიეთ მათ შორის საუკეთესო, ფასთან და ხარისხთან მიმართებაში. ჩვენი კომპანია ამონტაჟებს კარადებს უკონტაქტო საკეთებით (RFID Locker) და ასევე, გვაქვს წყალგამძლე და ორთქლგამძლე სამაჯურების და ბარათების დიდი არჩევანი ბრენდირებით. ხოლო რაც შეეხება დაშვების სისტემას – ტურნიკეტებს, მათ სამართავ ბლოკებს ჩვენ თვითონ ვამზადებთ საქართველოში, რაც ცალკე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და დაახლოებით 70%-მდე დანაზოგს აძლევს ობიექტებს, აპარატურის შეძენის დროს.
M: რა გეგმები გაქვთ? საითკენ აპირებთ მიმართოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ფუნქციონირების მანძილზე დააგროვეთ?
ეს სისტემები აწყობილია ბილეთები.ჯი-ს ბაზაზე და შესაბამისად, მხოლოდ ამ ვებგვერდის/აპლიკაციის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სერვისები, თუმცა მომავალში ვფიქრობთ ცალკე Fitness & Spa-ზე გამოვიტანოთ ეს შეთავაზებები. ვამუშავებთ დაშვების სისტემის რამდენიმე ახალ მოდულს, რითიც ვფიქრობთ, საერთოდ ახალი მიმართულებით ბიზნესის გაფართოებას.