„2009 წელს, მძიმე ავარიაში მოვხვდი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით, გადავიტანე რამდენიმე ოპერაცია, ერთ ფეხს ამპუტაციის საშიშროებაც კი ემუქრებოდა. ამპუტაციას გადავრჩი, მაგრამ როცა ვიკითხე, როდის შევძლებდი სირბილს, ექიმებმა დამწუხრებული სახით შემომხედეს და თავი უიმედოდ გადააქნიეს. სიტუაცია მართლა უიმედო ჩანდა, მაგრამ ეს არ მაწყობდა. რეაბილიტაციისთვის 2 წელი დამჭირდა, რათა დაზიანებული კუნთები და სახსრები ისევ მუშა მდგომარეობაში მომეყვანა. ბევრი რამის სწავლა მომიწია – ვკითხულობდი, მასალებს ვაგროვებდი, ვწერდი. 2011 წელს ჩემი რეაბილიტაცია დასრულდა – ისევ შევძელი სირბილი! თუმცა, ამ პერიოდში დაგროვილ ზღვა მასალას რომ შევხედე, დამენანა, უბრალოდ წამეშალა, მით უფრო, როცა ეს რესურსი ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. მივხვდი, რომ იქნებოდნენ ადამიანები მსგავსი პრობლემით, ვიღაცას შეიძლება ჩემსავით უჭირდა. აი, აქ მივიღე გადაწყვეტილება – ჩემი საიტი შემექმნა და ეს ყველაფერი იქ ამეტვირთა“, – ასე დაიწყო მარკეტერთან საკუთარი ისტორიის მოყოლა ნანა ილურიძემ, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ, ფიტნეს რესურს fitni.ge-ს შემქმნელი, 200-ზე მეტი სტატიის ავტორი და სერტიფიცირებული ტრენერია. მის მიერ დაწერილი წიგნი წონაში კლების შესახებ კი Amazon-ზე იყიდება, ასევე, არის იოგას ონლაინ კურსის ავტორიც.
როგორც ნინა ამბობს, 2011 წელს შექმნილმა ფიტნეს რესურსმა – Fitni.ge სწარაფად მოიპოვა უბრალო მკითხველების, სპორტით დაკავებული ადამიანებისა თუ ექიმების ნდობა. მომხმარებელთან ონლაინ კონტაქტის პირობებში, ის გახდა პირველი ქართულენოვანი ტრენერი, რომელიც გარდა უშუალო ვარჯიშებისა, სახლიდან გაუსვლელად გასცემდა შესაბამის რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ ნინას კარიერა საჯარო სფეროს უკავშირდებოდა, ავარიის შემდეგ, მან კარგად მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების ფიტნესის სფეროში ადაპტირება. დღეისათვის, დაწერილი წიგნისა და მრავალი კურსის შემდეგ, ნინა წონის კლების ახალ ონლაინ პროგრამას – „შენი ჯანსაღი დიეტა“ იწყებს. როგორი იყო ახალ სფეროში ადაპტირების პროცესი, რას მოიცავს ტრენერის ახალი პროგრამა და რა მიმართულებით გეგმავს ის ფიტნეს სფეროში საკუთარი, როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო საქმიანობის წარმართვას – ამ საკითხებთან დაკავშირებით, მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს ნინა ილურიძესთან:

M: რას საქმიანობდით „ფიტნის“ შექმნამდე, როგორ გადაიზარდა თქვენი საჯარო კარიერა სერტიფიცირებულ ტრენერობასა და წიგნის ავტორობაში?
განათლებით ეკონომისტი ვარ, შემდეგ კი, უფრო მარკეტინგის მიმართულებით წავედი, მეორე სპეციალობა კი ჟურნალისტიკაა. მიწევდა წერა, ვიყავი ფრილანსერიც, გარკვეული დრო ფოტოგრაფიაში დავყავი, ვაკეთებდი სხვადასხვა ღონისძიებას, თუმცა, ძირითადი ნაწილი საჯარო სტრუქტურაში ვმუშაობდი. წლების განმავლობაში მშვიდი, ხელფასითა და კარგი სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფილი სამსახური მქონდა, რაზეც, ალბათ, ბევრი ოცნებობს. თუმცა, ჩემი სამსახური – ძალოვანი სტრუქტურა, არ მაძლევდა საშუალებას, თავისუფალი რეჟიმით მეცხოვრა, ვყოფილიყავი სრულად გახსნილი საზოგადოებისათვის. ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე და ფიტნესში წავედი. აქ დასრულდა ჩემი მშვიდი ცხოვრება.
M: როგორი იყო თქვენი გამოწვევები ფიტნესის სფეროში?
ფიტნესმა ჩემი ცოდნის პროფესიონალურ დონემდე აყვანა, დახვეწა, კიდევ უფრო მეტი შრომა, მეტი ბრძოლა და სწავლა მოითხოვა, რომლის ნაწილი უკრაინულ ფიტნეს-სკოლაში მივიღე.
M: თქვენ მიერ დაწერილი წიგნისა და იოგას კურსის შესახებ მოგვიყევით..
წიგნის შემთხვევაში, ისევ ამ დაგროვილი მასალების ალგორითმმა იმუშვა. ერთხელ როცა დავთვალე, 200-ზე მეტი სტატია გამომივიდა დაწერილი. ჩემმა მეგობარმა, ნატა თომაშვილმა, რომელსაც უკვე ჰქონდა საკუთარი წიგნები და სასწავლო კურსები Amazon-ზე, შემომთავაზა ერთობლივი პროექტის გაკეთება. მასალების ნაწილი წიგნად შეიკრა (ამაზონის პირობების თანახმად, ეს მასალები აღარ დევს „ფიტნიზე“) და გამოიცა წიგნი Bring Your Belly Under Control. ამის შემდეგ, იოგას ვიდეო კურსიც გავაკეთეთ, რომელიც ერთ-ერთ დიდ სასწავლო პროგრამების საიტზე Udemy.com-ზე დაიდო – FitYoga: Healing Yoga to get in shape and transform yourself . ამ რესურსებზე არც ისე ადვილია მოხვედრა, ბევრ კონტროლს გადიხარ, მათი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილო. ჩემი წიგნი მსოფლიოს ყველაზე დიდ მარკეტზე amazon.com-ზე დევს, ის ინგლისურ ენაზეა. მგონი პირველი ვარ ქართველ ტრენერებს შორის. უცხოეთში ეს მიღებული წესიცაა, ყველა ცნობილ ტრენერს, აუცილებლად, წიგნი აქვს გამოცემული. ჩემი წიგნი ნაბიჯ-ნაბიჯ გადის ყველა შეცდომას და აანალიზებს მათ. თითეული თავი განიხილავს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ცხოვრებისეულ ასპექტებსაც, ფსიქოლოგიურ მომენტებს, ჩვევების გაანალიზების და გამოსწორების გზებს.
M: როგორია თქვენი ახალი პროექტის – „შენი ჯანსაღი დიეტა“, საჭიროება და უპირატესობა?
როგორც გითხარით, ჩემს აუდიტორიასთან დიდი კომუნიკაცია მქონდა ყოველთვის და პრობლემა, დროთა განმავლობაში, გამოიკვეთა. ყველა ვერ ახერხებს დარბაზამდე მისვლას. მოდიოდა წერილები რეგიონებიდან, დედებისგან, რომლებიც ძირითად დროს სახლში ატარებდნენ, დაკავებული რეჟიმის მქონდე ადამიანებისგან, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშო პროგრამები და დიეტები ინტერნეტში უამრავია, ეს უღრანი ტყეა, სადაც სასარგებლოს ამოღებას და შემდეგ, სწორად გამოყენების სწავლას დიდი დრო მიაქვს. ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ და ტრავმებსაც კი ღებულობენ, რადგან შესაფერის პროგრამას ვერ არჩევენ. ჩემს საიტზეც კი, სადაც საკმარისი მასალებია, რომ შედეგი მიიღო, ყველა ვერ პოულობს იმდენ დროს, რომ ეს ყველაფერი წაიკითხოს, დაალაგოს თავში და გამოიყენოს. „შენს ჯანსაღ დიეტას“ აქვს უპირატესობა – დიეტა და სავარჯიშო პროგრამა ადამიანს არ ეძლევა ბრმად. ჯერ ფეისბუქზე დაკონტაქტება უწევთ და ჩემი კონსულტაციის მიღება. შეგნებულად, არ გავხადე პროგრამის შეძენის პროცესი ავტომატიზებული, რის საშუალებასაც დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა. გასაუბრების შედეგად, ვაფასებ მათ რეალურ სიტუაციას, პრობლემებს, ცხოვრების რეჟიმს, ფსიქოლოგიურ განწყობასაც კი. გარდა ამისა, ისინი მუდმივ კონტაქტზე რჩებიან ჩემთან, პრობლემის და კითხვის შემთხვევაში მომმართავენ. #შენი ჯანსაღი დიეტა – შორსაა ექსპრეს დიეტისაგან. ის ჯანსაღ, დაბალანსებულ კვებაზეა გათვლილი.
M: როგორია თქვენი, როგორც ტრენერის, ავტორისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით რამდენიმე პროექტის ინიციატორის მიზნები და გამოწვევები?
არასდროს ვტოვებ ისეთ ღონისძიებებს, სადაც ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია ხდება. ვარ მოყვარული მორბენალი. მონაწილეობას ვღებულობ ყველა დიდ თუ პატარა გარბენსა და მარათონებში. ვწერ ასეთი ღონისძიებების შესახებ, ვაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას, ვაკეთებ რეპორტაჟებს და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემ გარშემო ყველა „დავავირუსო“ ფიზიკური აქტივობით. ვცდილობ, მეჭიროს ხელი მსოფლიო ფიტნესის პულსაციაზე. ფიტნესი ტექნოლოგიური და ყველგან ხელმისაწვდომი გახდა, ის აღარაა მხოლოდ დარბაზზე მიჯაჭვული. #შენი ჯანსაღი დიეტის პროექტი კიდევ უფრო დაიხვეწება და ბევრი სიახლე დაემატება. ვმუშაობთ „ფიტნის“ ინგლისური ანალოგის კეთებაზე. ის უკვე გაშვებულია, თუმცა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. უცხოეთში კონკურენცია გაცილებით დიდია და შრომა და წარმატებაც გაცილებით დიდ რესურსებს მოითხოვს. თუმცა, მე და ნატას, კბილი უკვე მოსინჯული გვაქვს ამ სფეროსთვის და ასეთ რამეებს მშვიდად ვუყურებთ. მთავარია სურვილი, მოთმინება, შრომა და რესურსებიც გამოჩნდება.
ხშირად, ადამიანები წონის კლებას დიეტის ან დარბაზის მოძიებით იწყებენ, ეს კი შეცდომაა. სანამ ამას გააკეთებთ, ჯერ საკუთარ თავს უნდა დაელაპარაკოთ. არ უნდა დაიკლოთ წონაში, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოა შეშლილი დღეს ამაზე. უნდა იცოდეთ, რეალურად რატომ გსურთ და რამდენად ხართ მზად იმ ახალი ცხოვრებისთვის“, – ნინა ილურიძე.