in

Fitpass — კომპანია, რომელიც ჯანსაღ აქტივობებს 150-მდე ობიექტში აერთიანებს

ყოველდღიურობაში ბევრი ჩვენგანი იმდენადაა დაკავებული სხვადასხვა საქმით, რომ დღის ბოლოს ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავება ცოტა რთულ „დავალებად“ გვეჩვენება. ისეთი შემთხვევებიც არის ხოლმე, როცა „ძალიან კი გვინდა“ ვარჯიში, მაგრამ ან შესაბამის სპორტულ დარბაზს ვერ ვარჩევთ, ანდაც სხვის მიერ რეკომენდებული ობიექტი სამსახურიდან/სახლიდან შორსაა. მსგავსი საკითხების მარტივად გადასაჭრელად და მომხმარებლებისთვის სრული კომფორტის შესათავაზებლად, შეიქმნა კომპანია FitPass — ის საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 40-ზე მეტ სპორტულ აქტივობას, 150-მდე ობიექტში და და ეხმარება დამსაქმებელ კომპანიებს, იზრუნონ თანამშრომლების ჯანსაღ ცხოვრებაზე.

დეტალურ შეთავაზებებსა და კომპანიის მიზნებზე კი მისი დირექტორი, გიორგი შანიძე გვესაუბრება.

M: პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მხრიდან თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. როგორ უადვილებთ დამსაქმებლებს ამ პროცესს?

ჯერ კიდევ პანდემიამდე, როცა დამსაქმებელი კომპანიებისთვის კორპორატიულად დავიწყეთ ჩვენი სერვისის შეთავაზება, აქცენტს ყოველთვის იმაზე ვაკეთებდით, თუ რამდენად გავუმარტივებდით თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესს. მარტივად რომ აგიხსნათ, ფიტპასამდე დამსაქმებელს უწევდა არჩევანი კონკრეტულ სერვისზე ან სპორტულ ობიექტზე შეეჩერებინა, რაც ზღუდავდა თანამშრომელს ობიექტის, ლოკაციისა თუ დროის არჩევანში. ჩვენი დახმარებით, პარტნიორ კომპანიებს ეს პრობლემა აღარ აქვთ, რადგან თანამშრომელს ერთობლივად ვთავაზობთ მულტიფუნქციურ სერვისს უამრავ ლოკაციაზე.

4 წლის წინ, როდესაც პირველად გამოვჩნდით ადგილობრივ ბაზარზე, გაცილებით რთული იყო კომპანიებისთვის იმის დანახვა, რომ ჯანსაღი ცხოვრება, თანამშრომლის აქტიური ცხოვრების წესზე ზრუნვა, ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მაგალითად, ჯანმრთელობის დაზღვევა. დღეს ეს პრობლემა ნაკლებად გვხვდება, რადგან, როგორც აღნიშნეთ, კომპანიები მეტად ზრუნავენ თანამშრომლების კეთილდღეობაზე.

ფიტპასის დახმარებით, კომპანია თანამშრომლებს მარტივად აძლევს შესაძლებლობას, დაკავდნენ მათთვის საინტერესო აქტივობით, იქნება ეს სპორტული დარბაზი, აუზი, იოგა თუ სხვა 40 სერვისი, რომელსაც ვაერთიანებთ. რაც მთავარია, მათთვის ხელსაყრელ ლოკაციას თავად ირჩევენ, იქნება ეს სახლთან თუ სამსახურთან ახლოს.

M: თქვენი ხედვით, კიდევ რა გამოარჩევს „Fitpass-ის” სერვისს?

Fitpass მომხმარებელს სთავაზობს მრავალმხრივ და ინოვაციურ მიდგომას ფიტნესის მიმართ. სერვისს მუდმივად ვავითარებთ და ვხვეწთ. გუნდში ყოველდღიურად ვცდილობთ, უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება და შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი გზა, იყვნენ ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელები. გვჯერა, რომ სწორედ მოტივირებული გუნდი განაპირობებს კომპანიის წარმატებას და გამორჩეულ სერვისს.

ასევე, ის მეგობრული გარემო, რომელიც კომპანიაში გვაქვს, აუცილებლად აისახება ჩვენი მომხმარებელი კომპანიების კეთილგანწყობაზეც.

M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

ყველას, ვისთვისაც პრიორიტეტულია საკუთარი ან გარშემომყოფების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მათ, ვისაც მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად განტვირთვა მოსწონს, დაინტერესებულია ახალი აქტივობების აღმოჩენით და სჭირდება ის მოქნილობა და მრავალფეროვნება, რომელსაც ფიტპასი სთავაზობს.

M: ერთი მხრივ, არიან მომხმარებლები, ხოლო მეორე მხრივ Fitpass ურთიერთობს ობიექტებთან. როგორია მათთან თანამშრომლობის პრინციპი?

ფიტპასსა და პარტნიორ ობიექტებს შორის ჩამოყალიბებულია ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპი. ერთი მხრივ, ფიტპასი თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით სპორტულ ობიექტებში; მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს სპორტული ობიექტების ცნობადობის გაზრდასა და მეტ ახალ მომხმარებელს მათთვის. ფიტპასი წარმოადგენს შუამავალ რგოლს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებულ მომხმარებელს და სპორტულ ობიექტებს აკავშირებს ერთმანეთთან, ერთი პლატფორმის ქვეშ. შედეგად, სპორტული ობიექტი იღებს ყოველდღიურად გაზრდილი მომხმარებლების რაოდენობას — რაც. რა თქმა უნდა, დამატებითი სერვისების გაყიდვაშიც ეხმარება მათ, იქნება ეს პერსონალური ვარჯიშები, სავარჯიშო ინვენტარი, თუ ადგილზე გაყიდული სხვა პროდუქცია.

M: როგორ აპირებთ საქართველოში Fitpass-ით სარგებლობის კიდევ უფრო გამარტივებას?

გუნდში გვჯერა, რომ უფრო მეტად შეგვიძლია გავამარტივოთ ფიტნეს გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. 2021 წელს სრულად ჩავანაცვლეთ ფიზიკური ბარათები მობილური აპლიკაციით. შედეგად, გავამარტივეთ მომხმარებლის გამოცდილება სპორტულ ობიექტში ვიზიტისას. ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება ისე, რომ კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ ყველასთვის ახალი აქტივობებისა და ობიექტების აღმოჩენა, ვარჯიშის პროგრესის ნახვა თუ სასურველი აქტივობის დაჯავშნა.

M: სხვა რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, პარტნიორი ობიექტების ქსელი მაქსიმალურად გავაფართოოთ. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ მეტი სპორტული ობიექტი საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში. ეს უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის.

[R]

როგორ უნდა მოვიქცეთ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ?

„შეკვეთილი სისაიდი” – საცხოვრებელი კომპლექსი ზედ ზღვაზე, რომელსაც „ტოპლაინ ქონსთრაქშენი” წარმოგვიდგენს