საერთო ღირებულებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, Fitpass Sport Fest 2023-ის მხარდამჭერია. Fitpass 3000-მდე დამსაქმებელი კომპანიის თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს, 40-ზე მეტი სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობით დაკავდნენ; Sport Fest კი მასშტაბური ფესტივალის ფორმატით უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიის დაინტერესებას მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებით. ორივე კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, მისცენ ადამიანებს საშუალება, იპოვონ მათთვის საინტერესო აქტივობა, გამოცადონ და აქციონ ყოველდღიურობის ნაწილად.
Sport Fest უკვე მესამედ გაიმართება და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ამჯერად დედაენის ბაღში, 23-24 სექტემბერს უმასპინძლებს და მათ უნიკალურ შესაძლებლობას შესთავაზებს, გაეცნონ სხვადასხვა სპორტულ აქტივობას. Fitpass-ის ზონაში მოსულ სტუმრებს 23 სექტემბერს დახვდებათ ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორებიცაა: ჰიპ-ჰოპი, იოგა და ზუმბა. მომდევნო დღეს კი ჩატარდება იოგასა და კრივის მასტერკლასები. გარდა ამისა, დამსწრეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით და გადაიღონ დასამახსოვრებელი მომენტები Fitpass-ის ფოტო სტენდთან.
Sport Fest 2023-ის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ნინო სალუქვაძეს, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელს მიზანში სროლაში. ნინო სალუქვაძე ფართო აუდიტორიას გააცნობს სპორტის ამ სახეობას.
23 და 24 სექტემბერს დედაენის ბაღში ფესტივალი ოფიციალურად დაიწყება 12:00 საათზე და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
[R]