ბოლო დროს სულ გვესმის ამბები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ, რომ რაღაც საოცრება შექმნა ან სხვისი ნამუშევარი გამოიყენა… საზოგადოებაში ბევრი აზრი ტრიალებს, თუმცა ის, რასაც Fiverr ამბობს, ცოტათი უცნაურია, არავის ანაღვლებს თუ თქვენ ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებთო…
ამის სათქმელად კი ფრილანსერთა პლატფორმამ მუსიკალური ვიდეო შექმნა. თუ მათ დავუჯერებთ, ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იმდენადვეა კარგი, რამდენადაც მას შემოქმედებით სფეროში ჩართული ადამიანები იყენებენ. უფრო მარტივად რომ გითხრათ, გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანი ის ნიჭია, რომელიც მანქანურ სწავლებას იყენებს და არა, თავად მანქანური სწავლება, ამიტომ კამპანიასაც „არავის ანაღვლებს“ უწოდეს.
ჯაზით გაჯერებულ ვიდეოში Corporate Bro-ს როს პომერანცისა და Fiverr-ის ხელმძღვანელის მიჩა კაუფმანის ეპიზოდურ როლებს იხილავთ…
თუმცა მანამდე Fiverr-ის Generative AI Usage Report-საც გაგაცნობთ: 3300 ფრილანსერს მოიცავდა, რათა ნათელი მოეფინა იმ AI ინსტრუმენტებზე, რომლებსაც იყენებენ, ტრენდებზე, შედეგებზე, გამოწვევებსა და სარგებელზე. შედეგად გამოვლინდა, რომ ხელსაწყოებს შორის უმეტესად ChatGPT-ის, Midjourney-ისა და Firefly-ის იყენებენ, ზოგადად, გენერაციულ AI-ს კი ფრილანსერთა 63% მიმართავს — 2023 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 5%-ითაა გაზრდილი.
მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა, სკეპტიციზმი ხელოვნური ინტელექტის მიმართ მაინც მაღალი რჩება, ადამიანები სიზუსტეზე, ხარისხსა და ისეთ საკითხებზე წუხან, რომლებიც კონფიდენციალურობას, საავტორო უფლებებსა და კანონს უკავშირდება. Fiverr-ის კამპანია კი, როგორც ჩანს, მთლიან პასუხისმგებლობას ადამიანს აკისრებს და გვეუბნება, რომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ AI-ს…
თუმცა, როგორ ფიქრობთ, ეს არავის ანაღვლებს?