in

ფიზიკოსებმა სამყაროს ფონურ ხმას მიაგნეს!

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, არსებობს რაღაც, რაც ვარსკვლავებს ისე არხევს, რომ შემთხვევითობას ვეღარ მივაწერთ…  თან ამას ერთ კი არა, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ამბობენ — ავსტრალიის, ამერიკის, ევროპის, ჩინეთისა და ინდოეთის გუნდებმა პულსარებად წოდებულ მანათობელ ვარსკვლავებში სიგნალებს  მიაგნეს, რაც გალაქტიკის გრძელი ტალღის სიგრძის გრავიტაციულ ტალღებზე მიუთითებს. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გრავიტაციული ტალღების დადგენას, თუმცა 99%-იანი შანსი არსებობს იმისა, რომ რასაც მეცნიერები ხედავენ, ძალიან მნიშვნელოვანია. 

M2
M2

ამ მისიაზე 15 წელზე მეტია ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ გრავიტაციული ტალღების დაბალი, მუდმივი ხმა, რომელიც მთელ სამყაროში ჟღერს და ჩვენს გალაქტიკამდეც ვრცელდება. ბედნიერები ვართ, რადგან შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრავიტაციული ტალღების შესანიშნავი სამხილი გვაქვს, — აცხადებს სტივენ ტეილორი, ასტროფიზიკოსი. 

გრავიტაციულ ტალღებს კი, თავის მხრივ, კოსმოსის მასიური მოვლენების შედეგად ვიღებთ. წარმოიდგინეთ შავი ხვრელების შეჯახება ისე, თითქოს, წყლის გუბეში ქვა ჩააგდეთ და ტალღები წარმოიქმნა, ეს ტალღები კი გრავიტაციულია. ხოლო მედიუმი სივრცე-დროა, სადაც ტალღები ყველა მიმართულებით ვრცელდება. ახლა კი დაფიქრდით, რამდენი მსგავსი შემთხვევა შეიძლება მოხდეს სამყაროში… ეს ხმა გამუდმებით უნდა ისმოდეს, ფუტკრის ბზუილის მსგავსად, მაგრამ რატომ ვერ ვადგენთ?

სწორედ აქ იჩენს თავს ერთი პრობლემა: დედამიწა ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ისინი გრძელ ტალღის სიგრძეებზე ნანოჰერცის მასშტაბით დაადგინოს. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ ვცხოვრობთ გალაქტიკაში, რომელიც დედამიწაზე ბევრად დიდია. ისეთი რაღაც კი გვაქვს, რაც ზუსტ სიგნალებს ასხივებს და რაზეც ნანოჰერცის გრავიტაციულ ტალღებსაც შეუძლია მოქმედება, ეს რადიო პულსარებია — ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან სწრაფად ბრუნავს, თანაც ზუსტი დროით. 

თუმცა აქ პულსარებზე ერთჯერადი დაკვირვება არ გამოდგებოდა და სწორედ ამიტომ შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ჯამში 115 პულსარი 18 წლის მანძილზე. მიუხედავად ამისა, გრავიტაციული ტალღის დაფიქსირება ჯერ არ არის დადასტურებული, რის გამოც მკვლევრები დარწმუნებით ვერ გვეტყვიან, რა იწვევს მას. ყველაზე მკაფიო პასუხი კი სუპერმასიური შავი ხვრელი შეიძლება იყოს, თუმცა ამასთან, კოსმოსურ ძაფებზე, სამყაროს ფაზების ცვლილებასა და კოსმოსის სწრაფ ინფლაციაზე საუბრობენ, რომელიც დიდ აფეთქებას მოჰყვა. 

ხოლო თუ მკვლევართა ჰიპოთეზები გამართლდება, ნანოჰერცის გრავიტაციული ტალღის ასტრონომიის ახალი ეპოქა დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ სუპერმასიური შავი ხვრელების შესახებ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ…

შამპანურის ყველაზე დიდი ბოთლი მსოფლიოში — Zeus

როგორ ცდილობს Microsoft Excel სამსახურის აღფრთოვანებად ქცევას?