სიჯანსაღეზე ადამიანები ცოტათი ინტუიციურად საუბრობენ, რომ დიდხანს ჯდომაზე უკეთესი ფეხზე დგომაა, რომ ძილი აუცილებელია ჯანმრთელობისთვის… მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ინტუიციურად კი არა, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებით ვიმოქმედოთ, ამიტომ კვლევა 2000 მოზარდზე ჩაატარეს. ისინი ცდილობდნენ, პასუხი გაეცათ გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის რისკ-ფაქტორებზე.
კვლევის შედეგების თანახმად, ის, თუ როგორ გაატარებთ დღეს, მნიშვნელოვნად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. აქ ზომიერი თუ ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობების გარდა, ძილი, ჯდომა, დგომა და სხვა მსუბუქი ფიზიკური აქტივობებიც მოიაზრება, იქნება ეს სახლში თუ ოფისში გავლა. გვეუბნებიან, რომ ძილის ოპტიმალური რაოდენობა 8.3 საათია, მსუბუქ და საშუალო დატვირთვის აქტივობებს კი 2.2 საათი უნდა დაუთმოთ.
კვლევის 2000 მონაწილეს სხეულის სენსორები 7 დღის მანძილზე ჰქონდათ დამაგრებული. დასაწყისში მონაწილეებს წელის გარშემოწერილობა, სისხლში შაქრის დონე და ინსულინი გაუზომეს. შემდგომ კი გულის დაავადებების რისკ-ფაქტორებთან მიმართებაში გააანალიზეს. შედეგად იმ მონაცემებს გვაცნობენ, რომლებიც გულის დაავადებების ყველაზე დაბალ რისკებს უკავშირდება, რითაც ჯდომის, დგომის, მსუბუქი და ზომიერი ინტენსივობის აქტივობის ოპტიმალური ნაზავიც შემოგვთავაზეს.
როგორც აღმოჩნდა, მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობები, იქნება ეს აბაზანაში გასვლა თუ მეგობრებთან ერთად გასეირნება, დიდად უკავშირდება გლუკოზის კონტროლის საკითხს, განსაკუთრებით მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში. ეს მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობები დღის მანძილზე გროვდება, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე მეტად ვართ ფიზიკურად აქტიურები, ვიდრე ამაზე ვფიქრობდით.
ექსპერიმენტის თანახმად, მუდმივი ჯდომისას მსუბუქი აქტივობები, მაგალითისთვის ყოველ ერთ საათში 3-5 წუთამდე გასეირნება, აუმჯობესებს ჩვენს მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით ლანჩის შემდგომ. ზომიერი და ძლიერი ფიზიკური აქტივობების დრო კი უფრო მაღალია და დღეში 2 საათზე მეტსაც შეიძლება, შეადგენდეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, კვლავ შეგვახსენებენ, რომ ჯდომის დრო უნდა შევამციროთ, შესაბამისად, გავზარდოთ დგომისა და მსუბუქი თუ ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობები, ვიძინოთ ჯანსაღად 7.5-9 საათის განმავლობაში. როგორც ამბობენ, სასარგებლო იქნება ღამით ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაც, თუნდაც ტელევიზორის ყურებაზე უარის თქმა და დასაძინებლად ადრე წასვლა.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირველი მსგავსი კვლევაა და შედეგებს მომდევნო ექსპერიმენტებითაც სჭირდება დადასტურება…