ამბავი ასეთია: მცირე ფიზიკური აქტივობაც კი შეიძლება დაგეხმაროთ კიბოსთან ბრძოლაში — ამის თქმის საფუძველს ექსპერიმენტი გვაძლევს, რომელშიც მკერდის კიბოსგან გადარჩენილებმა მიიღეს მონაწილეობა. ე. წ. წინააღმდეგობის ვარჯიშისა თუ მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშის 45-წუთიანი სესიის შედეგად, სისხლის გადამტანი ცილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ მოთამაშეებს მიოკინებს უწოდებენ და როცა ისინი ლაბორატორიაში მკერდის კიბოს ნიმუშებთან ერთად წარადგინეს, გამოვლინდა, რომ მათ სიმსივნური უჯრედების ზრდა 30%-ით შეაფერხეს.
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ორივე ტიპის ვარჯიში ნამდვილად მუშაობს კიბოს საწინააღმდეგო მიოკინების წარმოების პროცესში ამ დაავადებისგან გადარჩენილ პირებში. შედეგები სოცარი მოტივაციაა, კიბოს მკურნალობის პროცესში არსებულ სტანდარტულ თერაპიაში ვარჯიშის ჩასართავად“, — აცხადებს ფრანჩესკო ბეტარიგა, კვლევის წამყვანი ავტორი.

ამჟამინელ ექსპერიმენტში სულ 32 პირი იყო ჩართული და მათ სისხლში მიოკინების რაოდენობა ვარჯიშამდე და ვარჯიშიდან 30 წუთში გაუზომეს. წინააღმდეგობის ვარჯიშის ჯგუფში არსებულმა პირებმა შტანგის აწევის, აზიდვებისა და სხვა მსგავსი ვარჯიშები შეასრულეს, როცა მაღალი ინტენსივობის ინტერვალების ჯგუფში სტაციონარულ ველოსიპედზე, სარბენ ბილიკზე და სხვა ტრენაჟორზე ივარჯიშეს.
შედეგად კი ამ ვარჯიშებმა მიოკინის სამი ტიპის დეკორინის, IL-6-ისა და SPARC-ის დონის მოკლევადიანი ზრდა გამოიწვია. ზრდის სტიმულირების ან ცხიმის წვის მიზნით, ვარჯიშის საპასუხოდ კუნთები სისხლში მიოკინებს გამოყოფს. თუმცა ამასთან ცნობილია, რომ ამ ცილებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტებიც აქვს.
პრეკლინიკურმა და ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ეფექტები თრგუნავს სხვადასხვა სიმსივნის, მათ შორის ძუძუს კიბოს ზრდას. აქამდე კი უცნობი იყო, მსგავსი ფენომენი ხდებოდა თუ არა კიბოსგან გადარჩენილებში.
ამგვარად, აღნიშნული, იმ კვლევათა რიგს უერთდება, რომლებიც მიოკინების როლს აღნიშნავს მკერდის კიბოსგან ბრძოლის საკითხში. მიუხედავად ამისა, ზუსტი პასუხების მისაღებად კიდევ ბევრი და ხანგრძლივი კვლევაა ჩასატარებელი.













