in

ახალი კვლევა – ფიზიკური აქტივობა ვაქცინის ეფექტურობას ზრდის და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას!

უმოქმედო ცხოვრების წესი ნაადრევ სიკვდილიანობას იწვევს

ვაქცინების არსებობამ პანდემიის დასრულების იმედი მოგვცა, მაგრამ Covid-19-ით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სულ უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს,  კორონავირუსი სხვა ინფექციური დაავადებების მსგავსი იქნება, მაგალითად, გრიპის, რომლისგანაც განუწყვეტლივ უნდა დავიცვათ თავი – ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი, ფიზიკური აქტივობაა.

უკვე დიდი ხანია, ყველამ ვიცით, რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან ეფექტური გზაა ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. 2008 წლის კვლევის თანახმად, ფიზიკური უმოქმედობა ყოველწლიურად ხუთ მილიონზე მეტი ნაადრევი სიკვდილის წინაპირობაა.

ამასთან დაკავშირებით ახლა კიდევ ერთი მიმოხილვა ჩატარდა, რომელიც ცხადყოფს, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ამცირებს ქრონიკული თუ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს და მნიშვნელოვნად ზრდის ვაქცინაციის კამპანიის ეფექტურობას.

6 ფაზად დაყოფილ კვლევაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და სისტემატურად გროვდებოდა მონაცემები, რომლებიც ავადობის რისკზე ფიზიკური აქტივობის გავლენას ეხებოდა, იქნებოდა ეს პნევმონია – Covid-19-ის დროს გარდაცვალების ხშირი მიზეზი. შედეგად მკვლევრებმა თანმიმდევრული და დამაჯერებელი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ კვირაში 5 დღის განმავლობაში 30 წუთიანი აქტივობა დაავადებისა და სიკვდილის რისკს 37%-ით ამცირებს.

ამას ემატება კიდევ ერთი კვლევის შედეგები, რომელიც აშშ-ში, კონკრეტულად Covid-19-თან მიმართებით ჩატარდა. ეფექტი კი, სულ მცირე ისეთივე ძლიერია, როგორც ზემოთ აღნიშნული. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს – ის ანტისხეულ იმუნოგლობულინ IgA-ის დონის მატებას იწვევს. ეს ანტისხეული ფილტვებისა და ჩვენი სხეულის სხვა ნაწილების ლორწოვან გარსს ფარავს, საიდანაც ვირუსები და ბაქტერიები აღწევენ ორგანიზმში.

ასევე, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ზრდის CD4 + T უჯრედების რაოდენობას, რომლებიც შეტევის იმუნურ სისტემაზეა პასუხისმგებელი და არეგულირებს მის რეაგირებას.

და ბოლოს, კვლევა აშკარა დამადასტურებელია იმისა, რომ ვაქცინები უფრო ეფექტურია, როდესაც ორგანიზმში ფიზიკური დატვირთვის პროგრამის შემდეგ შეჰყავთ ორგანიზმში. აქტიურ ვაქცინირებულ ადამიანში, ანტისხეულების რაოდენობა 50%-ით მეტია, ვიდრე უმოძრაო წესით მცხოვრებში. ეს შესაძლოა, ვაქცინაციის კამპანიის ეფექტურობის მარტივი გზა იყოს…

როგორ გიცავთ ფიზიკური აქტივობა დაავადებებისგან?

არსებობს სამი მექანიზმი, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას ეფექტურ “სამკურნალო საშუალებად” აქცევს.

პირველი – ის ორგანიზმს იცავს მძიმე და ფატალური ინფექციის რისკ ფაქტორებისგან. ფიზიკურად აქტიური ადამიანები ნაკლებად განიცდიან სიმსუქნეს, დიაბეტს, რესპირატორულ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Covid-19 და სხვა რესპირატორული ინფექციური დაავადებები უფრო მძიმე გადასატანია მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემები აქვს.

ფიზიკური აქტივობა ასევე ამცირებს სტრესს და ქრონიკულ ანთებას, რაც, თავის მხრივ, არასასურველი და ფატალური ინფექციების ალბათობის ნაკლებობაზე მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსისა და პნევმონიით სიკვდილიანობის უმეტესობა უკონტროლო ანთებითი რეაქციის შედეგი იყო.

დაბოლოს, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო ძლიერია, თუ ფიზიკურად აქტიურები ვართ.

მოქმედება უნდა დავიწყოთ!

ფიზიკური აქტივობა უდაოდ შეუდარებელი გზაა იმისათვის, რომ მოსახლეობა ნაკლებად მოწყვლადი იყო ინფექციური დაავადებებისა თუ მომავალი ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ. ამიტომაც, აუცილებელია, სწრაფად დაიწყოს მისი ეფექტურად გამოყენება, კორონავირუსის ამჟამინდელ ეპიდემიასთან საბრძოლველად. და, რა თქმა უნდა, ამაში გრძელვადიანი ინვესტიციაც უნდა იქნას ჩადებული, პანდემიის საზოგადოებაზე დამანგრეველი სოციალური და ეკონომიკური გავლენის თავიდან ასაცილებლად.

მართალია, მას შემდეგ, რაც შეზღუდვების შედეგად სახლებში გამოიკეტა, ბევრი დაინტერესდა ვარჯიშით და აქტიური ცხოვრების წესით, თუმცა ეს ნამდვილად არ არის საკმარისი… მიზეზი ერთია – ამ რამდენიმე ადამიანის პარალელურად, გასული წლის განმავლობაში, გლობალურად შეინიშნებოდა ფიზიკური აქტივობის დონის აშკარა შემცირება. ეს საშიში ტენდენციაა, რომელმაც შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გახადოს მოსახლეობა ინფექციური და ქრონიკული დაავადებების მიმართ უფრო დაუცველი.

სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფიზიკური აქტივობის დონე გაცილებით დაბალია იმ საზოგადოებებში, სადაც მეტი ეკონომიკური უთანასწორობაა. ამიტომ, ყველა ქვეყნის მთავრობამ და ჯანდაცვის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფაზე, რადგან ფიზიკური უმოქმედობის გავლენის არასათანადოდ შეფასება პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებს საგრძნობლად გააუარესებს…

დღეიდან, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია! [ვიდეო]

ნახეთ: შანხაის ცაზე 1500 დრონით გიგანტური QR კოდის გამოსახულება შექმნეს