ბევრი რამ შეიძლება ასახავდეს ბრენდს და მის კულტურას, თვით პროდუქტით დაწყებული, მომსახურებებით, მხარდაჭერილი პროექტებით დამთავრებული. ასევე, ბრენდის კონცეფცია და მიდგომების თავისებურება შეიძლება რაიმე კონკრეტულმა სივრცემაც გამოხატოს. მაგალითად, ბრენდები დღესდღეობით აქტიურად მუშაობენ ფლაგმანი სივრცეების/მაღაზიების (Flagship space) შექმნაზე, რათა ერთიანად წარმოაჩინონ თავიანთი მომსახურების/პროდუქტის შესაძლებლობები. ამგვარი სივრცეებით კომპანიები მომხმარებლებს პროდუქტთან ერთად, ახალ გამოცდილებას – თავიანთ ინტერესებზე მორგებულ გარემოს, აქტივობებსა, თუ სხვადასხვა სერვისს სთავაზობენ.
როგორც წესი, ფლაგმანი სივრცეები დიდ და პრესტიჟულ შენობებში იქმნება ხოლმე. შექმნილი გარემოდან გამომდინარე კი, მომხმარებლებმა იციან, რომ ეს სივრცე ბრენდის სხვა შენობებისგან განსხვავებით, უნიკალურია და მსგავს გამოცდილებას სხვაგან ვერ მიიღებენ. ფლაგმან შენობაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკას, ინტერიერის დიზაინს, გათვალისწინებულია თითოეული დეტალი, რათა ვიზიტორმა მაქსიმალურად კარგად იგრძნოს თავი. ბევრი ამგვარი სივრცე მომხმარებლებს მომსახურების გარდა, საერთო სამუშაო სივრცით, კაფით, ბიბლიოთეკითა თუ სხვა დამატებითი სარგებლითა და საჭირო გამოცდილებით უზრუნველყოფს.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ფლაგმანი სივრცეები ბრენდის სტრატეგიის და ბიზნეს მოდელის ერთგვარი ირიბი გამოხატულებაა. ამგვარი სივრცე კომპანიისთვის საკუთარი თავის წარმოჩენის ინოვაციური გზაა.
მსგავსი ინოვაცია კი ცოტა ხნის წინ, საქართველოში თიბისიმ შემოგვთავაზა. მარჯანიშვილის 7-ში, განახლებულ ისტორიულ შენობაში, თიბისი კონცეპტმა ახალი შესაძლებლობებისთვის მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. Flagship-ის ტიპის სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა თუ პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. ერთი სიტყვით, თიბისი მომხმარებლებს გარდა მომსახურებისა, სხვა, დამატებით სარგებელსა და გამოცდილებას სთავაზობს ამ სივრცით.

ქართული ფლაგმანი სივრცის მაგალითის შემდეგ კი, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო ბრენდების ყველაზე პოპულარულ მაგალითებს გადავხედავთ:
Apple-ის ფლაგმანი სივრცე ნიუ-იორკში
სტივ ჯობსმა ეს სივრცე 2006 წელს გახსნა და მას მერე ამ შენობამ 57 მილიონი ვიზიტორი მიიღო. დღეს ეს შენობა ორჯერ დიდია, ვიდრე მისი პირველი ვერსია. ჩანს, რომ ეფლმა საკმაოდ ბევრი იზრუნა მისი დიზაინის გათანამედროვებაზე – მისი ინტერიერი გაწყობილია შუშებით და შადრევნებით. ასევე, დიდი ყურადღებაა დათმობილი გამწვანებაზეც. ეფლის ფლაგმანი მაღაზია მშვენიერი შანსია მისი მომხმარებლებისთვის, აღმოაჩინონ და გაეცნონ ბრენდის უახლეს პროდუქტებს. ესაა ეფლის ერთადერთი მაღაზია, რომელიც 365 დღე, 24 საათის განმავლობაში ღიაა.

NESPRESSO-ს ფლაგმანი მაღაზია ლონდონში
Nespresso-ს ბუტიკი მომხმარებლებს სხვადასხვა სპეციფიკური ზონის მეშვეობით სთავაზობს უნიკალურ პერსონალურ გამოცდილებას. მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, დააგემოვნონ სხვადასხვა ტიპის ყავა, გაეცნონ მის ხარისხს სპეციალისტების დახმარებით. ასევე, მათ აქვთ საშუალება, გაიგონ მეტი ყავის გადამუშავების და კონკრეტულად ამ კომპანიის საწარმოს შესახებ.

MINI LIVING – მინის ფლაგმანი სივრცე შანხაიში
ის, თუ როგორი სტრატეგია, მომხმარებლისადმი დამოკიდებულება და აღქმა აქვს მინი კუპერს, კარგად ჩანს მის შანხაიში შექმნილ ფლაგმან სივრცეში “MINI LIVING”. ეს ადგილი თავს უყრის საგამოფენო სივრცეებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, გაზეთების მაღაზიას, რესტორანსა და მცირე კინოთეატრს. ამ ბრენდს ძალიან სჯერა სპონტანურობის, სწორედ ამიტომ MINI LIVING-ის შენობაში კედლები მოძრავია. MINI ამ სივრცით ერთგვარ დაუსრულებელ მოგზაურობას ჰპირდება მომხმარებელს.

Louis Vuitton-ის ფლაგმანი მაღაზია ოსაკაში
ძველი იაპონური სავაჭრო გემების იალქნებით ინსპირირებული შენობა ოსაკაში ლუი ვიტონის ერთ-ერთ მთავარ ფლაგმან მაღაზიას წარმოადგენს. ამგვარი ექსტერიერით ბრენდი შეეცადა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ის ამ ქალაქის მთავარი “პორტია”. ოთხ სართულიან მაღაზიაში წარმოდგენილია ბრენდის ტანსაცმელი და აქსესუარები, აგრეთვე ისტორიული საგნები ლუი ვიტონის არქივიდან და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები Objets Nomades-ის კოლექციიდან. აქვე ნახავთ ლუი ვიტონის პირველ კაფეს “Le Cafe V”, სადაც ექსკლუზიური რესტორნის Sugalabo V-ის საიდუმლო შესასვლელი მდებარეობს.

Burberry-ის ფლაგმანი მაღაზია ლონდონში
ძველი კინოთეატრის შენობაში განთავსებული ბარბერის ფლაგმანი მაღაზია სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს. ეს არის დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სივრცე, სადაც ბრენდის ძველი, 1900-იანი წლებისთვის დამახასიათებელი მოდელებია წარმოდგენილი. აქ ვერ ნახავთ დიდ სალარო აპარატებს, პროდუქტის შეძენას კონსულტანტებთან შეძლებთ, რომლებიც მხოლოდ iPad-ებითა და ტრანზაქციებისთვის განკუთვნილი საკრედიტო ბარათების აპარატებით არიან აღჭურვილები.

Glossier-ის ფლაგმანი სივრცე ნიუ-იორკში
ამ ბრენდის ფლაგმანი მაღაზიის ნიშას პასტელური ვარდისფერი კედლები და წითელი კიბე წარმოადგენს. დაახლოებით 500 კვადრატული სივრცის დიდი ნაწილი ეთმობა კანის მოვლისა და სხვა სილამაზის პროდუქტების გალერეას. მომხმარებლებს დათვალიერების გარდა, ასევე შეუძლიათ, გაიკეთონ მაკიაჟი. ფლაგმანი მაღაზიის მთლიანი ინტერიერი ვიზიტორებს მომენტალურად უქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ ისინი მართლაც თავის მოვლის ბრენდის მაღაზიაში არიან.

LEGO-ს ფლაგმანი სივრცე ნიუ-იორკში
ლეგო არაჩვეულებრივ შანსს აძლევს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, საუკეთესო გამოცდილება მიიღონ ნიუ იორკში, როკფელერის ცენტრში არსებულ ფლაგმან მაღაზიაში. გარდა იმისა, რომ აქ შესაძლებელია ლეგოს პროდუქციის შეძენა, ვიზიტორებს ასევე აქვთ შანსი, ითამაშონ სხვადასხვა ფიზიკური თუ ვირტუალური თამაში. გაესაუბრონ ლეგოს სპეციალისტებს და თავიანთ ინტერესებზე მორგებული სათამაშო აარჩიონ. ლეგოს ფლაგმანი მაღაზია ნიუ-იორკში სრულიად ახალი თავგადასავალია.

ADIDAS-ის ფლაგმანი მაღაზია ნიუ-იორკში
შეიძლება ითქვას, რომ ეს სივრცე ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ბრენდია. აღნიშნული მაღაზია სტადიონითაა ინსპირირებული და მისი ოთხივე სართულის ინტერიერი სპორტულ სტილშია შექმნილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ საქონლის პერსონალიზაცია – მაგალითად, მაისურზე ბეჭდვა. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ შეუკვეთონ პროდუქტები ადგილზე და გადაიხადონ მაღაზიის ინტეგრირებული POS სისტემის გამოყენებით. სივრცე ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ჯანსაღ წვენებსა და ფიტნეს კონსულტაციებსაც.











