Flash Design Studio (Flash. Ge) 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის ძირითადი მიმართულება ვებ-გვერდების დამზადებაა.
გარდა ამისა, მომხმარებელს Facebook და მობილურ აპლიკაციებს, Flash თამაშებს, კონსულტაციებს ვებ-გვერდის მოხმარების გაუმჯობესებისა და საძიებო სისტემებისათვის ოპტიმიზაციის კუთხით (SEO) სთავაზობენ.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია ხითარიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივთან ერთად, მომსახურებას რუსულ, ლიბანურ, გერმანულ, ამერიკულ, ბრიტანულ, შვეიცარიულ, აზერბაიჯანულ, სომხურ კომპანიებსაც უწევენ.
ვებ-დიზაინის მიმართულებით, ხშირად კრეატივის ნაკლებობაზე საუბრობენ. Flash Design Studio-ში ამბობენ, რომ კრეატივი მართლაც რთული საკითხია.
”ჩვენ კრეატივს ვუზრუნველვყობთ ბევრი ფიქრით და უცხოური გამოცდილების ათვისებით. ამასთან ვცდილობთ, ყველა პროდუქტი განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან, დიდ ყურადღებას ვუთმობთ Usability-ს, რომელიც ვებ-გვერდის მოხმარების ამოსავალია. არის სხვადასხვა ტექნიკა, როგორ გავხადოთ ის უფრო მარტივად გამოყენებადი, დიზაინის ხატვისას ამ მომენტსაც ვითვალისწინებთ”.
დღეს ამ ბაზარზე მოთამაშეთა რიცხვი არც ისე მცირეა. ზაქარია ხითარიშვილი თვლის, რომ გარემო მართლაც კონკურენტულია. მისი აზრით, მარტივია ამ ბიზნესში შესვლა. დაბალი ფასი, თუნდაც, ძალიან დიდი კომპანიებისთვის, ხშირად გამხდარა ამოსავალი გადაწყვეტილების მიღებისას.
”Flash.ge-ში ნორმალური ფასებია ჩვენს მიერ დახარჯულ დროსთან შეფარდებით. ბევრი თვლის, რომ ვებ-გვერდები 200 ლარიდან კეთდება. შესაბამისად, ამ კატეგორიის დამკვეთებისათვის ჩვენი სერვისი ძვირი იქნება. ზოგადად, ასეთი მიდგომა გვაქვს: ვცდილობთ, ნებისმიერ გვერდზე ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას ჰქონდეს თავისი შესაბამისი ადგილი, რომელიც დიზაინერის მიერ არის წინასწარ განსაზღვრული.
ამიტომ, გვიწევს ყველა ტიპის გვერდის დიზაინების შექმნა და პროგრამულად აწყობა, რაც თავისთავად აძვირებს ვებ-გვერდის ღირებულებას, სამაგიეროდ ყველაფერი თავის ადგილზეა. იმის გამო, რომ არ გვაქვს სტანდარტიზებული პროდუქტი, რადგან ყველა ვებ-გვერდი განსხვავებულია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტული ფასის თქმა”.
პატარა ბაზრისა და არსებული კონკურენციის პირობებში Flash Design Studio-ში ამბობენ, რომ მათი უპირატესობა საქმისადმი მიდგომა, დიზაინი და ვებ-გვერდის მართვის სისტემა Flexy Panel-ია, რომელიც მოქნილი, სწრაფი, ადვილად გამოსაყენებელი და დაცულია.
ზაქარია ხითარიშვილი ამბობს, რომ ზოგადად, საქართველოში ძალიან პატარა (მომხმარებლების კუთხით) და ამასთანავე პრეტენზიული ბაზარია, ამიტომ ცდილობენ, უფრო მეტად, უცხოელ მომხმარებელზე გააკეთონ აქცენტი. ამბობს, რომ რთულია მაინც 16 კაციანი პერსონალის ”შენახვა” საქართველოში, ვებ-დიზაინის ბიზნესში.
კომპანიაში თვლიან, რომ ჰქონდათ ძალიან წარმატებული და პირიქით, წარუმატებელი პროექტები. ”ყველაზე წარმატებული პროექტებიდან აღსანიშნავია სამშენებლო კომპანია ”ანაგი”-ს ვებ-გვერდი, ასევე სასტუმრო ლოპოტას პროექტი. დამკვეთმა გვანდო ვებ-გვერდის დამზადება თავიდან ბოლომდე და პროექტები ჩვენი გამოცდილების, იდეის და ხედვის გათვალისწინებით შეიქმნა.
ასევე იყო პროექტები, რომლებზე მუშაობაც დიდ ხანს გაიწელა. თავიდან არ იყო პროექტი კარგად ჩამოყალიბებული და მუშაობის პროცესში ბევრი რამე დაემატა. ძირითადად, ხდება ისე, რომ დამკვეთისთვის და შემსრულებლისთვის ერთიდაიგივე პროექტი სხვადასხვა რამეს ნიშნავს.
გვყავდა კლიენტები, რომლებსაც სურდათ პროექტი ყოფილიყო უსასრულო გაუმჯობესების სტადიაში, თუმცა, თანხებს არ გვიმატებდნენ, ჩვენც ვიზრდებით და ყველანაირად ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები. თუმცა, მაინც საბოლოო ჯამში მივდივართ დათმობებზე კლიენტებთან, იმიტომ, რომ ზოგჯერ უბრალოდ არ ესმით, რომ სამუშაო დოკუმენტის მიხედვით ვთქვით ჩვენ ღირებულება და ვადები და არა მათი შემდეგი მზარდი ფანტაზიის გათვალისწინებით”.