in

თქვენს თანამშრომლებს ავტონომია სურთ – რას ნიშნავს ეს?

თანამედროვე საქმიან სამყაროში სიტყვა „მოქნილობა“ ხშირად გვხვდება. მას ხშირად იყენებენ ჰიბრიდული სამუშაო გარემოს აღწერისას. ეს სიტყვები მომავლის სამსახურის ნაწილად იქცა, რომელზეც აქტიურად საუბრობენ. თუმცა, როგორც ყველა მსგავს სიტყვას ემართება, „მოქნილობაც“ ფრთხილი ინტერპრეტაციის საგნად იქცა. ზოგიერთისთვის ეს ნიშნავს ნებისმიერი ადგილიდან მუშაობას მთელი კვირის მანძილზე, სხვებისთვის – მხოლოდ რამდენიმე დღეს კვირაში. მაინც, რას გულისხმობენ თანამშრომლები, როდესაც „მოქნილობას“ ითხოვენ? შესაძლოა, ეს ავტონომიაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჰიბრიდული მუშაობის კონტექსტში, ეს ნიშნავს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, თუ საიდან და როდის იმუშაონ. შესაბამისად, იმ ლიდერებისთვის, რომლებსაც სურთ ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში წარმატებას მიაღწიონ, მნიშვნელოვანია „მოქნილობაში“ იგულისხმონ ავტონომია.

თანამშრომლებს სურთ მოქნილობა, ავტონომიის სახით

ჰიბრიდული სამუშაო გარემოს უახლეს კვლევაში, 5000 ცოდნის მუშაკი გამოიკითხა, მსოფლიოს გარშემო. მათ ჰკითხეს, თუ რა სურდათ სამუშაოსგან, სამომავლოდ. 59%-მა განაცხადა, რომ მოქნილობა ბევრად მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე ანაზღაურება ან სხვა კრიტერიუმები, ხოლო 77%-მა თქვა, რომ ურჩევნია იყოს ისეთ კომპანიაში, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან მისცემს მუშაობის შესაძლებლობას, ვიდრე თანამედროვე კორპორაციულ ოფისში.

თანამშრომელთა 61% ამბობს, რომ ურჩევნია, ხელმძღვანელობამ მისცეს არჩევანის საშუალება, როდის იარონ ოფისში და როდის – არა. გამოკითხულთა 59%-ის თქმით, არ იმუშავებდა ისეთ კომპანიაში, სადაც ოფისში კვირაში 5 დღის გატარება მოუწევთ.

თანამშრომლების ოფისში დაბრუნების მცდელობა უკვე ჰქონდათ დიდ კომპანიებს, თუმცა, მაგალითად, Apple-ისთვისაც კი, კვირაში სამი სამუშაო დღის ოფისში გატარებაც კი, თანამშრომელთა მასობრივი გადინებით დასრულდა. თანამშრომლებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ მოთხოვნილებებს აქტიურად აიგნორებდნენ. მათ მენეჯმენტებს ღია წერილით მიმართეს, სადაც მომავლის სამუშაო გარემოზე თავიანთ ხედვას უზიარებდნენ. მათ სურდათ ჰქონოდათ ავტონომია, აერჩიათ სამუშაო ადგილმდებარეობა.

რატომაა მნიშვნელოვანი თანამშრომლებისთვის ავტონომიის მიცემა?

გარდა იმისა, რომ ეს უბრალოდ, მათი სურვილია, ამის გადასაწყვეტად რამდენიმე მიზეზი არსებობს. 1985 წელს, ამერიკელი ფსიქოლოგები რიჩარდ რაიანი და ედვარდ დესი მუშაობდნენ თეორიაზე, რომელმაც თანამშრომელთა ანაზღაურებაზე შეხედულებები ძირეულად შეცვალა. თუკი მანამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ანაზღაურებაა, ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ თვითგანსაზღვრის თეორიის მიხედვით, არსებობს ავტონომიური მოტივაცია პირადი, ფსიქოლოგიური ზრდის, რაც ადამიანის წარმატებისა და თვითრეალიზაციის საფუძველს წარმოადგენს.

მკვლევრების მიხედვით, თვითგანსაზღვრულობა სამი კომპონენტისგან შედგება: ავტონომია, კომპეტენცია და კავშირი. ისინი ავტონომიას განსაზღვრავდნენ როგორც საკუთარი ცხოვრების მთავარ ფაქტორად ყოფნის სურვილს. თუკი თანამშრომლებისთვის ავტონომიის მიცემაზე ვფიქრობთ, დიდწილად, შეგვიძლია ველოდოთ კმაყოფილებას, სამუშაოში უფრო მეტ ჩართულობასა და პროდუქტიულობას.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები. ბუნებრივია, თანამშრომელს კვლავაც სურს მიიღოს ღირსეული ანაზღაურება. თუმცა, მნიშვნელოვანია ისეთი მოტივატორები, რაც თანამშრომლებიც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეუწყობს ხელს, უკეთ გააკეთონ მათზე დაკისრებული საქმე. სწორედ ამიტომ, თანამშრომლები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სამუშაოს მოქნილობას უფრო მეტად, ვიდრე ეს ანაზღაურება ან სხვა სარგებელია.

რა კავშირია ავტონომიასა და მოქნილობას შორის

როგორც უკვე ითქვა, ჰიბრიდული სამუშაოსადმი უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. ჰიბრიდული მუშაობის ერთი ფორმაა იმუშაო სახლიდან და ოფისიდან, განსაზღვრული დღეების მანძილზე. თუმცა, სხვა ბევრი გზაც არსებობს. უმარტივესი ხერხი, რომ განასხვაოთ ჰიბრიდული მოდელები ერთი მეორისგან არის ავტონომიის ხარისხი, რომელიც თანამშრომელს აქვს.

იმისათვის, რომ გაიაზროთ, რა დოზის ავტონომია შეგიძლიათ მისცეთ თანამშრომელს, ეს იერარქია გამოიყენეთ, რომელიც ქვემოთ მოგიმზადეთ.

დაბალი ავტონომია, დაბალი მოქნილობა: ოფისში ყოფნა მუდმივად აუცილებელია

დაბალი ავტონომია, საშუალო მოქნილობა: თანამშრომელი მუშაობს სახლიდან და ოფისიდან, მაგრამ ორგანიზაცია წყვეტს, როდის სად ატარებს ამ დროს.

საშუალო ავტონომია, საშუალო მოქნილობა: თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს სხვადასხვა ადგილებიდან, თუმცა, კონკრეტული დღეების განმავლობაში, ოფისში უნდა იყოს.

საშუალო ავტონომია, მაღალი მოქნილობა: თანამშრომელი დისტანციურადაა მუდმივად და შეუძლია აირჩიოს, საიდან იმუშავებს.

მაღალი ავტონომია, მაღალი მოქნილობა: თანამშრომელს შეუძლია იმუშაოს იქიდან, საიდანაც უნდა, იმ დროს, როცა უნდა და ჰქონდეს სრული წვდომა ორგანიზაციის საოფისე სივრცეზე.

თანამშრომლები, რომლებსაც მაღალი ავტონომია აქვთ მინიჭებული ორგანიზაციისგან, მაღალი დონის მოქნილობასაც ფლობენ, რადგან არ აქვთ გეოგრაფიული შეზღუდვა სამუშაოზე. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს არ ნიშნავს ყველა თანამშრომლისთვის ერთი და იმავე ხარისხის ავტონომიისა და მოქნილობის მინიჭებას.

პანდემიის პირობებში, დისტანციური მუშაობის დანერგვისას, ყველაზე გავრცელებული საშუალო ავტონომია და საშუალო მოქნილობაა. თუმცა, საინტერესოა თავად ტენდენცია. მონაცემები გვაჩვენებს, რომ თანამშრომლები ეძებენ მოქნილობას და თუკი არსებულ სამსახურში ვერ პოულობენ, სხვაგან იწყებენ მის ძიებას. ამდენად, მაქსიმალური ავტონომია კომპანიისთვის არამხოლოდ უპირატესობაა, არამედ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების გზაც.

სამი ნაბიჯი, როგორ გავზარდოთ ავტონომია ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში

1. დანერგეთ პრინციპები და არა წესები

ჰიბრიდული სტრატეგიები, რომლებიც თანამშრომლებს მიუთითებს, საიდან და როდის იმუშაონ, ცოტა ხანში, თავად თანამშრომლების მხრიდან დაიბლოკება. გამოკითხული თანამშრომლების 86% მიიჩნევს, რომ სამართლიანი ჰიბრიდული სამუშაო გარემოს შესაქმნელად, საჭიროა საერთო გაგება, თუ როგორ მოეკიდონ ჰიბრიდულ სამუშაოს. ამიტომაცაა საჭირო პრინციპების შემუშავება, წესების ნაცვლად. პრინციპებზე გადასვლისას, მკაცრი „მინიმუმ, სამი დღე ოფისში“ შეიძლება გადაფორმულირდეს ასე „კომპანიაში მუშაობა შეგიძლიათ როგორც ოფისში, ასევე, დისტანციურად, იმის მიხედვით, კონკრეტული ამოცანების შესრულება საიდან უფრო კომფორტულია თქვენთვის“. საბოლოო ჯამში, პრინციპებიც ისევე ეფექტიანია, როგორც წესები. ამავდროულად, თანამშრომლებს უტოვებს სივრცეს არჩევანისთვის.

2. ჩადეთ ინვესტიცია კომპეტენციასა და სიახლოვეში

თვითგანსაზღვრულობა სამი რამისგან შედგება: ავტონომიის, კომპეტენციისა და სიახლოვისგან. ეს სამი კომპონენტი მჭიდრო ურთიერთკავშირშია, რათა ადამიანები მოტივირებულები და თვითრეალიზებულები იყვნენ. ამგვარად, იმისათვის, რომ ავტონომიის ყველა სარგებელი მიიღოთ, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეთ ინვესტიციას.

კომპეტენცია ადამიანის უნარს უკავშირდება, ჯეროვნად შეასრულოს სამუშაო. ამგვარად, ორგანიზაციები, რომლებიც უნარების განვითარებაში დებენ რესურსებს, თანამშრომლებს ავტონომიურად მუშაობაში ეხმარებიან. მენეჯერებისთვის ეს საკუთარი თანამშრომლების კომპეტენციაში ჩადებულ ინვესტიციას ნიშნავს, რათა პროდუქტიულებიც იყვნენ და განვითარებაც შეძლონ სამსახურში.

სიახლოვე ორგანიზაციულ გარემოსთან ჩვენს კუთვნილებას გულისხმობს. ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში ის დიდ გამოცდას გადის. კვლევით დასტურდება, რომ ჰიბრიდული სამუშაო გარემო მნიშვნელოვანია, მაგრამ სოციალური ურთიერთობები კვლავაც რჩება გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს დისანციურად სურს მუშაობა, ისინი კვლავაც ღელავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, არ დაზარალდეს მათი კარიერა. ამდენად, ხელმძღვანელები არიან გამოწვევის წინაშე, სრულყოფილად ააწყონ ვირტუალური და რეალური კორპორაციული კულტურა.

3. მიეცით თანამშრომლებს შესაბამისი ინსტრუმენტები, ნებისმიერი ადგილიდან მუშაობისთვის

ინსტრუმენტები, რომლებიც ინდუსტრიულ ეპოქაში გვჭირდებოდა, ფიზიკური სამუშაო გარემოდან გამომდინარეობდა. ინოვაციები, როგორიცაა ნახშირის ქურა ან საბეჭდი დაზგა, თავის მხრივ, მასიურ სტაციონარულ ინსტრუმენტებად გვევლინებოდა, რასთანაც თანამშრომელს წისქვილში თუ ქარხანაში უწევდა მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ ინტელექტუალური სამუშაო უფრო მეტად აქტუალური გახდა, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებული სამუშაო შეიცვალა, თუმცა მემკვიდრეობად გამოყვა 8-საათიანი სამუშაო განრიგი და სხვა მახასიათებლები.

თუმცა, ტექნოლოგიურ ეპოქაში, პანდემიამ სამუშაოს, დროისა და ადგილის ფენომენის გამიჯვნა გახადა შესაძლებელი. კონკრეტული ადგილმდებარეობა ეფექტიანი სამუშაოს აუცილებელ პირობას აღარ წარმოადგენს. საქმის გასაკეთებლად სპეციფიკური ადგილმდებარეობა საჭირო აღადაა და რაც მთავარია, თანამშრომლებს სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები საქმის ეფექტიანად შესასრულებას.

როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო დონეზე, გამოკითხულთა 71% ფიზიკურ საოფისე გარემოს არასაჭიროდ მიიჩნევს, 85% კი ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაში თავდაჯერებულობას საქმეში წარმატებას უკავშირებს.

აღჭურვილობა, რაც თანამედროვე ცოდნის მუშაკს სჭირდება, ფაქტობრივად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ადამიანები ინდუსტრიულ ეპოქაში იყენებდნენ. ახლა ის უნდა იყოს მოქნილი, უსადენო და დინამიკური და არა დიდი და სტატიკური ახლა, ადამიანებს სჭირდებათ ნოუთბუქები, რომლებიც საოპერაციო შესაძლებლობას მისცემთ. ამას გარდა, საჭიროა უსადენო მოწყობილობები, როგორიცაა ვიდეოკამერა, კლავიატურა და თაგვი, რისი მარტივად გადატანაა შესაძლებელი.

იმ პირობებში, როდესაც ხელმძღვანელები ოფისებისთვის უძრავი ქონების საჭიროებაზე ფიქრობენ და ჰიბრიდულ სამუშაოს განიხილავენ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები აღჭურვონ საჭირო ინვენტარით, რათა შეძლონ ეფექტიანად, ავტონომიურად მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან.

საბოლოო ჯამში, ორგანიზაციაზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი მიდგომა შეესაბამება მათ კულტურას, ინდუსტრიას და ცხადია, მიზანს. თუმცა, იმ ორგანიზაციებისთვის, ვისმა თანამშრომლებმაც მოქნილობის სურვილი გამოთქვეს, ბევრად მნიშვნელოვანია ავტონომიის უზრუნველყოფა, ვიდრე საოფისე სივრცეში მოსვლის დავალდებულება. ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლებს აძლევენ ავტონომიას და მხარს უჭერენ ჯანსაღი პრინციპებით, ტრენინგებითა და ხელსაწყოებით, საბოლოო ჯამში, მიიღებენ ბევრად მოქნილ და მოტივირებულ კოლექტივს და ბუნებრივია, ბევრად მაღალ პროდუქტიულობას.

წყარო: HBR



ტვინის იმპლანტი პარალიზებული ადამიანის აზრებს ტექსტად გარდაქმნის!

როგორ გავიუმჯობესოთ იმუნური სისტემა?