პარალელურ რობოტებს იმ მექანიკურ მოწყობილობებს უწოდებენ, რომლებიც ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული მობილური პლატფორმისგან შედგება. მათ ძირითადად ისეთ საქმეების შესასრულებლად იყენებენ, როგორებიცაა ნივთების შეფუთვა, ტრანსპორტირება და ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები.
თუმცა ამ დრომდე მსგავსი ტიპის რობოტების უმეტესობას არ შეეძლო მოცულობითი და მყიფე ობიექტების მართვა. ახლა კი ინდუსტრიაში Flexiv გამოჩნდა — ჩინური კომპანია, რომელმაც „პირველი“ კონტროლირებადი პარალელური რობოტი წარმოგვიდგინა. დროიდს, სახელწოდებით Moonlight, ნებისმიერი საქმის შესრულება ისე შეუძლია, როგორც რობოტულ მკლავს — უბრალოდ, მეტად დაბალანსებული მოძრაობებით და მყიფე ნივთების სათანადო დაცვით. მაგალითად, ამ უკანასკნელს შეუძლია, მიკროსქემის დაფებზე ძალიან მცირე ზომის დეტალებიც კი მოათავსოს. რაც შეეხება წონას, დროიდს 12 კილოგრამამდე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საკმარისი ძალა აქვს.
როგორც ამბობენ, რობოტი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩაეშვება მასობრივი წარმოებისთვის. მანამდე კი, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი მახასიათებელიც დაამატონ.