არსებობს დღეები, რომლებიც ზღაპრულად უნდა დაგვამახსოვრდეს. ქორწილი, დაბადების დღე თუ კორპორაციული საღამო – ის მოვლენებია, სამუდამოდ რომ გვსურს, აღვბეჭდოთ როგორც ფოტოგრაფიულად, ისე ჩვენს მეხსიერებაში. ასეთმა ღონისძიებებმა უნაკლოდ უნდა ჩაიაროს, ამისთვის კი პროფესიონალი ორგანიზატორების გუნდია საჭირო.
Flowers.ge Events ქართული სააგენტოა, რომელსაც ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება შეუძლია. ეს არის კომპანია, სადაც გაერთიანებულია სამი მთავარი მიმართულება: ყვავილები, საორგანიზაციო გუნდი და საღონისძიებო ინვენტარი. თითოეული ამ სერვისით სარგებლობა კომფორტულია მომხმარებლისთვის, რადგან კომუნიკაციით დაწყებული, შოურუმითა და ონლაინარხებით დამთავრებული, Flowers.ge Events ყოველმხრივ გამართულ მომსახურებას გთავაზობთ.

კომპანიის ხელმძღვანელი, სოფო გელაშვილი გვიყვება, რომ მთავარი ამ საქმეში პირველადი კომუნიკაციაა, პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც დამკვეთზე მოახდენ, შემდეგ კი, ცხადია, სწორად დაგეგმილი და კარგად ჩავლილი ღონისძიება თავად განაპირობებს მომხმარებლის კმაყოფილებას.
M: სოფო, გვითხარით, როგორ დაიწყო Flowers.ge Events-ის ისტორია – რა სერვისით დაიწყეთ ბიზნესი და როგორ გაფართოვდით სხვადასხვა მიმართულებამდე?
2006 წელს დაარსდა კომპანია Flowers.ge, რომელიც პოზიციონირებდა, როგორც ყვავილების მაღაზია.
2013 წლიდან ის გაფართოვდა და გახდა ივენთმენეჯმენტ კომპანია Flowers.ge Events, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების სრულ მომსახურებას. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ 500-ზე მეტი კორპორაციული და პერსონალური ღონისძიება გამართა წარმატებით და შეიძინა ასობით მსხვილი ლოიალური მომხმარებელი.
2022 წლიდან Flowers.ge Events-მა დაამატა ახალი მიმართულება, Flowers.ge rental, რომელიც მოიცავს საღონისძიებო ინვენტარის გაქირავების სერვისს. ამ პლატფორმაზე მომხმარებელს შეუძლია, აარჩიოს სასურველი ინვენტარი და შეუკვეთოს ონლაინ. ამასთან, ბაგებშიც გავხსენით შოურუმი, სადაც შეგიძლიათ, მიხვიდეთ, ადგილზე დაათვალიეროთ გასაქირავებელი პროდუქტები და იქვე ნახოთ, როგორ გამოიყურება ესა თუ ის დეკორაცია. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველანაირ მომხმარებელზე გაგვეთვალა ეს სერვისი და გაგვემარტივებინა მათთვის ღონისძიების დაგეგმვის პროცესი.
M: საორგანიზაციო მომსახურების ფარგლებში რას სთავაზობთ მომხმარებლებს და რა ტიპის წვეულებებზე მუშაობთ?
ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: კორპორაციული და პერსონალური ღონისძიებები, ქორწილები, კონფერენცია-შეხვედრები, ქეითერინგი, ფლორისტიკა, დეკორატიული ინვენტარით მომსახურება.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ღონისძიების კოორდინატორებით, რომლებიც ღონისძიების დაგეგმვასა და აღსრულებას ახორციელებენ, დიზაინერებით, რომლებიც იდეებს რენდერებად აქცევენ, რათა დამკვეთმა ნათლად წარმოიდგინოს ყველა ის დეტალი, რაც მის ღონისძიებაზე უნდა შევასრულოთ და ლოგისტიკის მენეჯერებით, რომლებიც გვიმარტივებენ ამ პროცესების მართვას.
M: დიდი ღონისძიების ორგანიზება ალბათ საკმაოდ ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული – თქვენ როგორ ახერხებთ ყველა დეტალის გათვალისწინებას?
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო დროს მომხმარებლები უფრო მეტ დროსა და ყურადღებას უთმობენ ღონისძიების დაგეგმვის პროცესს და ნაადრევად იწყებენ ჩვენთან კომუნიკაციას, რაც გვეხმარება წინასწარ განვსაზღვროთ ყველა ფორსმაჟორული სიტუაცია და გვქონდეს გეგმა A, B, C და ა.შ.
M: Rental მიმართულებაზეც ვისაუბროთ: რა ტიპის ინვენტარის ქირაობა შეუძლიათ თქვენს მომხმარებლებს ?
საკუთარი გამოცდილებისა და ჩატარებული კვლევის საფუძველზე განვსაზღვრეთ, რა ინვენტარი იყო ყველაზე მოთხოვნადი საზოგადოებაში, რომელიც ხშირად გვჭირდებოდა ღონისძიებებისთვის და ვიძიებდით სხვა მომწოდებლებისგან. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვეძინა ყველა ის მსხვილი ინვენტარი, რაც საჭიროა ღონისძიების მოსაწყობად და გასალამაზებლად. მოთხოვნის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა გაგვემარტივებინა მომსახურების პროცესი და შეგვექმნა კომფორტი ჩვენი მომხმარებლებისთვის, ამიტომაც შევქმენით ონლაინპლატფორმა, საიდანაც შეუძლიათ, აარჩიონ სასურველი ინვენტარი და შეუკვეთონ სასურველ ლოკაციაზე.
გვაქვს სკამების ძალიან დიდი არჩევანი, როგორც ფერის, ასევე ფორმის მხრივ, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს მომხმარებლებში, ასევე შანდლები, მაღალი ხარისხის დეკორატიული ჭურჭელი. ჩვენგან ასევე შეუძლიათ იქირაონ ისეთი ინვენტარი, როგორიცაა: ხეები, მაგიდები, ლაუნჯ ზონები, ლარნაკები და სხვა. ჩვენი ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ შეგვიძლია 1500-კაციან ღონისძიებას მოვემსახუროთ.
M: სამომავლო გეგმებიც გაგვაცანით…
სამომავლო გეგმებიც საკმაოდ დიდი გვაქვს და გვინდა, რომ საქართველოს ბაზარი თითქმის სრულად ავითვისოთ, რადგან ამისთვის ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. გარდა ამისა, გვსურს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს გადადგმული ნაბიჯები.
[R]