ისტორიის მანძილზე, ყველა სუბკულტურას სჭირდებოდა დამატებითი რესურსი, რომ მასში მოღვაწე ადამიანების შრომა და ხელოვნება უფრო მეტად დაფასებულიყო. FlowFlow Magazine საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ჰიპ-ჰოპ კულტურას ეძღვნება – მარკეტერი დეტალურად პროექტის ერთ-ერთ ავტორს გიორგი რუსიას ესაუბრა.
M: გიორგი სალამი, პირველ რიგში, გვითხარი რას წარმოადგენს FlowFlow Magazine და რა მიზნით შეიქმნა იგი?
FlowFlow Magazine არის ვიდეო ჟურნალი ჰიპ-ჰოპ კულტურაზე. მიზანი იყო ის, რომ გაგვეშუქებინა, რა ხდება ქართულ ჰიპ-ჰოპში, მიგვეცა არტისტებისთვის თავის გამოჩენის საშუალება, განვითარების სტიმული, გაგვეზარდა კონკურენცია, აღმოგვეჩინა ახალი სახეები და გაგვევითარებინა რეპ მუსიკა.

M: ქართული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრია არ არის დიდი, თითქმის ახლა იდგამს ფეხს, რამდენად აკლია თავად ამ სფეროში მომხდარ მოვლენებს გაშუქება?
ფაქტობრივად, არ შუქდება, არ არის არცერთი რესურსი – არ აქვს მნიშვნელობა, ტექსტურ ფორმატში იქნება თუ აუდიო/ვიდეო ფორმატში. არტისტების რელიზები, საკონცერტო ინფორმაცია და ასე შემდეგ – საერთოდ არ შუქდება.
M: განვითარებულ ქვეყნებაში არსებობს შესაბამისი არათუ გადაცემები, არამედ მთელი რადიო სადგურებიც (Hot 97), რომლებიც ჰიპ-ჰოპ მუსიკას ეძღვნება. როგორ ფიქრობ, რამდენად ჰყავს მსგავს პროექტს საქართველოში მსმენელი/მაყურებელი?
მსგავსს რესურს აუდიტორია, რა თქმა უნდა, ეყოლება და არც ისე პატარა. მთავარია შეფუთვა, როგორ მიაწოდებ ინფორმაციას მსმენელს. რამდენად ხშირად განაახლებ კონტენტს, ინფორმაციის მრავალფეროვნებაზეც არის დამოკიდებული და რა თქმა უნდა, თავად არტისტების რელიზების ხარისხზეც.

M: რა რესურსით ხდება პროექტის არსებობა? ამ ეტაპზე მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობთ?
მხოლოდ საკუთარი რესურსებით და ენთუზიაზმით – ანუ, რაც გაკეთდა მაგას მივაღწიეთ მეგობრების დახმარებით. ბარი #მეობა დაგვეხმარა ლოკაციით, რამდენიმე ჯერ აპარატურითაც, მთელ პოსტ პროდუქციას ვაკეთებთ სამი ადამიანი. ნიკა ქუთელიას ეხება პროექტების ბრენდინგი (გრაფიკული მხარე), ლუკა ზარქუას იგივე Koa’-ს ეხება Battle-ის საორგანიზაციო საკითხები ანუ დაგეგმვა, როდის ვისი “ბეთლია”, ურთიერთობა არტისტებთან და მსაჯებთან, ტატო რუსიას ეხება აუდიო მხარე და მისი დამუშავება (რაც არ გვაქვს ჯერ, “ბეთლის” პროექტში სასურველ დონეზე აპარატურის არქონის გამო) და მე, გიორგი რუსიას, მეხება უშუალოდ ვიდეო მონტაჟი.
M: რამდენად კონსოლიდირებულია თავად არსებული კომუნა საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის წარმოჩენისთვის?
ძალიან დაშლილები არიან რაღაცნაირად, ყველა ცდილობს, რომ მარტო თავის თავს მიხედოს ან მარტო იმ რამდენიმე არტისტს, ვისთანაც მეგობრობს. ჩვენ კიდევ ვცდილობთ დავეხმაროთ მთელ კულტურას, რამენაირად უფრო მეტი კარგი არტისტი გავაერთიანოთ.
M: რა იგეგმება FlowFlow Magazine-ის განსავითარებლად. ხომ არ აპირებთ აუდიო პოდკასტების წარმოებას?
მთლიანობაში ვგეგმავთ კიდევ ხუთი გადაცემის დამატებას დროთა განმავლობაში. ორი ახალი პროექტი, სავარაუდოდ, უკვე ამ თვეში გაეშვება და დაემატება არსებულ ორ პროექტს (უცხოელები აფასებენ ქართულ კლიპებს/PVP Battle).
M: ხშირად ხდება, როდესაც იგეგმება ჰიპ-ჰოპ ივენთები, თუმცა, მსმენელის რაოდენობის სიდიდის მიუხედავად, მაინც რთულია სასურველი ხალხის შეკრება რეალურ დროსა და სივრცეში, რას ფიქრობ, რა არის მთავარი პრობლემა?
ყველაზე მთავარი პრობლემა არასწორი პიარი და მარკეტინგია, ანუ ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყოს შენს კლიპზე 2-6 მილიონი ნახვა და ძლივს ავსებდე ას კაციან ბარს. გამოდის, რომ ვერ აწვდი შენს მსმენელს სწორ და დროულ ინფორმაციას კონცერტის თაობაზე, კიდევ მეორე პრობლემა ის არის, რომ ყველა მიჩვეულია უფასოდ კონცერტზე მოხვედრას და მეათე უფასო კონცერტის შემდეგ მსმენელი ვერ ხვდება, მეთერთმეტეში რატომ უნდა გადაიხადოს ფული. ამ ყველაფერს კიდევ ის ემატება, რომ არტისტებს არ უნდათ ფულის ჩადება რეკლამაში. 50 დოლარის Facebook რეკლამა, ორი კვირის განმავლობაში რომ გაუშვა, საკმარისია იმისთვის, რომ ინფორმაცია კონცერტზე გავრცელდეს და ხალხი მოვიდეს. რატომღაც ეზარებათ ივენთის დროულად შექმნა, ერთი თვით ადრე მაინც, ენანებათ ეს მიზერული თანხა პიარში რომ ჩადონ. ვთვლით, რომ ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ დადის ხალხი ქართული ჰიპ-ჰოპ-ის კონცერტებზე.
M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის…
https://www.youtube.com/watch?v=HXsVXvJN0Eg












