26
Nov
2018

Flyhelp – სააგენტო, რომელიც ავიამგზავრებს ზარალს უნაზღაურებს

26 Nov 2018

Flyhelp 2017 წელს დაარსებული სააგენტოა, რომელიც  დაზარალებული ავიამგზავრების ხელშეწყობას უზრუნველყოფს, კერძოდ კი, მათ ავიახაზისგან კომპენსაციის მიღებაში ეხმარება. Flyhelp-ის დამფუძნებლები ვატო ფარცხალაძე და მიხეილ ჭანტურია არიან, რომლებმაც პირადად მიღებული არასასიამოვნო გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტეს, შეექმნათ საკუთარი სააგენტო. ვატო ფარცხალაძის თქმით, უვიზო რეჟიმის დამტკიცების შემდეგ მგზავრთა რაოდენობასთან ერთად ფრენებთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც მოიმატა, შესაბამისად, მსგავსი სერვისების საჭიროება სულ უფრო მწვავედ დადგა.

 

M: კონკრეტულად, რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა flyhelp-ის მომხმარებლებს..

Flyhelp იცავს მგზავრთა უფლებებს  რეისის გაუქმების, დაგვიანების, ასევე ხომალდზე მგზავრის არ დაშვების შემთხვევებში. დამატებით ვეხმარებით მგზავრებს ბარგთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა, ბარგის დაზიანება, დაგვიანება, დაკარგვა.

 M: როგორ მუშაობთ?

პროცედურა მარტივია: მგზავრმა უნდა შეავსოს განაცხადი ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. დოკუმენტების გადმოგზავნისთანავე მას დაუბრუნდება მინდობილობა, რომელიც უნდა ამობეჭდოს, მოაწეროს ხელი და მეილითვე დაგვიბრუნოს. შემდგომ ჩვენ ვამზადებთ სარჩელს და მივმართავთ ავიახაზს. პროცესი რიგ შემთხვევებში 1-4 თვემდე ჭიანურდება. მას შემდეგ, რაც მგზავრის საქმე დადებითად გადაწყდება და  კომპენსაცია ჩაირიცხება FLYHELP-ის ანგარიშზე, ჩვენ ვახდენთ თანხის კონვერტაციას, რადგან ქართული კანონმდებლობით არ გვაქვს უფლება გავცეთ თანხა უცხოურ ვალუტაში და ვურიცხავთ მგზავრს მის მიერ მითითებულ ბანკის ანგარიშის ნომერზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, მგზავრს 250 ევროდან 600 ევრომდე კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს. თანხა გამოითვლება ფრენის მანძილიდან გამომდინარე.

აქვე მეტად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრმა ყურადღება მიაქციოს, თუ ვის ანდობს მისი კომპენსაციის მიღების პროცესს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს სერვისი შემოვიტანეთ საქართველოში და გავეცით კომპენსაციები, სოციალურ მედიებში გაჩდნენ ანალოგები, რომლებიც თითქოსდა სთავაზობენ აღნიშნულ სერვისს, მაგრამ პროცესს ბოლომდე ვერ უსრულებენ და მათი კომპენსაცია მიღების პროცედურები ჭიანურდება ან რიგ შემთხვევებში იბლოკება სხვადასხვა მიზეზების გამო.

M: თუ რეისმა 1 ან მეტი წლის წინ დაიგვანა და დღეს მოგმართათ მგზავრმა, შეძლებთ დაეხმაროთ კომპენსაციის მიღებაში?

დიახ, შევძლებთ. თუ უკანასკნელი 1-5 წლის განმავლობაში მგზავრის რეისს დაუგვიანია 3 საათზე მეტი დროით, გადადებულა ან გაუქმებულა სხვადასხვა მიზეზის გამო მას აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია 600 ევრომდე. ასევე, მგზავრებს შეუძლიათ შეამოწმონ ჩვენ მიერ მოგებული რეისების ჩამონათვალი ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით. თუ აღმოჩნდება, რომ მგზავრი სარგებლობდა რომელიმე ჩამოთვლილი რეისებიდან, მას ავტომატურად ეკუთვნის კომპენსაცია და შეუძლია მოგვმართოს.

M: რა შედეგებს მიაღწიეთ დაარსებიდან 1 წლის შემდეგ?

ამ ხნის განმავლობაში  მოვემსახურეთ 2000-ზე მეტ მგზავრს და ქვეყანაში კომპენსაციის სახით შემოვიტანეთ მილიონ ლარზე მეტი ისე, რომ ქვეყნიდან არც ერთი თეთრი არ გასულა.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვები/გეგმები?

მოკლევადიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს სერვისის მაქსიმალური პოპულარიზაცია საქართველოს ბაზარზე. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, სერვისის რეგიონალურ განვითარებაზეც ვფიქრობთ.

[R]

განხილვა