16
Jan
2020

როგორ ვკონცენტრირდეთ სახლიდან მუშაობისას?

16 Jan 2020

არავითარი ტრანსპორტირება, არც შეხვედრები, არც დრეს-კოდი. დისტანციური მუშაობა ოცნებასავით ჩანს, სანამ პირადი ვალდებულებები არ წამოყოფენ თავს. ყურადღების გამფანტველი ფაქტორების იგნორირება არც ისე მარტივია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირადი და პროფესიონალური ბალანსის მიღწევა თავად გიწევთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოიდგინეთ, მუშაობთ პროექტზე და მეგობრისგან შემოგდით ზარი. იცით, რომ სამუშაო უნდა დაასრულოთ, მაგრამ არ გინდათ უხეშად გამოგივიდეთ მეგობართან საუბრის დასაწყისშივე გაწყვეტა. ამავდროულად, საქმიანი დღის დაგეგმვასთან ერთად, უნდა შეათავსოთ პირადი საქმეების გადაწყვეტაც: გარეცხოთ სარეცხი, ჭურჭელი, დაალაგოთ სახლი, მოამზადოთ სადილი… ამ დაბნეულობაში, შესაძლოა, მთელმა დღემ თვალწინ ჩაგირბინოთ და შემოგაღამდეთ. საბოლოოდ კი, არც ისე მარტივია, იგრძნოთ ზღვარი საქმეში ჩართულობასა და თავისუფალ დროს შორის.

მაინც, როგორ მოვიკრიბოთ კონცენტრაცია და დავაწესოთ საზღვრები სამუშაოსა და პირად დროს შორის? ჩვენ გირჩევთ:

დააწესეთ სამუშაო საათები. რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს აუცილებელია. ესაა აუცილებელი ნაბიჯი, ქაოსის ასაცილებლად. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი აგერევათ, არ გეცოდინებათ, რა დროს უზიხართ კომპიუტერს და პირად შეხვედრებს როდის ნიშნავთ. გასაგებია ისიც, რომ შეიძლება სამსახურზე მეტი მიჯაჭვულობა გაგიჩნდეთ და მეილის შემოწმება არასამუშაო საათებშიც მოგინდეთ, მაგრამ იცოდეთ, მუშაობის დროს უნდა იმუშაოთ, დასვენების საათებში – დაისვენოთ.

როგორც კი, “საოფისე საათებს” დააწესებთ, ნათელი გახდება, რა საქმე გაქვთ გასაკეთებელი დროის კონკრეტულ მონაკვეთში და მათი მოსწრებაც გამარტივდება.

დღე შედეგზე ორიენტირებულად დაგეგმეთ. სახლიდან მუშაობის ეფექტის მაქსიმიზებისთვის, თქვენი დღე ტიპიური სამუშაო დღისგან განსხვავებულად უნდა იგეგმებოდეს. მაგალითად, თუკი სახლიდან მხოლოდ ერთ დღეს მუშაობთ კვირაში, შეხვედრებს ამ დღეს ნუ დანიშნავთ, ამის ნაცვლად, მთლიანად საქმეზე ორიენტირდით. აირჩიეთ დრო, რომელიც თქვენს ეფექტურობას პასუხობს.

განსაზღვრეთ ერთი ან ორი ძირითადი საკითხი, რაც ამ დროის მანძილზე უნდა გააკეთოთ. ეს შეიძლება იყოს ისეთი ამოცანები, რასაც ყურადღების უწყვეტი კონცენტრაცია სჭირდება ან კრეატიულ ჩართულობას, სტრატეგიულ ფიქრს მოითხოვს. ძალიან კარგია, თუკი მიმოწერებს გარკვეული დროით გათიშავთ, სულ მცირე, ერთი საათით მაინც. გააფრთხილეთ კოლეგები, რომ მისაწვდომი არ იქნებით ამ დროის მანძილზე და არ გაუკვირდეთ დაგვიანებული პასუხი.

დააწესეთ საზღვრები. შესაძლოა, სახლიდან თქვენი მუშაობა ვიღაცამ სათანადოდ ვერ აღიქვას და ჩათვალოს, რომ უბრალოდ, სახლში ხართ, უსაქმოდ. აუხსენით მეგორებს, ოჯახის წევრებს და ყველას, რომ დისტანციურად მუშაობა სრულებითაც არ ნიშნავს უსაქმურობას. მაგალითად, თუკი მეუღლე სვამს კითხვებს, გააფრთხილეთ, რომ კონკრეტულ საათებში, საქმეში იქნებით ჩართული. თავად დააწესეთ მოლოდინები, წესები და მიყევით მათ. ადამიანები გაიგებენ და მიეჩვევიან იმას, რასაც მიაჩვევთ.

თუკი მოულოდნელი სტუმრები მაინც გეწვივნენ, დიპლომატია დაგჭირდებათ. მეზობელს ან ორი წუთით მოსულ კოლეგას, ცხადია, უკან ვერ გააგდებთ, თუმცა, ყავისა და ხანგრძლივი საუბრისთვის, სამწუხაროდ, ვერ მოიცლით. ამის ნაცვლად, უთხარით: “ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, უბრალოდ, რაღაც საქმეები მაქვს დასასრულებელი”, შემდეგ კი, დაუნიშნეთ დრო, როდესაც მასთან შეხვედრასა და საუბარს შეძლებთ.

თუკი აუცილებელია, რომ არასამუშაო ამოცანები დღის მანძილზე გადაჭრათ, დააწესეთ ის მოლოდინები, რაც ამ დღეს უკავშირდება. მაგალითად, თუკი ოჯახი თქვენგან რაღაც საქმის გაკეთებას ითხოვს, რასაც მცირე ლანჩის მცირე დრო შეგიძლიათ დაუთმოთ, დათანხმდით, თუმცა აუხსენით, რომ დროის სიმცირის გამო, მთლიანად ვერ მოაგვარებთ საქმეს, არამედ, მხოლოდ ნაწილობრივად.

როდესაც ამას აუხსნით, ნუ გაიმართლებთ თავს. მიაჩვიეთ გარშემო ადამიანები ფაქტს, რომ თქვენ მუშაობთ ამგვარი რეჟიმით და მათ ამ ყველაფერს პატივი უნდა სცენ.

 

წყარო: HBR



განხილვა