25 იანვრიდან, ყოველ პარასკევს, 22 საათზე, „სილქ უნივერსალის“ სამაუწყებლო ბადეს თოქშოუ „ფოკუსი“ დაემატება. გადაცემა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ორიენტირდება და 30-40 წუთის განმავლობაში, დროს ისეთ საკითხებს დაუთმობს, როგორიცაა: მომხმარებლის უფლებები, ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობა, ცხოველთა უფლებები, მოზარდები და მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, პროფესიები და პროფესიონალები, ინოვაციური გამოგონებები, მიღწევები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარება. გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი და პროდიუსერი, ეკა ადეიშვილი იქნება.
ეკა ადეიშვილი, „ფოკუსის“ წამყვანი: „ჩვენ აქცენტებს ისეთ თემებზე გავაკეთებთ, რომელიც სწრაფ საინფორმაციო გაშუქებაში მაყურებელს ეპარება. გვეყოლება რესპონდენტები, რომლებიც სხვადასხვა ჭრილში გაშლიან კონკრეტულ თემას და რაც მთავარია, ამომწურავი პასუხისთვის მათ საკმარისი დრო ექნებათ. თოქშოუ არ იქნება მხოლოდ რეიტინგზე ორიენტირებული, გვინდა, ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენს საზოგადოებას ასე სჭირდება: პროფესიული განვითარება საქართველოში, ინოვაციები, ადამიანები, რომლებიც რაღაც ახალს ქმნიან. რაც შეეხება სეგმენტს, ვფიქრობთ, სხვადასხვა თემა სხვადასხვა ტიპის მაყურებელს მიიზიდავს“.