
დილით, გაღვიძებისთანავე ჩემს ტელეფონს მოვკიდებდი ხელს და მაშინვე უაზრო შეტყობინებების ზღვაში ვეშვებოდი. ეს ციფრული ნისლი მთელ დღეს გასდევდა და შედეგად, ჩემს სამუშაოს ვერ ვასრულებდი. დაბნეული, აღელვებული და არაეფექტური ლიდერი ვიყავი. ვიცოდი, რომ უნდა შევცვლილიყავი, მაგრამ ამ ჩაკეტილი წრისგან თავის დასაღწევად ვერაფერს ვაკეთებდი.
ეს პრობლემა ბევრისთვის ჩვეულია. აღმასრულებლების დიდი ნაწილი სწორედ ასე მუშაობს მთელი დღის განმავლობაში. ჩვენი ფოკუსირების უნარს ორი მთავარი გამოწვევა უდგას წინ.
პირველ რიგში, სხვადასხვა მოწყობილობებისგან წამოსული გამღიზიანებლებით სულ უფრო მეტად ვიტვირთებით. სმარტფონები და ტაბლეტები თავიანთ მარწუხებში გვაქცევენ და ციფრულ მედიას უკვე დღეში 12 საათზე მეტს ვუთმობთ. ეს ჰიპერდაკავშირებული მდგომარეობა პროცესინგის, გადატვრითვის და რეფოკუსირების საშუალებას არ გვაძლევს.
მეორე – თათბირებს ადამიანებთან ურთიერთობის ჩვეულ ფორმად აღვიქვამთ. კვლევების თანახმად, თვენი დროის 35-55%-ზე მეტს თათბირებს ვუთმობთ. თუ ნამდვილად მნიშვნელოვან აქტივობაზე გვინდა ფოკუსირება, რაღაც უნდა შევცვალოთ.
თუ ამ საკითხებზე დაფიქრდებით, თქვენც და თქვენი ბიზნესიც აუცილებლად იხეირებთ. თქვენც და თქვენი გუნდის წევრებიც უფრო მეტს მიაღწევთ. თუ ფოკუსის შენარჩუნება და ეფექტურად მუშაობა გვინდა, დრო ჩვენთვისაც უნდა გამოვყოთ. ეს ხუთი ყოველდღიური სავარჯიშო აუცილებლად დაგეხმარებათ:
ავარჯიშეთ ყურადღება.
ჩვენი უმრავლესობა დღეს არასწორად იწყებს. გაღვიძებისთანავე წერილებს ამოწმებთ თქვენს ტელეფონში? ემა სეპალას, სტენფორდის ფსიქოლოგის და Happiness Track-ის ავტორის მიხედვით, ეს ძალიან ცუდი აზრია. როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, “ჩვენს გამღიზიანებლებზე მუდმივი პასუხით (როცა ჩვენს ტელეფონებს ვამოწმებთ), ჩვენს კოგნიტურ შესაძლებლობებს – მეხსიერებას და ყურადღებას ვასუსტებთ, რაც ასე ძალიან გვჭირდება“.
ასე რომ, რისი გაკეთება შეგვიძლია? გაღვიძებისთანავე ყურადღების გავარჯიშებით დავიწყოთ – იქნება ეს უბრალოდ ღრმა ჩასუნთქვა, თუ 20-30 წუთიანი მედიტაცია. დოქტორი სეპალა გვიხსნის, თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი: „მედიტაცია თქვენი ნერვული სისტემის სიმშვიდის გავარჯიშებაა ყოველგვარი ყოველდღიური სტრესის წინააღმდეგ. როცა მშვიდად ხართ, ემოციურად გაწინასწორებული ბრძანდებით და უკეთეს გადაწვეტილებებსაც იღებთ“. არც ისე ცუდად ვიწყებთ დღეს.
დააორგანიზეთ დავალებები.
მეორე ჩვეული შეცდომა, ჩვენი კალენდრის დილიდანვე სხვების მიერ დაგეგმვაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კომპლექსური და კრეატიული დავალებების შესასრულებლად საკმარისი დრო გაქვთ. როგორც მეწარმე, ინვესტორი და Y Combinator-ის თანადამფუძნებელ, პოლ გრაჰამი „შემსრულებლის გრაფიკი, მენეჯერის გრაფიკში“ ამბობს, „ერთ შეხვედრასაც კი შეუძლია მთელი დღე დაგაკარგინოთ მისი ორ ნაწილად გახლეჩვით, რაც არანაირი რთულ სამუშაოს შესასრულებლად არ იქნება საკმარისი“. კრეატიულ დავალებების შესრულებას დრო და თქვენი ნათელი გონება სჭიდება, რაც შეუძლებელია შეხვედრებს შორის არსებულ მცირე მონაკვეთებში. ჩვენ ყველა ვამაყობთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება შეგვიძლია, მაგრამ კვლევების თანახმად, ეს სულაც არ არის ასე.
რაღაც მნიშვნელოვანის შესასრულებლად მთელი ძალისხმევის მიმართვის ნაცვლად, თქვენი სხეულის ბუნებრივ რიტმს აჰყევით. დილაობით კომპლექსურ და კრეატიულ დავალებებზე ფოკუსირდით; ასეთი დავალებები მხოლოდ თქვენი, ან 2-3 ადამიანის ჩართულობას მოითხოვს. სხვა დანარჩენი შეხვედრები შუადღისთვის გადაიტანეთ. ეს მარტივი, შესრულებაზე ორიენტირებული ხალხმრავალი შეხვედრები გაცილებით ადვილი გასამკლავებელია.
მოწესრიგდით.
თქვენს მაგიდაზე დიდი არეულობაა? თქვენი კომპიუტერის დესკტოპზე რა ხდება? და თქვენი სმარტფონის ეკრანზე რას იტყვით? ეს ყველაფერი შესაძლოა უმნიშნველოდ გეჩვენებოდეთ, მაგრამ თქვენი გარემო თქვენს პროდუქტიულობასა და სამუშაოს ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს. მარიე კონდოს წიგნის, „მოსუფთავების ცხოვრების შემცვლელი ჯადოქრობა“ მიხედვით, მოწესრიგებას დიდი გავლენა აქვს.
სუფთა სამუშაო გარემოს შენარჩუნება, იქნება ეს ფიზიკური, თუ ციფრული, არსებით როლს თამაშობს თქვენი ფოკუსირების უნარის შენარჩუნებაში. სამსახურში ყველაფერი უჯრაში შეინახეთ. დესკტოპზე შექმენით ფოლდერები, რაც ყველა შემთხვევით ფაილს დაახარისხებს. თქვენი სმარტფონის ეკრანზე კი მხოლოდ 8-12 აპლიკაცია იქონიეთ. გამორთეთ ყველა უსარგებლო შეტყობინება. ნუ მისცემთ აურზაურს თქვენთვის ხელის შეშლის საშუალებას და ფოკუსსაც დიდხანს შეინარჩუნებთ.
შეამცირეთ თათბირების მონაწილეების რიცხვი.
თქვენს ბოლო თათბირს რამდენი ადამიანი ესწრებოდა? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი მათგანი იყო ჩართული ამ შეხვედრის შედეგების შექმნასა და შესრულებაში? ამ კითხვის კავშირი ფოკუსირებასთან შესაძლოა ვერც დავინახოთ, მაგრამ მცირე გუნდების სარგებელზე არაერთი კვლევა მიუთითებს. როცა პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ფოკუსირება და პასუხისმგებლობის აღება გაცილებით რთული ხდება. გაიხსენებთ კიდეც იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც მთელი თათბირის განმავლობაში დუმს და ლეპტოპს ჩასჩერებია.
ფოკუსის შესანარჩუნებლად თქვენი გუნდიც ფოკუსირებული უნდა იყოს. თუ შეხვედრის მიზანი ინფორმაციის გადაცემა არ არის, მისი დამსწრეების რაოდენობა მაქსიმუმ 8-მდე შეამცირეთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეხვედრის შედეგი კონკრეტული ამოცანა, მისი შესრულების განრიგი და ამ შესრულებაზე პასუხისმგებელი პიროვნება უნდა იყოს. ეს ერთი ადამიანი, პირდაპირ პასუხისმგებელი ინდივიდია. ამ ტექნიკას ეფლი სამუშაო ძალის ეფექტურად მართვისთვის იყენებს.
დაიტოვეთ ბუფერები.
ფოკუსირების გართულების ერთ-ერთ მიზეზი საზღვრების არ-არსებობაა. შეუძლებელია, ერთდროულად უამრავ შეხვედრასაც ესწრებოდეთ და თქვენი თამაშის გამარჯვებულიც იყოთ. დავალებების და კონტექსტის სწრაფი ცვლილება ნებსიმიერი ადამიანის გონებისთვისა რთულია. შესაბამისად, ფოკუსირების უნარიც დღის განმავლობაში დეგრადირდება. ეს კი, აღმასრულებლებისთვის მათი დროის 70%-ის გაფლანგვას ნიშნავს.
თუ დროის დაკარგვა და გადაწვა არ გსურთ, შეხვედრებს შორის ბუფერული დრო გამოყავით. ყოველი 45-60 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, მინიმუმ 15 წუთი აღდგენასა და პრიორიტეტების დალაგებას დაუთმეთ. ეს თქვენი დროის გაფლანგვის თავიდან არიდებში დაგეხმარებათ. გადაწვის შეგრძნებაც გაგიქრებათ, რაც ასე ნაცნობია ყველა ჩვენგანისთვის. არც თქვენი სხვა მენეჯერები იტყვიან მუშაობის ასეთ სტილზე უარს – ასეთი ტაქტიკა მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
სამსახურში ფოკუსის შენარჩუნება ადვილი არ არის, თუმცა შესაძლებელია. ეს ხუთი პრაქტიკული ტექნიკა მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებასა და დღის განმავლობაში საკუთარი თავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
წყარო: Harvard Business Review











