ჩინურმა მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია TCL-მა სმარტფონის პროტოტიპი წარადგინა, რომლის სამი ეკრანი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ზიგზაგად იკეცება და გაშლის შემთხვევაში 10 ინჩიან ტაბლეტად იქცევა.
დასაკეცი სმარტფონები ბაზარზე ახლა ჩნდებიან, თუმცა, მათთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. მაგალითად, გამოიწვევს თუ არა ეკრანის დაკეცვა ეკრანის სწრაფ გაფუჭებას. რამდენად გამართულად იმუშავებს დისპლეი და ა.შ. სხვა მხრივ, მსგავსი მოწყობილობა კომფორტია მათთვის, ვისაც უნდა ერთ მოწყობილობაში შეძლოს კითხვა, ფილმის ყურება, სოციალური ქსელებით სარგებლობა, თუ ვიდეოთამაშებით გართობა. დასაკეცი სმარტფონი კარგი საშუალებაა მულტიტასკინგის მოყვარული ადამიანებისთვის.
TCL-ის პროტოტიპს ჯერ სახელიც არ აქვს. შესაბამისად, ზედმეტია ვისაუბროთ მის შესაძლო ფასზე, ან გამოსვლის თარიღზე. თუმცა, რაღაცები უკვე ვიცით მის შესახებ. მაგალითად, ის, რომ სმარტფონს 10 ინჩიანი ეკრანი და ოთხი კამერა ექნება. ასევე, აქვს USB-C დამტენის პორტი, თუმცა, არ ექნება ყურსასმენების ჯეკი.
ჯერჯერობით, Galaxy Fold-ის, თუ მაიკროსოფთის Surface Pro Duo არსებობის მიუხედავად, უცნობია, როგორია საუკეთესო დასაკეცი სმარტფონის დიზაინი. საუკეთესოში ვგულისხმობთ გამძლეობას, წვიმისა თუ სხვა პირობების მიმართ მდგრადობას. მიუხედავად იმისა, რომ TCL-ის სმარტფონი ჯერ კიდევ პროტოტიპია, აღნიშნულ კომპანიას კი სმარტფონების წარმოების კუთხით გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა ეს დიზაინი, დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე, საკმაოდ მოთხოვნადი გახდეს.