სიტყვა Folie ფრანგულად სიგიჟეს ნიშნავს. ჩვენი რესპონდენტისთვის ეს სიტყვა ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. პანდემიის პერიოდში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა – მოუწია მიმართულებების შეცვლა, ამიტომ, როცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ბევრი აღარ უფიქრია სახელწოდებაზე. სიტყვა Folie ძალიან ჰგავდა მის ცხოვრებას და თან დადებითი ემოციებით ავსებდა, ამიტომ კომპანიას დაარქვა Project Folie.
Project Folie 1 წლის წინ დაარსდა, მაგრამ უკვე წარმატებულად მიიწევს წინ, რადგან მის დამფუძნებელს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია დეკორატიული ლესვის, ინტერიერის დიზაინის და სხვა არქიტექტურულ სერვისებს გთავაზობთ. ამასთან, ამზადებს დეკორატიულ ნივთებს სახლისთვის და გაგიწევთ სამშენებლო-სარემონტო მომსახურებასაც. უშუალოდ სერვისის მიწოდებასთან ერთად, კომპანია ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობს თავის სექტორში და მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის სხვადასხვა საინტერესო კომპანიის, ადამიანისა თუ პროექტის შესახებ. Folie-ს შესახებ იმის ცოდნაც მნიშვნელოვანია, რომ მის ჯგუფში მლესავებად გოგონები მუშაობენ, რაც გენდერული ნიშნით პროფესიების განსხვავების სტერეოტიპებსაც ამსხვრევს.
დანარჩენს უკვე თავად დამფუძნებლისგან, არქიტექტორ თაკო კამკამიძისგან შევიტყობთ.
M: მოგვიყევით კომპანიის შესახებ: როდის და როგორ დაფუძნდა Folie?
კომპანიას მალე 1 წელი შეუსრულდება, შესაბამისად, ჯერ პატარა დროა რაც ვარსებობთ, მაგრამ ამ დროში საკმაოდ დიდი გამოხმაურება გვაქვს. პირადად მე 15 წელია ამ სფეროში ვარ. დიდი ხანია, მინდოდა, სხვა ფორმით შემოვსულიყავი ქართულ ბაზარზე, მაგრამ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე იდეების განხორციელება მიჭირდა. ამასთან, როცა სტაბილური შემოსავალი გაქვს, საკუთარი ბიზნესის დაწყება სარისკო საქმედ მიგაჩნია.
თუმცა, წინა წელს, როცა დავასრულე ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობა, გადავწყვიტე, რომ მეტი პროექტი აღარ ამეღო და დავიწყე საკუთარ კომპანიაზე მუშაობა. ასე დაარსდა Project Folie. ეს სახელი ბევრ დადებით ემოციას იწვევს ჩემში, რაც მოტივაციას მმატებს და ჩემს თავთანაც ვაიგივებ.
M: ვინ არის ის გუნდი, ვინც ქმნის Folie-ს?
Folie-ს სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით ჰყავს: დეკორატორები, მენეჯერები და ხელოსნები. ჩვენი გუნდი გოგოებისგან შედგება, რაც ძალიან მომწონს. ქართული ბაზრისთვის საკმაოდ უცნაური, მაგრამ, ამავდროულად საინტერესო იყო მლესავი გოგოები. ჩვენ ამით ვამბობთ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და არცერთი საქმე არაა სასირცხვილო.
M: რამდენად მაღალია ინტერესი ქალების მხრიდან, რომ გახდნენ მლესავ-დეკორატორები და რა სირთულეებთან უწევთ მათ შეჭიდება?
როდესაც ამ ბაზარზე შევედით, კაცები კრიტიკულად უყურებდნენ ამ საქმეს, რადგან არ თვლიდნენ მლესავობას ქალურ პროფესიად. ჩვენ კი პირიქით გეტყვით – საქმეს სქესი არ აქვს, ქალებსაც შეუძლიათ გალესონ და თან ძალიან კარგად. ვფიქრობ, ჩვენ შემდეგ საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ეს პროფესია, რადგან ძირითადად ქალები არიან დაინტერესებულნი ამ საქმიანობით და ვფიქრობ, დეტალებზე ორიენტირებულობა მათ უფრო გამოსდით. სირთულეს რაც შეეხება, ვფიქრობ ერთადერთი ნაწილი მხოლოდ მძიმე ნივთის გადატანაა, სხვა არაფერი.
M: ორიოდე სიტყვით რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს დეკორატიული ლესვა და რამდენად მოთხოვნადია ეს საქმე საქართველოში?
დეკორატიული ლესვა ფუნქციური და ორნამენტული შემოქმედებითი ნამუშევარია კედელზე, რომელიც განსხვავებულ მხატვრულ სახესა და სტილს სძენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს. ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, განსაკუთრებით კი ევროპაში. ამ მეთოდით მუშავდება კედლები wabi sabi-ს მიმართულებაშიც, რომელიც იაპონური კულტურიდან მოდის და საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ახალია, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
M: თქვენ მასტერკლასებსაც ატარებთ ხოლმე დეკორატიული ლესვის მიმართულებით. რა არის ამ მასტერკლასების მიზანი და რას ასწავლით ამ შეხვედრაზე?
მასტერკლასებზე მოთხოვნა იმ ადამიანებმა გააჩინეს, ვინც ჩვენი ინსტაგრამ გვერდის გამომწერები არიან. შესაბამისად, დავამატეთ 1-დღიანი გაცნობითი სახის მასტერკლასი და ასევე კურსი, რომლის დასრულების შემდგომ ადამიანები თვითონ შეძლებენ საკუთარი სახლის კედლები გააკეთონ. ეს ლესვა ფინანსურად იმაზე მეტი ჯდება, ვიდრე სხვა სახის კედლის დამუშავება, ამიტომ, როდესაც თვითონ მუშაობენ, ამ შემთხვევაში უფრო იაფი გამოსდით და უფრო საინტერესო ინტერიერსაც იღებენ.
M: პორტფოლიოში მრავალფეროვანი პროექტები გაქვთ. როგორ თანხმდება თითოეული პროექტის იდეა დამკვეთთან?
ჩვენ ვამუშავებთ როგორც არქიტექტურულ პროექტებს, ასევე ინტერიერის დიზაინებს, ვატარებთ სარემონტო სამუშაოებს და ვმართავთ პროექტებს. ჩვენს გვერდზე სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული ბევრი ინფორმაციაა განთავსებული – ზოგ პროექტზე შეიძლება პროექტის მართვის ნაწილში გვქონდეს მონაწილეობა მიღებული. ასევე, ჩვენს გვერდზე ნახავთ საქართველოში წამყვანი არქიტექტორებისა და დიზაინერების ნამუშევრებს, რომლებიც ჩვენ ძალიან მოგვწონს.
M: და ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ…
სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს, wabi sabi-ს მიმართულებით ვმუშაობთ ავეჯზე და ეტაპობრივად გავუშვებთ. ასევე ვამატებთ ახალ კურსებს სარემონტო მიმართულებით, თანამშრომლობას ვგეგმავთ ბევრ საინტერესო კომპანიასთან. რაც შეეხება არქიტექტურას, დიზაინს, რემონტს და მშენებლობას, სრულად მოვიცავთ ამ სფეროებს ნებისმიერი მიმართულებით თუ მომსახურებით.
[R]