17
Jul
2019

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

17 Jul 2019

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს. იგი ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიხსნება.

 

შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ბათუმი“.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. საქართველო – მრავალხმიანობის სამშობლო – აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად.

ფესტივალი რაჭაში, ონსა და ამბროლაურში გაგრძელდება , – გაიმართება ქართული და უცხოური ანსამბლებისა და ჯგუფების კონცერტები. საქართველოს წარადგენენ: „ფესვები“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „იავნანა“, „საგალობელი“, „რაჭა“ (რაჭა); „სალაღობო“ (ლეჩხუმი); „ლილე“, „ლაგუშედა“ (ზემო და ქვემო სვანეთი): „ძირიანი“, „ჩვენებურები“ (თბილისი).

რაჭაში ოთხი უცხოური ანსამბლი წარდგება მსმენელის წინაშე: Spartimu (საფრანგეთი),– Castelsardo (იტალია), Koniakow (პოლონეთი), – Ačkups (ლატვია). რაჭაშივე დაგეგმილია ცნობილი ეთნომუსიკოლოგების – პოლო ვალეხოსა და რენატო მორელის სემინარები. უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის, რაჭველ შემსრულებლებთან ერთად, მასტერკლასებს ჩაატარებს ახალგაზრდა რაჭველი ლოტბარი თორნიკე სხიერელი. ქალაქ ამბროლაურში გაიმართება ადგილობრივ მეწარმეთა ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ქართული მრავალხიამიანობა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური, 2001 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა.

[R]

განხილვა