12
Jun
2019

ვინ მოიგებს კანის ლომს? – “ლივინგსტონის” CEO-ს პროგნოზი

12 Jun 2019

Cannes Lions 2019-მდე სულ ცოტა დრო რჩება. მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება 17-21 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ კანში გაიმართება. კანის კრეატიულ ფესტივალს 65-წლიანი ისტორია აქვს. ყოველწლიურად, კანის ლომის მოსაგებად, ათასობით ნამუშევარი იბრძვის. მთელი მსოფლიო მღელვარებით ადევნებს თვალს, ვინ გახდება ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი? რომელ იდეას მიიჩნევენ საუკეთესოდ? მართალია, შედეგებს 21 ივნისამდე ვერ გავიგებთ, თუმცა, გადავწყვიტეთ სფეროს ექსპერტებისთვის გვეკითხა აზრი და პროგნოზისთვის სააგენტო Leavingstone-ის დირექტორს, ფოლკერ ვრაგეს, მივმართეთ.

“ვინ მოიგებს კანის ლომს? ბოლო წლებთან შედარებით, წელს პირველად არის ასე მარტივი ამის განსაზღვრა. ვფიქრობ, ლომების დიდი ნაწილი Nike-ის კამპანიამ “იოცნებე გიჟურად” (Dream Crazy) უნდა მოიგოს. ესაა ის, რასაც ბრენდი უნდა აკეთებდეს, როდესაც საზოგადოება მღელვარებას ჰყავს მოცული – დიახ, ამერიკული საზოგადოება გასაჭირშია. Nike-ის ამ კამპანიამ ნამდვილად შემოიტანა ნათელი სხივი სარეკლამო ისტორიაში. ეს კამპანია მნიშვნელოვანი ბიძგია როგორც სარეკლამო ინდუსტრიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

სულ უფრო მეტი ბრენდი იწყებს აქტუალურ საკითხებზე საუბარს, ზოგს ამის საჭიროებაც აქვს. მსოფლიოში იზრდება პრესისა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა და ეს მხოლოდ ბურმასა და რუსეთში კი არა, ამერიკაშიც ხდება. The New York Time-ის კამპანია “სიმართლე ამად ღირს” ამ მასშტაბურ პრობლემას ისე ეხება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის სტილსა და მიდგომას ნათლად და გულწრფელად გადმოსცემს.

ასევე, არის ერთი ქეისი, რომელიც მიგვითითებს, რომ უნდა შევწყვიტოთ სტრატეგიაზე ჩვეულებრივად ფიქრი. ვგულისხმობ World Record Egg-ის ცნობილ ამბავს. “ლაიქებით” მოუგო ისეთ საეჭვო ავტორიტეტებს, როგორიც კაილი ჯენერია, თავის მხრივ, უკვე მიღწევაა. მაგრამ, “ინსტაგრამის” მასობრივი პოპულარობის გამოყენება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობა, ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს.”

რასაკვირველია, ძალიან გამიხარდებოდა ქართული კამპანიების გამარჯვებაც. წელს, ეს შედარებით რთული იქნება. სააგენტო Watergunz-ის ნამუშევარს, ანტიძალადობრივ თემატიკაზე, შეიძლება ჰქონდეს მცირე შანსი, იმის მიუხედავად, რომ ისეთ კატეგორიაშია წარმოდგენილი, სადაც თითქმის შეუძლებელია მოგება.

შესაძლოა, “ლივინგსტონს” გაუმართლოს, კამპანიით Working Dead. ვფიქრობ, ყველას გვმართებს უფრო გლობალურ და გაბედულ კამპანიებზე ფიქრი. ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი შესაძლებლობა გვაქვს, რაც გაცილებით მეტად რეგულირებულ ბაზრებს არ გააჩნიათ. ეს უპირატესობა სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ.

P.S. ყველაზე ნაკლებად მინდა ვიხილო, როგორ გადასცემენ ჯილდოს ბანალურ კამპანიებს. კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პლანეტის პლასტმასით დაბინძურებაზე, არ უნდა იგებდნენ ჯილდოს ნარჩენების გადამუშავების სასაცილო კამპანიებისთვის, რომლებიც მხოლოდ ჯილდოსთვის არის შექმნილი.

განხილვა