in

ფოლკერ ვრაგე – #პირველისამსახური

folker wrage

არა, ღარიბი ოჯახი არ ვყოფილვართ. თუმცა, როდესაც პირველად დავფიქრდი ამერიკაში, გაცვლით სტუდენტად, ერთი წლით წასვლაზე, აშკარა იყო, ოჯახს საამისოდ ფული არ ეყოფოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ფული ზაფხულის არდადეგების განმავლობაში თავად შემეგროვებინა.

ჩემს სკოლაში, ყველამ ვიცოდით, რომ მარმელადის ადგილობრივ ქარხანას, ზაფხულობით, საშუალო სკოლის მოსწავლეები აჰყავდა სამუშაოდ, მარტივი სამუშაოებისთვის. მიზეზი ნათელი იყო, იცოდნენ – საათში სულ რამდენიმე გერმანული მარკაც რომ გადაეხადათ, მაგაზეც სიხარულით დავთანხმდებოდით. მათაც, მეტნაკლებად, ყველა მსურველი აჰყავდათ სამსახურში. ჩემი ჩათვლით. თხუთმეტის ვიყავი, როდესაც იქ პირველად მივედი სამუშაოდ და დღემდე მახსოვს მომენტი, პირველად რომ შევაბიჯე ფაბრიკის შენობაში და სამუშაო ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. ალუბლის სეზონი იყო. ფერმერებს ქარხანაში ტონობით ალუბალი მოჰქონდათ ჩასაბარებლად და მათ უზარმაზარ ძაბრში ყრიდნენ, საიდანაც კონვეირს მიეწოდებოდა. ალუბალი იტვირთებოდა რამდენიმე დანადგარში, რომელსაც ძალიან მარტივი ფუნქცია ჰქონდა – მისთვის ყუნწები დაეცალა, რის შემდეგაც კენკრა გადაინაცვლებდა სხვა კონვეირულ სარტყელზე, სადაც სხვა დანადგარი კურკას აცლიდა.

ჩვენ მეორე კონვეირის სარტყელთან ვიდექით. რვა საათის მანძილზე, უნდა დავკვირვებოდით ჩვენ წინ ჩავლილი ალუბლის მილიონობით მარცვალს და გაგვეკონტროლებინა, რომელიმე მათგანს, ჯერ კიდევ, ხომ არ შერჩენოდა ყუნწი, რათა კვლავ პირველ დანადგარში დაგვებრუნებინა.

მოსაწყენი იყო და ბუნებრივია, სულ მალევე გვბეზრდებოდა. ერთხელ, ჩვენ წინ, სარტყელზე ქლიავი აღმოჩნდა. მე ამის შესახებ ჩემ გვერდით მდგომ ბიჭს ვანიშნე. მან, უბრალოდ, მხრები აიჩეჩა და მაცნობა, რომ ქლიავების შესახებ არავის არაფერი უთქვამს. არც ლოკოკინებზე უთქვამთ, თუმცა, მაინც გადავწყვიტეთ კურკის გამომცლელ დანადგარში მოხვედრისას უეჭველი სიკვდილისგან გვეხსნა.

გამიმართლა. ორი ზაფხულის მანძილზე, ხუთკვირიანი მუშაობის განმავლობაში, აშშ-ში სასწავლებლად წასასვლელი ფული ვერ შევაგროვე, მაგრამ მოვიპოვე სტიპენდია და როცა ჩვიდმეტი წელი შემისრულდა, ამერიკაში წავედი. სხვათა შორის, ერთი წელი გავატარე ჯორჯიას შტატში. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სამყაროზე, საკუთარ თავზე და დარწმუნებული ვარ, ამ გამოცდილებამ მაქცია იმ საერთაშორისო მოქალაქედ, ვინც ახლა ვარ.

ფოლკერ ვრაგე – სააგენტო Leavingstone-ის დირექტორი.

„კაიზენი“, იაპონური მართვის ფილოსოფია – გიორგი ჯოხაძე

გაიგე მეტი უსაფრთხო ბანკინგის შესახებ – ProCredit Bank