9
Sep
2019

ფოლკლორის ფესტივალი, 96 წლის მოცეკვავე აჭარიდან და „თბილისო“ კორსიკელების შესრულებით

9 Sep 2019

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნა. სამდღიანი ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც წელს „საქართველო“ ეწოდა, ფოლკლორულ ანსამბლებს არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მასპინძლობს, არამედ – უცხოეთიდანაც. მისი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა, ასევე – ქართველი მსმენლისთვის უცხოური ფოლკლორის საინტერესო ნიმუშების გაცნობა.

თითქმის ორი საათის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: საფრანგეთი (კორსიკა) – Spartimu, იტალია (სარდინია)– Castelsardo. მონაწილეები საქართველოდან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ბათუმი“.

მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ნომერი აჭარის უხუცესთა ანსამბლის, „ბერმუხას“ გამოსვლა გახლდათ. აჭარული ცეკვა 72 წლის, 76 წლის, 80 და 96 წლის მოცეკვავეებმა შეასრულეს და მაყურებლის მხრიდან ოვაციები დაიმსახურეს.

კონცერტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო სცენაზე კორსიკელი მუსიკოსების გამოსვლა, რომლებმაც საქართველოსადმი პატივისცემის ნიშნად, „თბილისო“ იმღერეს. კორსიკელებმა და სარდინიელებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს. დასასრულს კი, ყველა მონაწილემ ერთად „ჩაკრულო“ ააჟღერა. სწორედ ეს გახლდათ ღონისძიების კულმინაციური მომენტი.

გახსნის ცერემონიალი მსახიობებს, კახა მიქიაშვილსა და ეკა ამირეჯიბს მიჰყავდათ. ღონისძიების რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე იყო.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით წელს უკვე მესამედ იმართება. გახსნის ცერემონიალის შემდეგ მონაწილეებმა რაჭაში გადაინაცვლეს, სადაც კონცერტები 9 სექტემბრის ჩათვლითაა დაგეგმილი.

განხილვა