in

პროგრამა, რომელიც 18 წელს მიღწეულ მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებს!

საქართველოში, სრულწლოვნად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი. ამ ასაკში ახალგაზრდასგან მეტ პასუხისმგებლობას მოელიან, თუმცა, რამდენადაა დამოკიდებული დამოუკიდებელი ცხოვრების წარმართვის უნარი ასაკზე? ე.წ. “ბავშვთა სახლები” წლებია დაიხურა და ბავშვების ნაწილი დაუბრუნდა ოჯახს, ზოგი მცირე საოჯახო ტიპის სახლშია გადანაწილებული, უმეტესობა კი მინდობით აღზრდაშია. მათი ჯამური რაოდენობა დაახლოებით 1800-ია. ამჟამად, 18 წლამდე მოზარდების ყოველდღიურ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს და მათთვის სწავლა ზრდასრულ ასაკშიც უფასოა, თუმცა, სრულწლოვანებას მიღწეული ბენეფიციარი თავისუფლდება სახელმწიფო მზრუნველობისგან, ანუ თავად უწევს საცხოვრებელსა და ყოველდღიურ შემოსავალზე ზრუნვა.

BOG
BOG

 

პრობლემა, რომელსაც აწყდებიან მზრუნველობა მოკლებული მოზარდები სრულწლოვანების მიღწევისას

18 წელს მიღწეული ახალგაზრდა, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლში იზრდებოდა, იძულებულია დატოვოს ეს სახლი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ არსად აქვთ წასასვლელი. ოჯახში დაბრუნების შემთხვევაშიც უმეტესწილად ისინი დგებიან ბიოლოგიურ ოჯახთან ადაპტაციის პრობლემის წინაშე, რადგან ის მიზეზები, რის გამოც ბავშვი, თავის დროზე, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გადაიყვანეს, კვლავ არსებობს (მაგალითად, ოჯახური ძალადობა, უკიდურესი სიღარიბე, ოჯახის წევრთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები) და არ აქვთ სამომავლოდ განვითარების საშუალება, რაც მათ მომავალს უზრუნველყოფდა.

 

ვინ და როგორ ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში

“ფონდი ნატახტარი”, 2011 წლიდან მოყოლებული, ეხმარება მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ მოზარდებს, 15 წლიდან ზევით. პროცესში ჩართულები არიან ფსიქოლოგები. ფსიქოლოგის როლია, შეაფასოს მოზარდის თვითშეფასება, უნარები, გამოარკვიოს მისი სურვილები, ინტერესები და შეიმუშავოს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მაქსიმალურად შეამზადებს მას. გეგმა შეიძლება მოიცავდეს სასკოლო საგნებში მომზადებას, პროფესიული კოლეჯისთვის მომზადებას, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, ადგილობრივ ოსტატთან ბენეფიციარის შეგირდად მოწყობას, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას, წიგნებისა და სამუშაო იარაღების შეძენას, სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით მუშაობას.

ფსიქოლოგის მუშაობა ბენეფიციართან გრძელდება ახალგაზრდის სრულ დამოუკიდებლობის მიღწევამდე, შეიძლება 22-24 წლის ასაკამდეც. იმ შემთხვევებში, როდესაც ახალგაზრდა ტოვებს მცირე საოჯახო ტიპის სახლს და არ აქვს თავშესაფარი, ფონდი მას უნიშნავს „სტიპენდიას“ რომელსაც გამოიყენებს საცხოვრისის ქირის, ტრანსპორტისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად. ფონდის თანხა არ არის შეუზღუდავი, ამიტომ თანხა გაიცემა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკოორდინაციო საბჭო ყოველთვიურად განიხილავს თითოეული ბენეფიციარის პრიორიტეტებს და საჭიროებისამებრ გასცემს დახმარებას.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფინანსური მენეჯერი, კომპანია „ნატახტარის“ წარმომადგენელი და ფსიქოლოგთა გუნდი.

M: დავუშვათ, მოზარდი გაერკვია, რისი შესწავლა სურს, რა ხდება შემდეგ?

შემდეგ პერსონალურად მისთვის დგება განვითარების გეგმა, რომლის შედგენას ხელმძღვანელობს ფსიქოლოგი. გეგმა არის 3-6 თვიანი და მისი განახლება ხდება პერიოდულად.

M: ძირითადად, სად და როგორ ხდება ამ ახალგაზრდების დასაქმება?

პირველ ეტაპზე, ფსიქოლოგი ბენეფიციარს ასწავლის CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენას, გასაუბრებაზე მოქცევის წესებს, სამსახურის საძიებო საიტებთან მუშაობას და დაკავშირებას. ფსიქოლოგოები მუშაობენ დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა თვითონ პოულობს სამსახურს. ფონდის მიზანია ბენეფიციარი სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს.

ბენეფიციარების ნაწილი იმ ოსტატებთან იწყებს მუშაობას რომელთანაც ხელობა შეისწავლა, ან ადგილობრივ მცირე საწარმოში. ბენეფიციარებს დასაქმებაში ძალიან ეხმარება სოციალური საწარმო „ცხოვრების შანსიც“.

M: როგორ ხედავთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლს და როგორ ცდილობთ ამ მხრივ მისი ჩართულობის გაზრდას?

ევროპის ბევრ ქვეყანაში ბავშვსა და ახალგაზრდაზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან 21-24 წლამდე გრძელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ საქართველოც ამ მოდელს გაიზიარებს. მანამდე, გვინდა დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით. კერძოდ კი, წლის განმავლობაში მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მიმღებ ოჯახებს საქართველოს მასშტაბით 50-მდე ახალგაზრდა ტოვებს. ახალგაზრდები გაფანტულნი არიან საქართველოს მასშტაბით და თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიძლება 4-6 ახალგაზრდა იყოს კონცენტრირებული. ჩვენი ხედვით, შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა ამ ახალგაზრდების საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კომუნალური გადასახადების გადახდისთვის. პარალელურად, „ფონდი ნატახტარის“ ფსიქოლოგების მეთვალყურეობა და მუშაობა ახალგაზრდებთან გაგრძელდება, რაც იქნება მათი „გაზარმაცების“ პრევენციული მექანიზმი. ფსიქოლოგის ყოველდღიური ჩართულობა ბენეფიციარის განვითარების გეგმაში უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს სახელმწიფო რესურსით სარგებლობის პერიოდი და სწრაფად გახდნენ დამოუკიდებლები.

ამიტომ, ამ ეტაპზე, ჩვენი ხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა უფრო შედეგიანი და ქმედითი შეიძლება იყოს. ამ თემასთან დაკავშირებით “ფონდმა ნატახტრმა” “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისთან” ერთად გაზაფხულიდან დაიწყო ადვოკატობის კამპანია. მის ფარგლებში შედგა ერთგვარი სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის, რათა მათ შეძლონ ამ “მექანიზმით” ბიუჯეტის აღნიშნულ ბენეფიციარებზე გადანაწილება.

M: ამ ცვლილების მიღების შემდეგ, რა იქნება “ფონდ ნატახტარის” ახალი საზრუნავი?

ფონდის საქმიანობა იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რადგან საცხოვრებელი ხარჯების დაფარვით ბენეფიციარების საკითხები სრულად მაინც არ გვარდება, თუმცა რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში შესაძლებელია ფონდმა მოზარდებზე ზრუნვა უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყოს, რაც წარმატების ალბათობას კიდევ უფრო გაზრდის. ასევე შესაძლებელია გაგრძელდეს ადვოკატობის კამპანიები სხვადასხვა მიმართულებებით, კვლავ აღნიშნული პრობლემატიკის მოსაგვარებლად.

Manna – ქართული ორგანული ჩაის, ჩირისა და სანელებლების საწარმო

40 წლის შემდეგ აღდგენილი ქართველი ფარმაცევტის რეცეპტი – საფერავის უალკოჰოლო სასმელი ინვესტიციის მოლოდინში