in

როგორ არქმევენ ფონტებს სახელებს?

ოდესმე დაკვირვებიხართ ფონტების სახელებს? დაფიქრებულხართ, რატომ დაარქვეს, მაგალითად, Sylfaen? ან ეს პროცესი ჰგავს თუ არა სხვა რაღაცებისთვის სახელის შერჩევას? რაიმე სპეციალურ მეთოდებთან ხომ არ გვაქვს საქმე? ამ საკითხებში გასარკვევად ფონტის 4 სტუდიას მიმართეს, რომელთათვისაც პირველი კითხვა მარტივი აღმოჩნდა საპასუხოდ.

ვინ არქმევს სახელს? როცა სტუდია ქმნის საცალო შრიფტს, ანუ შრიფტს, რომელიც ბიბლიოთეკაში მოთავსდება და გაიყიდება, მის სახელს თავად დიზაინერები არჩევენ. ხოლო, როცა დიზაინის სტუდია ქმნის ფონტს კონკრეტული მომხმარებლისთვის, სტუდია ურჩევს მას სახელს ან მონაწილეობას იღებს ამ პროცესში, თუმცა როგორც ელენი ბევერატუ, Dalton Maag-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი აცხადებს, საბოლოო სიტყვას მაინც მომხმარებელი ამბობს. 

Darkmode [Image: Dalton Maag]
შემდგომი კითხვები უფრო რთული აღმოჩნდა… თითქმის ყველა დიზაინერმა გაავლო პარალელი ფონტისა და ბავშვის სახელის შერჩევის პროცესს შორის. ნოელ ლეუ, Grilli Type-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის სახელი მის დაბადებამდე აქვთ მოფიქრებული, ზოგი კი მაშინ იწყებს სახელზე ფიქრს, როცა ბავშვი დაიბადება. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა: ზოგჯერ სახელი საწყის ეტაპზე დიზაინის პროცესის განმსაზღვრელი მახასიათებელი ხდება, ზოგჯერ კი ეს რთული პროცესია გამოქვეყნებამდე“.

GT Maru [Image: Grilli Type]
სწორედ მათ შეიმუშავეს TikTok-ის ფონტი TikTok Sans, რომელიც, შესაძლოა, მოსაწყენი მოგეჩვენოთ, მაგრამ ლოგიკური ნამდვილად არის. მეტად საინტერესო სახელებში კი GT Cinetype შეგვიძლია გავიყვანოთ, რომელიც მათ 2015 წელს შექმნეს. ლეუს განმარტებით, ფონტის სახელის შექმნისას ისინი საერთოდ არ უმიზნებდნენ კინოს ინდუსტრიას, სახელი უბრალოდ იმ ძველი შრიფტის დიზაინით იყო შთაგონებული, რომელსაც შვეიცარული დანადგარი სუბტიტრების წერისას იყენებდა…

საკუთარი სახელების დარქმევას ვერც აქ გავექეცით… თუმცა ეს, მეორე მხრივ, ბრენდის წარმოშობის ამბავზე მიგვითითებს, სთორითელინგის ხელსაწყოს მსგავსია და მცირე დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ, გაიაზრონ მის მიღმა არსებული კონცეფცია.

ჩვეულებრივ მოკვდავთა უმეტესობისთვის რთულია, შრიფტს შეხედონ და დაინახონ მის მიღმა არსებული იდეა, მაგრამ, როცა ეუბნებით, რა იდეა გაქვთ, ეს მათ ეხმარება, გაიაზრონ, თუ როგორ არის ფორმა და მნიშვნელობა ერთმანეთზე მიბმული, — აცხადებს ჩარლზ ნიქსი, Monotype-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 

ნიქსმა სულ ახლახან შექმნა sans serif შრიფტი ხუთი განსხვავებული პიროვნებით. შთაგონება კი ლექცია იყო, რომელშიც სრულყოფილების თანამედროვე ცნებები ეჭვქვეშ დააყენეს… მოკლედ რომ ვთქვათ, ამან დიზაინერი იმ კონცეფციით დააინტერესა, რომელიც შრიფტის სახელადაც აქცია და Ambiguity გაგვაცნო…

Ambiguity [Image: Monotype]
თუმცა სახელები მეტად უჩვეულო გზებითაც აფიქრდებათ ხოლმე. აი, მაგალითად ემილი ეთვუდმა, რომელიც Order-ის სტუდიის დიზაინერია, ახალ შრიფტზე მუშაობა მაშინ დაიწყო, როცა ინსპირაცია შრიფტების დიზაინისა და ექსპერიმენტული მუსიკის ტექნიკების კვლევისგან მიიღო. სამუშაო სახელად კი Notation აირჩია და შემდგომ მას Étude უწოდა — კლასიკური მუსიკის ეტიუდიდან მოდის, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მუსიკებს კონკრეტული ტექნიკების გამოცდაში დაეხმაროს.

Étude [Image: Order Type Foundry]
Dalton Maag-ში კი სჯერათ, რომ სახელი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მართალია, ეს რაღაც ურყევი ჭეშმარიტება არ არის, მაგრამ ნამდვილად არსებობსო… მათ შორის ერთ-ერთი სახელის სიგრძეა, რომელიც 10 სიმბოლოს არ უნდა აჭარბებდეს ან რამდენად გამორჩეულია სხვა სახელებისგან? ლეუს აზრით, იგი მარტივად გასაგები უნდა იყოს სხვადასხვა ენაზე, Monotype-ში კი ფიქრობენ, რომ პირველ ასოებს აქვს მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ შრიფტების ჩამონათვალი ანბანის მიხედვითაა დალაგებული — Microsoft-მა სულ ახლახან გადაარქვა შრიფტ Bierstadt-ს სახელი და Aptos უწოდა.

Aptos [Image: Microsoft]
თუმცა მარტო არც სახელი შეადგენს ფონტს და არც კომპანია… Order-ის დიზაინერებს თუ დავეყრდნობით, აქ ის არის მნიშვნელოვანი, თუ რას აკეთებთ, უბრალოდ ის უნდა დაარქვათ, რაც გსურთ და ეს თქვენი პერსონალური არჩევანია…

ელკომერციის მომავალი თუ უბრალოდ ახალი მარკეტინგული ხრიკი? ბრენდები თავიანთ პროდუქტებს მეტავერსში განათავსებენ

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ 2023 წლის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერი იყო