in

რა არის Food Photography, რამდენად მოთხოვნადია საქართველოში და რა თავისებურება აქვს

სანამ რესტორანს ვესტუმრებით, ყველანი პირველ რიგში რას ვაკეთებთ ხოლმე? გადავხედავთ მათ სოციალურ ქსელებს და მენიუს ვათვალიერებთ. თუ კერძებისა და სასმლის ფოტოები არაესთეტიკურად გამოიყურება, ამ ობიექტს აღარ განვიხილავთ, რადგან რესტორანში ყველაზე მთავარი მაინც ისაა, თუ როგორი მენიუ დაგვხვდება, ის გემრიელის გარდა ლამაზიც უნდა იყოს. 

ლამაზად გადაღებული მენიუ მადისაღმძვრელია, მადის აღძვრა კი დიდწილად იმ ფოტოებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ვუყურებთ. ცუდმა ფოტომ შეიძლება გააფუჭოს კერძის ხარისხი, კარგმა კი მრავალი მომხმარებელი მიიყვანოს ობიექტამდე. 

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

ნინა ლაბარტყავა ფოტოხელოვანია, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც Food ფოტოგრაფიაა. ნინა ამ მიმართულების სპეციფიკაზე გვესაუბრა და ის გამოწვევებიც გაგვაცნო, რომლის წინაშეც ფოტოგრაფები ხშირად დგებიან. 

რა არის Food Photography და რა თავისებურება ახასიათებს? პირველ რიგში, როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, თვალშისაცემი ისაა, რომ საქმე გვაქვს კერძებთან, რაც შეიძლება იყოს ცხელი კერძები, სტარტერები, სალათები, ხილი, ბოსტნეული თუ დესერტი. თითოეულ მათგანს თავისი დანაყოფები და გადაღების სპეციფიკა გააჩნია.

როგორც ინტერიერის გადაღებას აქვს თავისი სპეციფიკა, როგორც street ჟანრს ან სპორტულ თემატიკას და ა.შ. აქვს თავისებურებები, ისეა Food Photography-ც. აქ მნიშვნელოვანია ტექნიკისა და კომპოზიციის მხატვრული აწყობის ცოდნა. გასათვალისწინებელია, სად ხდება გადაღება – შენობაში თუ გარეთ, რესტორანში თუ სახლის ინტერიერში, როგორი ფერთა გამაა გარშემო და სხვა, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, თუ როგორ ხედავს თვითონ კლიენტი თავის საბოლოო პროდუქტს”, – ნინა ლაბარტყავა, ფოტოხელოვანი.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

გამომდინარე იქიდან, რომ ფოტოგრაფიის ეს მიმართულება საქართველოში პოპულარული ბოლო წლებში გახდა, მას თან ბევრი გამოწვევაც ახლავს. ძირითადად, ეს ეხება დამკვეთების დამოკიდებულებასა და თავად ფოტოგრაფების მიდგომას. ამ ჟანრზე მოთხოვნის გაზრდა დიდწილად განაპირობა ციფრული სამყაროს გაჩენამ და ვიზუალური კომუნიკაციის წინა ადგილებზე წამოწევამ. ნინამ თავისი გამოცდილება და შეხედულება ამაზეც გაგვიზიარა:

გამოწვევა, რომელიც ამ სფეროში დგება, ისაა, რომ როგორც წესი, დამკვეთმა არ იცის, კონკრეტულად რა უნდა და მისი დავალება ძირითადად ასე გამოიხატება – „რაღაც ძალიან კარგი”. ამ დროს ფოტოგრაფს უწევს შეითავსოს დიზაინერობა, კომპოზიციის შექმნა და ფოტოს ხასიათის შექმნა. 

მეორე გამოწვევაა ის, რომ ნამუშევრები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ჩვენთან ძირითადად მიჰყვებიან იმას, რაც ტრენდულია და არა იმას, რაც შეიძლება კონკრეტულად პროექტის ფარგლებში მოიფიქრო. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის სტილისტიკა ასეთია – ცოტა გადანათებული, ჩრდილური კადრები. რომ გადახედოთ მიმდინარე food ფოტოგრაფიას, ნახავთ, რომ ყველა ერთ სტილშია გადაღებული, რაც ცოტა სამწუხაროა, რადგან ყველას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ხელწერა. ამ ყველაფერში პრობლემა და მინუსი ისაა, რომ ნამუშევარი მომხმარებლისთვის დასამახსოვრებელი აღარ არის და მათ შორის განსხვავების დაჭერა რთულია.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

თვითონ დამკვეთები კარგად იაზრებენ ამ ჟანრის აუცილებლობას, რადგან ბოლო წლებმა დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეკლამის გაკეთებისას ვიზუალი. დღეს, როცა მომხმარებელი არის ინსტაგრამზე, ფეისბუკზე და, ფაქტობრივად, ხელის გულზე უდევს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კაფეებსაც, რესტორნებსაც და ყველა მსგავს ობიექტს სურს, რომ მათი სერვისები თვალსაჩინო იყოს მომხმარებლებისთვის, იყოს ლამაზი და მიმზიდველი”.

ამ მიმართულების ფოტოხელოვნებით ყველაზე მეტად ისეთი ბიზნესია დაინტერესებული, როგორებიცაა: კაფეები, სასტუმროები, რესტორნები და დიდი მარკეტები, რომლებიც მზა კერძებს აწარმოებენ და სურთ, რომ მათი პროდუქცია პროფესიონალურად იყოს გადაღებული და წარმოჩენილი. ეს ფოტოები შემდეგ განთავსდება კომპანიის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში და ობიექტის გაპიარების წყაროდ გადაიქცევა.

ნინამ თავისი პირადი მიდგომებიც გაგვიზიარა food ფოტოგრაფიაში. ასევე იმ სირთულეებზე გვიყვება, რომლებიც ამ ჟანრის გადაღებას ახლავს:

ამ საქმეში ჩემი მიდგომაა, რომ თუ თვითონ არ მომინდა ის საჭმელი, რომელსაც გადავიღებ, ვერც მომხმარებელს შევთავაზებ ეგეთ ნამუშევარს. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო სწორი რაკურსით და განათებით გადაღება, არამედ მხატვრული და შემოქმედებითი მიდგომა. ფოტო შეიძლება იყოს ძალიან ხარისხიანი, მაგრამ არ იგრძნობოდეს არანაირი ხელწერა. მე ყოველთვის ვარჩევ ისეთ ფოტოებს, სადაც ასეთი ინდივიდუალიზმია გამოხატული და თავადაც ვცდილობ, ამ მიდგომით ვიმუშაო.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიდანვე შეუთანხმდე დამკვეთს ყველა დეტალზე, რათა შუა პროცესში არ დაგჭირდეს შეჩერება და რაღაც საკითხებთან მიბრუნება. Food ფოტოგრაფიის სპეციფიკა ისაა, რომ თუ ვიღებთ სასმელს, მაშინ დროში არ ვართ ძალიან შეზღუდულები. ვისკი იქნება, ტეკილა თუ ღვინო, მის გაციებას ან გაცხელებას არ ველოდებით კერძისგან განსხვავებით. სასმელს სხვა სირთულეები აქვს – მაგალითად, ისე უნდა გადაიღო, რომ ბოთლში არ ჩანდეს ანარეკლი, თუ გარეთ იღებ, დღის ისეთ მონაკვეთში უნდა გადაიღო, როცა ძალიან კაშკაშა სინათლე არაა. ყველაზე კარგი დრო ღვინისა და კონიაკის გადასაღებად არის მზის ჩასვლის პერიოდი, რომელსაც golden hour-ს ეძახიან. ასევე მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი პეიზაჟი გაქვს, გადასაღები ობიექტის გარდა რა ჩანს კადრში…

რთულია ცხელი კერძების გადაღება, რადგან ის სწრაფად ცივდება და ამ მდგომარეობაში ვერ გადაიღებ. ხშირად იქმნება ის პრობლემაც, რომ როცა კერძი ძალიან ძვირფასია და ის მხოლოდ ფოტოგადაღებისთვის უნდა დაამზადონ, ზოგიერთი რესტორანი თავს იკავებს ამისგან და ძირითადად, რაც მინახავს, ისე აკეთებენ, რომ როცა კლიენტს შეკვეთილი აქვს ასეთი კერძი, ჯერ ფოტოგრაფთან მიაქვთ და აღებინებენ ფოტოს, ხოლო შემდეგ მიართმევენ სტუმარს. ეს ფოტოგრაფისთვის უფრო სტრესულია, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება და ფოტოგრაფები უკვე მიჩვეულები ვართ”.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

ნინამ ასევე გვითხრა, რომ Food ფოტოგრაფებმა უნდა გაითვალისწინონ დამკვეთთან შეთანხმების აუცილებლობა. უნდა მოითხოვონ რეფერენსები, ნიმუშები, თუნდაც ინტერნეტში ნანახი, რათა ხელოვანი მიხვდეს, რა მოსწონს დამკვეთს და რა მიმართულებით დაიწყოს ფიქრი. ასევე, აუცილებელია ბიუჯეტის შეთანხმება. ბიუჯეტს კი ფოტოგრაფები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

ბიუჯეტიც, დროის მსგავსად, დამოკიდებულია პროექტის სიდიდეზე, გადასაღები კერძების რაოდენობასა და კლიენტის მოთხოვნებზე. როცა სტანდარტული გადაღებაა, ზედმეტი მოთხოვნების გარეშე, 15 კერძის ფოტოს, მაგალითად, მე პირადად 350 ლარად ვიღებ და ვთვლი, რომ ეს საკმარისია. ამ მიმართულებით ბაზარი დარეგულირებული არ არის, რადგან Food ფოტოგრაფები ძირითადად ფრილანსერები ვართ და ყველას თავისი ფასი აქვს. როდესაც გადაღება უფრო მასშტაბურია და მეტი კრეატივი, მეტი მხატვრულობაა საჭირო, მაშინ ფასი შეიძლება 1000-1500 ლარზეც ავიდეს”.

ფოტო: ნინა ლაბარტყავა

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

დაგეგმვის რომელ წესს იცავენ YouTube, Disney და Canva?

„მცირე ცვლილებები და საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობა ცვლის საბოლოო სურათს“ – მარიამ შარანგია