25
Sep
2019

“ერთი დესერტი სამი კოვზით” და ქართული გურმანული პლატფორმა Food4.ge

25 Sep 2019

Startauperi
Startauperi


“როცა პირველად შევიკრიბეთ ჩაიზე, საუბარი დავიწყეთ ფიგურის შენარჩუნებასა და ზოგადად ჩვენი კვების რაციონზე. მაგრამ ბოლოს მაინც ვაღიარეთ, რომ იმ საღამოს დესერტზე უარს ვერ ვიტყოდით. ამიტომ გამოსავალი ვიპოვეთ – შევუკვეთეთ ერთი დესერტი სამი კოვზით. მას შემდეგ, უკვე 10 წელია, ჩვენი ყველა შეკრება ასე სრულდება” – კულინარია სალომე კასრაძისთვის, მარი კუბლაშვილისა და ნუცა კოპალიანისთვის, თავდაპირველად, ჰობი იყო. მეგობრებსა და კოლეგებს რეცეპტების გაზიარება და ახალი გემოების აღმოჩენა ყოველთვის უყვარდათ. თუმცა, ერთ დღესაც, მიხვდნენ, რომ მოვიდა დრო, თავიანთი პატარა ჯადოქრობა, ყოველდღიური საქმიანობების პარალელურად, უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც გაეცნოთ. სწორედ ამიტომ, პროფესიით ჟურნალისტებმა, მაყურებლისა და მკითხველისთვის კულინარიული გამოცდილების გაზიარება პლატფორმა Food4.ge-ს საშუალებით განიზრახეს. გაუჩნდათ სურვილი, მიეწვდინათ ხმა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არ არიან მაღალი კლასის მზარეულები, მაგრამ უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და ექსპერიმენტები. ვებგვერდისა და საკომუნიკაციო არხების საშუალებით, სახლში მომზადებულ რეცეპტებს ვიდეოებისა და ბლოგების სახით უზიარებენ მკითხველს: “ჩვენ არ გასწავლით არაფერს, ჩვენ მხოლოდ გიზიარებთ. უფრო სწორედ, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საინტერესო რეცეპტებს, რადგან Food4.ge-ს მთავარი შემოქმედი ჩვენთან ერთად ჩვენი მაყურებელია. ” როგორ არის შესაძლებელი ქართულ ციფრულ სამყაროში საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა? რა აინტერესებთ ინტერნეტ მომხმარებლებს და როგორ შემოვიკრიბოთ ისინი გარშემო? ვიმედოვნებთ, სამი მეგობრის ეს ამბავი თქვენს კითხვებზე პასუხების მოძიებაში დაგეხმარებათ.

სალომე კასრაძე

M: არც ისე მარტივია ქართული საზოგადოების გემრიელი კერძებით გაკვირვება, მით უმეტეს, როდესაც ადამიანს კერძთან უშუალო შეხება არა აქვს. ამ გამოწვევას როგორ გაუმკლავდით?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოების გაკვირვება ყოველთვის შეიძლება, მთავარია, არ შეწყვიტო ძიება და მონდომება. თუმცა, ჩვენი მიზანი გაკვირვება არ არის. ჩვენ, უბრალოდ, ჩვენი აღმოჩენების გაზიარება გვინდა. შეიძლება ეს იყოს უმარტივესი მიგნება, ორი ძალიან განსხვავებული ინგრედიენტის შეხამება და უცხო გემოს მიღება. როდესაც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში მიდიხართ, უკვე იცით, რომ გაკვირვება გარდაუვალია, მაგრამ არანაკლები სიამოვნებაა, როცა შენი ხელით მომზადებული კერძი გაგაოცებს თავისი მარტივი და უნიკალური გემოებით.

M: ქართულ ინტერნეტ სივრცეში კულინარიულ ჯგუფებსა და ვებგვერდებს უხვად ვხვდებით. რა გამოარჩევს თქვენს პლატფორმას კონკურენტებში?

პირველ რიგში ის, რომ Food4.ge მხოლოდ ერთ პლატფორმას არ მოიცავს. ჩვენს ვებგვერდზე მაყურებელს მხოლოდ ისეთ კერძებს ვთავაზობთ, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ ვუსინჯავთ გემოს და შემდეგ ვასაჯაროებთ. ფოტოების საავტორო უფლებებსაც Food4.ge ფლობს, რადგან ყველაფერი ჩვენი გადაღებულია. მთავარი იდეა იყო ის, რომ ამ სივრცში შემოქმედები თავიდან ბოლომდე ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, რომ ეს ვებგვერდი და რეცეპტები ყოფილიყო ნამდვილი და არა საიდანღაც დაკოპირებული.
თავიდანვე ვიცოდით, რომ ვიდეო კონტენტიც უნდა შეგვექმნა და ეს უნდა ყოფილიყო Youtube-ზე. დღეს ქართულYoutube-ს განვითარების ეტაპი დაუდგა და სულ უფრო მეტი მომხმარებელი ემატება. კულინარიის ნიშა, ისევე, როგორც ბევრი სხვა თემატიკის ნიშა, ჩამოყალიბების პროცესშია და ვფიქრობთ დროული იყო Food4.ge-ს არხის შექმნა Youtubeზე. ჩვენი ვიდეოები არის თავიდან ბოლომდე ამ პლატფორმის სპეციფიკაზე მორგებული და ჩაშვებიდან მხოლოდ 1 კვირაში 2,000 გამომწერი მოგვემატა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მოთხოვნადია კულინარია YouTube-ზე.

 

M: თქვენი დაკვირვებით ყველაზე ხშირად ვინ სტუმრობს პლატფორმას?

მარი კუბლაშვილი

ამ კვირის მონაცემებით, ვებგვერდს ყველაზე ხშირად 25-დან 35 წლამდე აუდიტორია სტუმრობს. შემდეგ, მოდის 18-დან 24 წლამდე. რაც შეეხება YouTube-ს, აქ ყველაზე ხშირი მომხმარებლები 18-დან 24 წლამდე მაყურებელია. ჯერჯერობით, Food4.ge-ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ხშირად სტუმრობენ. თუმცა ძალიან გვინდა, რომ ეს მაჩვენებელი მალე შეიცვალოს და მამაკაცებიც დავაინტერესოთ სახლში მომზადებული კერძებით. ჩვენ ვამსხვრევთ სტერეოტიპს, რომ სახლში ოჯახური სადილი მხოლოდ ქალებმა უნდა მოამზადონ. გვინდა მამაკაცებიც შემოვიტყუოთ სამზარეულოში. ამაში ქალბატონებიც უნდა დაგვეხმარონ, მათ უნდა მისცენ კაცებს იმის საშალება, რომ ერთხელ მაინც გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები.

M: რა საკომუნიკაციო არხებშია გაშლილი Food4.ge? საკომუნიკაციო სტრატეგიაზეც გვიამბეთ… 

ჩვენი მთავარი პლატფორმებია ვებგვერდი Food4.ge და YouTube არხი ამავე სახელწოდებით. ასევე ინსტაგრამი, ფეისბუკ გევრდი და Twitter. როგორც ვახსენეთ, ვებგვერდზე ყოველდღიურად მინიმუმ 2 ახალი რეცეპტი იდება. რაც შეეხება Youtube-ს, აქ უკვე კვირაში სამჯერ ვტვირთავთ ვიდეოებს. როგორც საქართველოდან, ისე ამერიკიდან. ორშაბათობით სალომეს ვიდეოები იდება, სადაც ის ჯანსაღ, დიეტურ და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტებზე გვიყვება საკუთარი სამზარეულოდან. ოთხშაბათობით ბავშვების დღე გვაქვს, სადაც ნუცა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის მრავალფეროვან რეცეპტებს სტუმრებთან ერთად წარმოგიდგენთ. პარასკეობით კი, მარი ამერიკიდან ისეთ კერძებს გვთავაზობს, რაც შტატებშია პოპულარული და საქართველოში ყოველდღიურ კვების რაციონს გაგვიმრავალფეროვნებს.

M: რაც შეეხება კომერციალიზაციას. როგორ ხედავთ  Food4.ge-ს მონეტიზაციას?

ნუცა კოპალიანი

საერთოდ, მოგეხსენებათ, რომ Youtube-ის მონეტიზაცია საქართველოში ძალიან მიზერულ შემოსავალს გულისხმობს. ამიტომ ჩვენი გათვლა არ ყოფილა, რომ Youtube-ის ნახვებით კომერციული დაინტერესება გვქონოდა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ გასტრონომიული მიმართულებით საქართველოში ყველა კომპანიას თუ ბრენდს დავაინტერესებთ და მათ მოუნდებათ ჩვენთან თანამშრომლობა. რადგან ჩვენს პლატფორმებს ჰყავს სეგმენტირებული აუდიტორია, ვინც კვების სფეროში მრავალფეროვანი პროდუქციით თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკით ინტერესდება.

M: თქვენთვის რა არის ყველაზე საინტერესო ამ პლატფორმის შექმნისას?

თვითონ ვებგვერდის მართვა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. აქამდე ვებგვერდთან, როგორც ადმინისტრატორებს, არასდროს გვქონია შეხება. პირველი შეგრძნება, როცა სამართავ პანელში შევედით და დავიწყეთ მოქმედება, იყო ის, რომ თითქოს ახალი სახლი შევიძინეთ, თან გარემონტებული, სადაც ჩვენს გემოზე დავიწყეთ ,,ინტერიერის დიზაინზე’’ და ,,ავეჯის განლაგებაზე’’ ზრუნვა. ეს არის უწყვეტი პროცესი და ჩვენი სახლი მუდმივი განახლების პროცესშია.

M: სამომავლოდ, როგორ ხედავთ პლატფორმის განვითარებას?

სამომავლოდ, ბევრი გეგმა გვაქვს, მაგრამ მთავარი ალბათ არის ის, რომ Food4.ge უნდა იყოს ინგლისურენოვანიც. ეს ჩანაფიქრი თავიდანვე გვქონდა, ამიტომ შევურჩიეთ ჩვენს ვებგვერდს ინგლისური სახელწოდება. ამით ჩვენ შევეცდებით, საქართველოს კულტურით და სამზარეულოთი დაინტერესებულ უცხოელებს ჩვენი ცნობილი ქართული კერძების რეცეპტები ინგლისურ ენაზე შევთავაზოთ.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა