in

“ამერიკაში ამ მოდელს მომავლის რესტორანს ეძახიან” – ქართული ონლაინ რესტორანი FoodBox

/Photocredit: TbcBusiness.ge/
Startauperi
Startauperi

“როდესაც ვიკრიბებოდით და საკვების გამოძახებაზე მიდგებოდა საქმე, სულ გვქონდა საფიქრალი, რა გვეჭამა. არ გვინდოდა ბევრი ცომეული ან “ჯანქ-ფუდი”. ვიფიქრეთ, რა სჭირდება ხალხს ყოველდღიურობაში? გადავწყვიტეთ მრავალფეროვნება შეგვეთავაზებინა, სხვადასხვა საკვების კომბინაცია. სახელიც აქედან შევარჩიეთ – FoodBox.”

რესტორან FoodBox-ის დაფუძნება მაია სიდამონიძემ და თორნიკე ბუიშვილმა 2019 წელს დაიწყეს. გააერთიანეს, ერთი მხრივ მაიას Horeca-ს სფეროში წლების მანძილზე მუშაობისას დაგროვილი ცოდნა, მეორე მხრივ კი, თორნიკეს ბიზნესის ანტრეპრენერული გამოცდილება და ქართულ ონლაინ სივრცეში Ghost (ინგ. “აჩრდილი”) რესტორანს ჩაუყარეს საფუძველი. აქვე უნდა ითქვას, რომ Ghost რესტორანი არის საკვები ობიექტი, რომელიც მომხმარებლებს მხოლოდ სატელეფონო ან ონლაინ შეკვეთების საშუალებით ემსახურება. ამგვარად, FoodBox მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებობს, მისი “ბოქსის” შეკვეთა კი, Wolt-სა და Glovo-ზეა შესაძლებელი. Foodbox-თან ერთად, ერთ სამზარეულოში სხვა ორი სტარტაპიც ფუნქციონირებს – Saint Pizza და Pita Lab.

/Photo Source: TbcBusiness.ge/

“ფუდბოქსი არის “Ghost” რესტორანი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ე.წ. Walk in, ანუ არ ვიღებთ სტუმრებს ჩვენს სივრცეში. ჩვენი კერძების მიტანას ახორციელებენ ისეთი მიტანის სერვისები, როგორიცაა Wolt, გლოვო და menu.ge. ვფიქრობთ, “ფუდბოქსის” უპირატესობაა ისაა, რომ ჩვენთან მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს და შექმნას ხორცის, ვეგეტარიანული ან სალათის ბოქსები. ყველა ინგრედიენტი, რომელსაც ვიყენებთ არის ნატურალური, სწორედ ამიტომაც, “ფუდბოქსი” ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება,” – გვიამბო “ფუდბოქსის” თანადამფუძნებელმა, თორნიკე ბუიშვილმა.

M: სტარტაპი, ჯერ კიდევ, 2019 წელს შეიქმნა (როცა ონლაინ სერვისები დღევანდელივით აქტუალური არ იყო), რატომ აირჩიეთ ოპერირების ონლაინ რეჟიმი?

“Ghost” რესტორნის კონცეფცია ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია არსებობს და მას მომავლის რესტორანს უწოდებენ. გვინდოდა, ეს სიახლე საქართველოშიც შემოგვეტანა. ასეთ ბიზნესმოდელს აქვს რამდენიმე უპირატესობა რომელიც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთ სივრცეში მოვაწყოდ Sharing kitchen-ის კონცეფცია და მომხამრებელს შევთავაზოთ სხვადასხვა ბრენდები. ამ ეტაპზე Foodbox ის გარდა მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვა ვირტუალურ რესტორნებსაც რომლებიცაა: Saint Pizza და Pita Lab. მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე ბრენდის დამატებას. ყოველი მათგანი სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი თუმცა ყველგან ვცდილობთ ხარისხის შენარჩუნებას და მომხმარებლებისთვის გემრიელი კერძების შეთავაზებას.

კონცეფცია კი შევარჩიეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რამდენად გამოიძახებდა ხალხი ისეთი რესტორნიდან, სადაც არასოდეს გაუსინჯავთ არაფერი. შემდეგ, ვნახეთ, რომ ამერიკაში ეს საკმაოდ პოპულარულია. თანაც, გადავწყვიტეთ, კონცეფცია ისეთი ყოფილიყო, რომ შემდეგ, Shared Kitchen-ის გაკეთება შეგვძლებოდა.

M: რა უპირატესობა აქვს “ონლაინ რესტორანს” მომხმარებლისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს Walk in, არ გვიწევს ზრუნვა ისეთ დეტალებზე, როგორიცაა სტუმრების დარბაზის დიზაინი ან სხვა. ჩვენი გუნდი მთლიანად ორიენტირებულია გამოძახებებზე და ამიტომაც ვქმნით მიტანის სერვისზე მორგებულ კერძებს და ორნიეტირებულნი ვართ მხოლოდ პროდუქტების და კერძების ხარისხზე.

შევქმენით რამდენიმე “ბოქსი” – ბარბექიუ, ვეგეტარიანული და სალათის. აქედან ადამიანი ირჩევს, მწვადი რისი უნდა, რა ურჩევნია გარნირად, ოჯახური კარტოფილი, გრილზე შემწვარი ბოსტნეული და ა.შ.

გამოვიდა ისე, რომ თუკი სხვაგან შეკვეთისას მოგიწევდათ ყველა კერძში ცალ-ცალკე თანხის გადახდა, აქ, ერთ “ბოქსში” რამდენიმე ტიპის საკვებია მოქცეული. უკვეთავ, რასაც გინდა და თან, ყველაფერს თავად არჩევ.

M: თქვენთვის რითაა მუშაობის ასეთი ფორმატი საინტერესო?

პირველ რიგში ასეთი ფორმატი საინტერესო იყო რადგან არ არსებობდა მისი ანალოგი საქართველოში. ამის გარდა ასეთი ფორმატი გვაძლევს საშუალებას ჩვენი თავი გამოვცადოთ არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული კერძების მიმართულებით არამედ გვაქვს საშუალება გვქონდეს დივერსიფიცირებული სამზარეული და ვიმუშაოთ სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის სეგმენტებზე.

M: როგორია სამუშაო პროცესი და რამდენად მოქნილია სერვისი?

როგორც გითხარით, ჩვენი მთავარი საზრუნავი ისაა, რომ მომხმარებელს მიუვიდეს ხარისხიანი კერძები ადგილზე. ამიტომაც ჩვენ, პირველ რიგში, ვზუნავთ პროდუქტის ხარისხზე, დამზადების დროსა და კერძების კომფორტულ შეფუთვაზე. გაწერილი გვაქვვს სამუშაო პროცესები, რომლებიც გვეხმარება ვოპერირებდით სწრაფი კვების ობიექტების მსგავსად. ამ ამოცანების მიღწევაში გვეხმარება ჩვენი მზარეულების გუნდი და ის გაწერილი პროცედურები, რომლებიც მათ უადვილებენ სამუშაო პროცესს.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი Foodbox და როგორ აწვდენთ ხმას თქვენთვის საინტერესო სეგმენტს?

კონკრეტულად, ფუდბოქსი გათვლილია ჯანსაღი კვების მოყვარულებზე. მათ ვთავაზობთ ქართული და მედიტერიანული კერძების ნაზავს. ვფიქრობ, მომხმარებლებს, ყველაზე მეტად, მრავალფეროვნება რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ თავად შეუძლიათ შექმნან ხორცის, ვეგეტარიანული ან სალათის ბოქსები საყვარელი ინგრედიენტებით.
რაც შეეხება Saint Pizza-ს, ჩვენი აზრით, არის ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პიცერია გამოძახებით, გამოირჩევა ხარისხიანი პროდუქტებით, რომელიც მთავარია კარგი პიცის გასაკეთებლად.

Pita Lab სულ რამდენიმე კვირაა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ვფიქრობ, უკვე გაიჩინა ერთგული მომხმარებელი. პიტის პურს ვაცხობთ ადგილზე და მომხმარებელს ვთავაზობთ ვეგეტარიანულ ან ხორცის სენდვიჩებს. ყველაზე პოპულალური არის ფალაფელის პიტა, ალბათ იმიტომ, რომ უგემრიელესი ფალაფელი გვაქვს.

M: Foodbox-თან ერთად, სხვა სტარტაპებსაც უძღვებით, კვების მიმართულებით – გვიამბეთ მათზე და ისიც მოგვიყევით, როგორ მართავთ მენეჯმენტის ერთიანი სისტემით?

ეს არის მოქმედი სტარტაპი, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს და ვითარდება, თუმცა კიდევ გვაქვს პროექტი EATLOCAL, რომელიც GITA-ს თანადაფინანსების გრანტების ფინალში გავიდა და ამ ეტაპზე, განვითარების პროცესშია.

რაც შეეხება რესტორნის მოგებიანობას, უნდა ვაღიაროთ, რომ მარჟები კვების ბიზნესში არის საკმაოდ დაბალი. ჩვენ შემთხვევაში კი (მხოლოდ მიტანაზე ვართ), მარჟა კიდევ უფრო დაბალია, რადგან დელივერი კომპანიები საკმაოდ დიდ პროცენტს იღებენ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბიზნესი კიდევ უფრო განვავითაროთ.

M: ყველაზე დიდ სირთულეს რა ეტაპზე წააწყდით და როგორ გადალახეთ?

ყველაზე დიდ სირთულეს ვაწყდებით სწორი კადრების შერჩევისას. ალბათ, ნებისმიერ ბიზნესში და მითუმეტეს ისეთში, როგორიც კვებაა, მნიშვნელოვანია ერთგული და გუნდურად მომუშავე თანამშრომლები. გემრიელი კერძების მოსამზადებლად, ვფიქრობთ, მხოლოდ კარგი პროდუქტები არ კმარა, საჭიროა მზარეულების გუნდის გულმოდგინე და მოტივირებული ჩართულობა. ამ სირთულის გადალახვას ვცდილობთ კადრების სწორი შერჩევით და შემდეგ, მათთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მოტივაციის შექმნით.

M: ბოლო პერიოდში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, მოსახლეობას სახლში დარჩენა უწევს. ამავდროულად, გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ სერვისებზე. როგორ აისახა ეს თქვენს ბიზნესზე?

ონლაინ მომსახურებებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რიცხვებში რადიკალურად ჯერ არ ასახულა, თუმცა, შეიმჩნევა მატება. ვფიქრობთ, ამ ტიპის კვებაზე მოთხოვნა ყველა შემთხვევაში გაიზრდება. ეს იდეაც ამიტომ გაგვიჩნდა, რომ ადამიანებს ნაკლები დრო აქვთ, ჭამა უყვართ და ცდილობენ, მობილურები იყვნენ ამ ყველაფერთან მიმართებაში. ამაში Wolt-ისა და Glovo-ს როლიც ძალიან დიდია, მათ გააჩინეს ამაზე მოთხოვნა.

M: თქვენი გამოცდილებით, რისი ცოდნაა აუცილებელი, სანამ “ონლაინ რესტორანს” გახსნის ადამიანი?

ვფიქრობთ, საჭიროა ყველა დეტალის სწორად გათვლა და მინიმალური დანახარჯებით, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. ძალიან მარტივია ამ ბიზნესში შემოსვლა, მაგრამ კონკურენცია ძალიან დიდია. ამ ბოლო რამდენიმე თვეში საკმაოდ გაიზარდა, თუმცა, ამ კვირებში, კიდევ უფრო ინტენსიურია მატება. მნიშვნელოვანია მარჟების გათვალისწინებაც, რადგან მარჟა საკმაოდ მცირეა.

M: დამფუძნებლები ფუნქციებს როგორ ინაწილებთ?

მაია კონსულტანტია ტურიზმის სექტორში და თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს მმართველი პარტნიორი. ის უფრო მეტად ჩართულია ახალი პროდუქტების შექმნაში და მათ დახვეწაში. მე – ბიზნეს კონსულტანტი და ანტრეპრენუარი ვარ და ბიზნესის ყოველდღიურ ოპერირებაში ვარ ჩართული.

M: დღეს, რა არის თქვენთვის მთავარი მოტივაცია?

ჩვენთვის მთავარი მოტივაცია არის ბაზარზე სიახლეების შემოტანა. მოგვწონს ის, რომ განსხვავებულ რაღაცას ვაკეთებთ, რადგან ამ კონცეფციის (Shared Kitchen) ბიზნესი ბაზარზე არ არის. ეტაპობრივად, რაღაც ახალ მიმართულებას ვამატებთ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ვიცით, რომ მომხმარებელი კმაყოფილია.

M: როგორ ხედავთ ამ ბიზნესის მომავალს, რას აპირებთ?

ვფიქრობთ, ბიზნესის გაფართოებას ახალი ფილიალების და ბრენდების დამატებით. ასევე, გვინდა ვაწარმოოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც გაიყიდება მაღაზიებში და მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა სწრაფად მიირთვას ჯანსაღი და გემრიელი ლანჩი ან საუზმე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

/Photo Source: TbcBusiness.ge/

 „მაკდონალდსი“  ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება