in

Forbes საქარათველოს ღირსშესანიშნაობებზე, ტურიზმსა და #spendyoursummeringeorgia-ზე წერს

ამერიკული და მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარული ბიზნესგამოცემა Forbes საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე წერს. მკითხველს უამბობს კამპანიაზე #spendyoursummerinGeorgia, აცნობს ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კულინარიულ თუ ფოტოგრაფიულ ტურებს, უყვება უნიკალურ სვანეთზე, შეუდარებელ კულტურაზე, კაცხის სვეტს კი „ქართულ მეტეორას“ [სამონასტრო კომპლექსი საბერძნეთში] უწოდებს. 

„კაცხის სვეტი, მამათა მონასტერი სოფელ კაცხთან ახლოს, მართლმადიდებლური ეკლესია და ბერების საცხოვრებელი კლდის წვერზე. იმერეთი, საქართველო. ქართული მეტეორა“.

„თბილისის ცენტრში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ქართველები მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში კი არა, „ონლაინ“ სივრცეშიც გაერთიანდნენ და რეგიონში საუკეთესო საზაფხულო ტურისტული კამპანია Spend your Summer in Georgia დაიწყეს. Facebook-ზე 5 ქართველის შექმნილი ჯგუფი, ერთ ღამეში გავრცელდა ვირუსულად. აქ [Facebook] 275 000-ზე მეტი ადამიანი მყავს მაგრამ ახალი ამბების ველში ყოველთვის ჩანს უგემრიელესი ქართული ხინკალი, დამაჰიპნოზირებელი ქართული ტრადიციული ცეკვა ან სხვა „გამღიზიანებელი“, რაც მაიძულებს, ყველაფერი მივატოვო და საქართველოში გავიქცე, სადაც ყველა კუთხე ერთმანეთისგან განსხვავდება“, – წერს Forbes.

როგორც სტატიის ავტორი ბროანა უილსონი ამბობს, საქართველოზე ოცნების რეალობად ქცევა და ამ ქვეყანაში მოგზაურობა რთული სულაც არ არის. ამისთვის, ტურისტებს, 5 განსხვავებულ ალტერნატივას სთავაზობს.

ამბობს, საქართველოს შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლაშქრობა და რეგიონებში, მთებში ფეხით სიარულია.

„აქ [საქართველოში] მთებში ფეხით მოგზაურობით, ტურისტები, გამაოგნებელ ადგილებს შეხვდებიან. მაგალითად, სვანეთში ექსპედიციისას, ნახავენ უშბას მყინვარებსა და ჩანჩქერებს, 2 499 მეტრის სიმაღლეზე მოხვდებიან თეთნულდის სათხილამურო ფერდობზე, შემდეგ კი შორეულ სოფელს, ადიშს მიაღწევენ, სადაც მხოლოდ ფეხით შეიძლება მისვლა. და ეს ყველაფერი მანამდეა, სანამ მოგზაურთა ჯგუფი უშგულსა და მესტიამდე, ანუ სალაშქროდ საუკეთესო ადგილებამდე მიაღწევს“.

Forbes წერს, რომ, საქართველოს გასაცნობად, არაჩვეულებრივი საშუალებაა ცხენებით მოგზაურობა.

„10 დღიან ტურში, 8 დღე ცხენით დადიხართ და დღეში 5-6 საათი უნაგირზე ზიხართ. აქ ისეთ მთებს, სოფლებს, ღირსშესანიშნაობებს ნახავთ, სადაც ტურისტები ხშირად არ დადიან და მარშრუტს განსაკუთრებულს სწორედ ეს ხდის. მონასტრებიდან მთიან სოფლებში მოგზაურობისას, იმ საქართველოს აღმოაჩენთ, ცოტას რომ უნახავს“.

საბჭოთა არქიტექტურა – ფოტოგრაფიის გაკვეთილები 

„წყალტუბოში, საბჭოთა პერიოდის მიტოვებული შენობების სილამაზეს ვერაფერი შეედრება. ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ ჯეიმს კერუინის „შემოდგომის სათავგადასავლო ფოტოგრაფიულ ტურში“ სწორედ ეს ადგილი მოხვდა. 2019 წლის შემოდგომაზე, ტურისტებს საშუალება ექნებათ, საქართველოში, საუკეთესო კადრი „დაიჭირონ“.

ჯეიმს კერუინის ტური “Autumn Photography Adventure Tour“ 21-27 ოქტომბერს [2019] არის დაგეგმილი
Eat your way through Georgia – ეს ფრაზა სტატიიდან, შეიძლება, კულინარიული ტურიზმის გზავნილადაც იქცეს.

„ბოლო დროს თუ ქართულ საჭმელზე ბევრს კითხულობდით, ამის მიზეზი ნამდვილად გაქვთ, ლოს-ანჟელესში Adjarian-style khachapuri delivery services-ის, ან ნიუ-იორკში khinkali houses-ის საკვები თუ გაგისინჯავთ, გეცოდინებათ, როგორი კერძები აქვთ ქართველებს, აღარ ვსაუბრობ იდეალურ ღვინოზე, რომელსაც ბოლო 8 000 წელია აწარმოებენ“.

სტატიის ავტორი, კულინარიული ტურიზმით დაინტერესებულებს სპეციალური ტურის შესახებაც უამბობს, რომელიც საქართველოსა და სომხეთის რამდენიმე ქალაქს მოიცავს და მაისიდან ოქტომბრამდეა ხელმისაწვდომი.

„ტურისტები, ღამით, ყაზბეგში, საოჯახო სასტუმროში გაჩერდებიან, სადილზე იქვე დამზადებულ კერძებს დააგემოვნებენ, შემდეგ [სიღნაღში] ეწვევიან „ქინძმარაულის“ მარანს და გასინჯავენ ადგილობრივ ღვინოს, ყველს. კულინარიის გაკვეთილზე კი, სტუმრებს, ხინკლის გაკეთებას ასწავლიან“.

Forbes, ტურისტებს, საქართველოში მოგზაურობის კიდევ ერთ ალტერნატივას სთავაზობს. ეს Traveling Den-ია, Toyota 4Runner SUV-ზე ჩაბმული ფურგონი, რომლითაც, მოგზაურები, ქვეყნის „შეუდარებელი ლანდშაფტს, მდიდარ კულტურასა და შთამბეჭდავ ისტორიას“ გაეცნობიან.

„ ამ ფურგონით საქართველოში, ნებისმიერ ადგილზე იმოგზაურებთ, თანაც ისე, რომ კომფორტზე უარის თქმა არ მოგიწევთ. აქ ყველაფერია: სამზარეულო, საპირფარეშო, ეზოს ავეჯიც კი. გინდათ, აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე წასვლა?! ან ვაშლოვანის ფერადი კანიონის ნახვა?! ამას მარტივად შეძლებთ Traveling Den-ით, თანაც თქვენთვის სასურველი ტემპით იმოგზაურებთ. და დამიჯერეთ, მართლაც ბევრ რამეს აღმოაჩენთ ამ მოგზაურობისას, რადგან საქართველოში ყველაფერი სანახავია“, – წერს Forbes-ის ჟურნალისტი.

სტატიაში, ჩამოთვლილ ღირსშესანიშნაობებთან და ტურებთან ერთად, მითითებულია თითოეულის ზუსტი მარშრუტი და ფასი. ასე რომ, უცხოელ ტურისტებს, შესაძლებლობა აქვთ, მარტივად დაგეგმონ საქართველოში მოგზაურობა და წინასწარ განსაზღვრონ მისი ღირებულება.

ტორონტოს კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” წარადგინეს

adjarabet.com: „მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები თბილისში გაგრძელდება“