in

Ford-ის F სერია – ლეგენდარული T მოდელიდან, 14 თაობის გავლით, დღემდე

Ford F-ს სერიის პიკაპის პოპულარობა შემთხვევითი არ არის. საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაბადებულმა სერიამ ჯერ ამერიკულ ლანდშაფტში დაიმკვიდრა თავი, შემდეგ მსოფლიოში. უხვი ღირებულებებითა და თანმიმდევრული ინოვაციებით გამორჩეული ეს სერია მრავალი ავტომოყვარულის გულს იპყრობს. პირველი მოდელის, TT-ს შასის კაბინიდან დღევანდელ, ტყავით შემოსილ ოთხკარიან ძვირადღირებულ მანქანამდე Ford F-მა დიდი გზა გაიარა, თუმცა ამ გზის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ.

თავმდაბალი დასაწყისი: მოდელი TT პიკაპი

Model TT სატვირთო მანქანა 1917 წლის ივლისში გამოვიდა. ის ლეგენდარული მოდელის, T-ს გაგრძელება იყო. კაბინითა და ძრავით იგი ჰგავდა ამ მოდელს, თუმცა უფრო მყარი ჩარჩო ჰქონდა და ერთტონიანი დატვირთვის გაძლება შეეძლო. ასევე მოიცავდა პიკაპისთვის დამახასიათებელ კონფიგურაციებს. 

1928 წელს, სატვირთო მანქანის დებიუტიდან ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, ფორდმა Model TT-ს 1,3 მილიონი მომხმარებელი მოაგროვა. 

ამ წარმატების შემდეგ, 1035 წელს მწარმოებელმა გამოუშვა Model 50 პიკაპი, რომელსაც ბევრი განახლება ჰქონდა. სამწუხაროდ, ომის დაწყებისას წარმატებული მოდელის წარმოება შეჩერდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სატვირთო მანქანების გამოშვება არ შეუწყვეტია და ამ პერიოდში ოთხ მილიონზე მეტი სატვირთო მანქანა გამოუშვა, რაც, დაგვეთანხმებით, საოცარი რიცხვია.

F სერიების პირველი თაობა

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, Ford-მა მუშაობა დაიწყო სამომხმარებლო სატვირთო მანქანების მომდევნო თაობაზე. თავისი ზომითა და შესაძლებლობებით, ეს გახდა მწარმოებლის ერთი დიდი სერიის, F სერიების დასაწყისი. ნახევარ ტონიანი F1 პიკაპით დაწყებული F8-ით დამთავრებული, Ford-მა შეძლო და ყოვლისმომცველი პიკაპების ახალი თაობა შექმნა, რომელსაც საფუძველი 1948 წელს ჩაეყარა.

მეორე თაობა

F-სერიის მეორე თაობა კლასიკური ვინტაჟური სტილით გამოირჩეოდა. F-1 გახდა F-100, ხოლო Ford F-2 და F-3 სატვირთო მანქანები F-250 ხაზში ერთიანდებოდა. ეს კომერციული მოდელები უფრო მძიმე იყო, ვიდრე მათი წინამორბედები. ამ თაობაში ჩანაცვლდა ის V-8 პლატფორმაც, რომელზეც მანამდე ფორდის მოდელები ეწყობოდა. ახალი პლატფორმა იყო OHV. კიდევ ერთი გამორჩეული სიახლე ამ ხაზში, ავტომატური გადაცემათა კოლოფის დამკვიდრების მცდელობა იყო. 

მესამე თაობა

1957 წელს მოდელებმა კიდევ ერთი რედიზაინი განიცადა. განსაკუთრებული ცვლილებები ექსტერიერს უფრო შეეხო, ვიდრე შიდა ტექნიკურ მოწყობილობას. ახალი პიკაპები უფრო გაფართოვდა და ოთხკუთხა, კვადრატული სტილი მიიღო, რომელიც მომდევნო ათწლეულებშიც მის ნიშად იქცა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მესამე თაობის F სერია 4X4-ზე მანქანები იყო.

მეოთხე თაობა

მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე თაობის სატვირთო ავტომობილის დებიუტი 1961 წელს შედგა, საბოლოო სახე მან 1965 წელს მიიღო. ამ თაობის სლოგანი დაახლოებით ასე ჟღერდა: „მართავ, როგორც მანქანას, მაგრამ მუშაობს, როგორც სატვირთო”. ასევე, 1966 წელს გამოვიდა პირველი რეინჯერი, რომელიც მანამდე არნახულ კომფორტს სთავაზობდა მომხმარებელს. ესენი იყო: ნოხები, ელექტრომუხრუჭები, ელექტროგადამცემი და კონდიციონერი. 

მეხუთე თაობა

მეხუთე თაობის დიზაინი იყო იმის მინიშნება, რომ მომდევნო გამოშვების F მოდელებიც მსგავსი იქნებოდა. ამ თაობას მანქანის წინა ნაწილზე ამოტვიფრული აქვს ბრენდის სახელი – F O R D. მისი ფარები და კაბინა არის სპორტული. 

ეს თაობა 1967 წლიდან 1972 წლამდე იწარმოებოდა. აგებული იყო იმავე პლატფორმაზე, რაზეც მეოთხე თაობის F-სერიის სატვირთო მანქანები. უბრალოდ მეხუთე თაობას ჰქონდა უფრო მკვეთრი სტილის ხაზები, უფრო დიდი კაბინა და ძრავის გაფართოებული ვარიანტები.

მეექვსე თაობა

მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის წინა თაობის F სერიის იდენტურია, მეექვსე თაობის პიკაპებს ჰქონდა განახლებული ცხაური, აღჭურვილი იყო პარკინგის ნათურებით, რომლებიც განთავსებული იყო ფარების ზემოთ და ჩაზნექილი სხეულის ღარი ჰქონდა. სალონი მომხმარებელს სთავაზობდა დასაკეც სავარძლებს პატარა ბალიშით. პირველად F-150 1975 წელს გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მან მალე გადააჭარბა პოპულარობით F-100-ს, ეს უკანასკნელი 1983 წლამდე მაინც რჩებოდა საკმაოდ მოთხოვნად მოდელად. 

მეშვიდე და მერვე თაობა

Ford თავის მეშვიდე თაობის F-სერიას ახასიათებს, როგორც „1980-იანი წლების პირველ, ახალ სატვირთო მანქანას” და აპროექტებს მას აეროდინამიკასა და პლუს სალონის პრინციპზე. 

მეშვიდეს მალევე მოჰყვა მერვე თაობა. 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 1987 წელს მსუბუქად განახლებული მოდელი გამოვიდა, რომელსაც ბრტყელი ცხაური, სადა ფარები და ბორბლის მომრგვალებული თაღები ჰქონდა.

მეცხრე თაობა

უფრო რბილი, უფრო აეროდინამიკური სერია გამოვიდა 1992 წელს. მისი წყალობით, 1995 წელს F-სერიამ გაყიდვებით გადააჭარბა Volkswagen Beetle-ს, იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავტომობილს. ახალი თაობის მოდელი სპორტულ პიკაპს წარმოადგენდა და 5.8-ლიტრიანი, გაძლიერებული ძრავა ჰქონდა, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მეათე თაობა

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არცერთი F-150 არ ყოფილა იმაზე დრამატული რედიზაინით წარმოდგენილი, როგორც მეათე თაობაში. უფრო გლუვი, უფრო აეროდინამიკური F-150 იყენებდა ახალ, მსუბუქ შასის, გამოიმუშავებდა 380 ცხენის ძალას და იმ დროს გახდა ყველაზე ძლიერი წარმოების სამგზავრო მანქანა, რომელიც გაიყიდა შეერთებულ შტატებში.

მეთერთმეტე თაობა

წინა ვერსიაზე დიდი, მე-11 თაობის Ford F-Series, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, კიდევ ერთი შეცვლილი დიზაინით მოგვევლინა. ამჯერად ის მეტ ყურადღებას ამახვილებდა კომფორტსა და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჰქონდა უფრო დიდი, რეგულარული და გაფართოებული კაბინის ვარიანტები მეტი სათავსოებითა და სამგზავრო სივრცით. ამან მას ბევრი მყიდველი მოუყვანა და გაჩნდნენ მომხმარებლები, რომლებმაც პიკაპი თავიანთ ძირითადად ავტომობილად გადააქციეს.

მეთორმეტე თაობა

უფრო გამოკვეთილი ცხაური, უხეში ფარები, კვადრატული სტილი, გაუმჯობესებული ბრუნვა – ამ თაობის პიკაპის მახასიათებლებია. 2011 წელს Ford-მა წარმოადგინა ორმაგი ტურბოძრავიანი 3.5-ლიტრიანი სატვირთო, რომელსაც 20-დუიმიანი ქრომირებული დისკები და ვენტილირებადი სავარძლები ჰქონდა.

მეცამეტე თაობა

 

2015 წელს გამოვიდა ლეგენდარული სერიის მეცამეტე თაობა. ტრადიციული ფოლადის ჩარჩოსთან ერთად ის ალუმინის კორპუსით არის აღჭურვილი. ახალი კორპუსი უფრო მსუბუქი და ჟანგგამძლეა, ვიდრე ის ადრე იყო. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ეს მოდელები საკმაოდ მოთხოვნადია.

მეთოთხმეტე თაობა

ამ ეტაპისთვის ბოლო თაობა, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. Ford F-150-ის ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები შიდა მხარესაა განლაგებული. მას აქვს 12-დუიმიანი სენსორული ეკრანი, ბორტკომპიუტერი, ცენტრალური კონსოლი და რამდენიმეძრავიანი მოდელების არჩევის შესაძლებლობა. 

როგორც ნახეთ, Ford საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდა თავის ძირითად სერიაზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მალე მე-15 თაობის F თაობაც ვიხილოთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

იაპონურმა საავიაციო კომპანიამ კოსმოსისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებები შექმნა

Clubhouse დაბრუნებას აპირებს!