in

Ford-ის ახალ რეკლამაში ტალახი უპირატესობაა

ტალახით დაფარულ ავტომობილზე ხშირად წერენ: „გამრეცხე“. Ford-ის ახალ კამპანიაში კი გარეცხვა მთავარ სათქმელს წაშლიდა. ძარაზე დარჩენილი კვალი მიანიშნებს, რომ მანქანა ასფალტს გასცდა და რთული მარშრუტი გაიარა.

M2

ბრაზილიაში შექმნილი კამპანია „Redesigned by the Trail“ სააგენტო Wieden+Kennedy São Paulo-ს ნამუშევარია და Bronco Sport-სა და Ranger-ს აერთიანებს. იდეა უგზოობის შემდეგ ავტომობილის შეცვლილ იერს ეყრდნობა: ტალახის შხეფები და ზოლები მის ზედაპირზე ახალ, ყოველ ჯერზე განსხვავებულ ნახატს ქმნის.

გზავნილი „ყველა დიზაინი ქარხანაში არ იქმნება“ Ford-ის ახალ პოზიციონირებას უკავშირდება, რომელიც უგზოობის შესაძლებლობებზე მეტ აქცენტს აკეთებს. სუფთა, გაპრიალებული ძარის ნაცვლად, კამპანია ავტომობილს გამოყენების კვალით აჩვენებს.

პირველი გარე განთავსება სან-პაულოს გუარულიოსის საერთაშორისო აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით განთავსებულ ბილბორდებზე Bronco Sport თანდათან უფრო მეტად იფარება ტალახით. მძღოლისთვის, რომელიც ამ მონაკვეთს გადის, ცალკეული გამოსახულებები მოკლე ვიზუალურ ისტორიად იკვრება.

ამ გადაწყვეტაში ბილბორდების თანმიმდევრობა თავად იდეის ნაწილია. ყოველი მომდევნო გამოსახულება წინა კადრს აგრძელებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ავტომობილმა გზის კიდევ ერთი რთული მონაკვეთი გაიარა. უგზოობის ჩვენება საჭირო აღარ არის, მისი კვალი მანქანაზე რჩება.

Wieden+Kennedy São Paulo-ს წარმომადგენლის, რაფაელ კამპელოს განმარტებით, გუნდს სწორედ თავგადასავლის შედეგის ჩვენება სურდა: „ტალახი ჩვეულებრივ აღიქმება რაღაცად, რაც უნდა მოაშორო. აქ კი ის გვაჩვენებს, სად იყო ავტომობილი და რა სირთულეებთან გამკლავება შეუძლია“.

კამპანია შემდგომი გამოყენებისთვისაცაა დაგეგმილი. 2027 წელს ის ბრაზილიის მსხვილ აგრობიზნესის გამოფენებზე Ranger-ის შესაძლებლობებს წარადგენს. ამ აუდიტორიისთვის რთულ რელიეფზე გადაადგილება ხშირად ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია, ამიტომ ვიზუალური გზავნილი პრაქტიკულ საჭიროებასაც უკავშირდება.

Ford-ის კრეატიული გადაწყვეტა პროდუქტის წარმოჩენის ნაცნობ წესს ცვლის: ის, რასაც სარეკლამო გადაღების წინ ჩვეულებრივ გაწმენდდნენ, აქ მთავარი დეტალია. ამ კამპანიაში ძარაზე დარჩენილი ტალახი ავტომობილის გამოყენების ისტორიას ჰყვება.

„იცოდე, როგორ ხარ და ნუ გადადებ” – Ekimo-ს ახალი კამპანიის დეტალები

როგორ ზრდის სოციალური მედია ბრენდების ხილვადობას AI საძიებო შედეგებში