Ford, 2020 წლის ბოლომდე, ევროპის წარმომადგენლობებში, 12 000-მდე თანამშრომელს შეამცირებს და შესაბამისად, ამდენივე სამუშაო ადგილს გააუქმებს. როგორც გამოცემა Reuters წერს, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც, ხელმძღვანელობას, ეკონომიის ხარჯზე, სურს, კომპანიას მოგება დაუბრუნოს და დაბალი ემისიის ავტომობილების გამოსაშვებად ინვესტიციები მოიზიდოს.
დამატებითი ინვესტიცია ჰიბრიდული, თვითმმართველი და ელექტრომობილების ახალი ადგილობრივი რეგულაციების [ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად] შესაბამისად აღჭურვისთვის გახდა საჭირო, რის გამოც კომპანიამ ევროპაში არსებულ წარმომადგენლობებში ხარჯების შემცირებისა და პორტფოლიოში მოდელების ოპტიმიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
Ford-ის წარმომადგენლების თქმით, წარმოება შეწყვიტეს რუსეთის სამ ქარხანაში, დახურა საწარმოები საფრანგეთსა და უელსში, ასევე შეამცირა ცვლები ესპანეთისა და გერმანიის ორ წარმომადგენლობაში. საერთო ჯამში, 2020 წლის ბოლომდე, კომპანია, ევროპის მასშტაბით, 12 000 თანამშრომელს შეამცირებს და ამდენივე სამუშაო ადგილს გააუქმებს.
„რესტრუქტურიზაციის საკითხებში კონსულტაციისთვის ჩვენს სოციალურ პარტნიორებს მივმართეთ“, – ამბობს Ford-ის პრეზიდენტი ევროპაში სტიურტ როული.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის Ford Europe-ს 51,000 თანამშრომელი ჰყავს.