10
Sep
2019

სტადიონზე ტყე “შეიჭრა” – პროექტი კლიმატის ცვლილებისა და ტყის საფარის შემცირების წინააღმდეგ

10 Sep 2019

საფეხბურთო მოედნები პირდაპირ ასოცირდებიან ხმაურთან და მღელვარებასთან. ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველას ყურადღების ცენტრში ექცევა. სწორედ ამ ფაქტის გამო, ავსტრიის ერთ-ერთ მოედანზე ცოტა ხნის წინ ტყე “გაჩნდა”.. ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ ტყის ინსტალაციას ვიტყვით, რადგანაც მას სპეციალური მისია აკისრია – მოსახლეობა კლიმატის ცვლილებისა და ტყის საფარის შემცირების შესახებ დააფიქროს.

ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში მდებარე საფეხბურთო სტადიონი შვეიცარიელი ხელოვანის, კლაუს ლიტმანის პროექტის ფარგლებში ცოტა ხნით ტყედ გადაიქცა. ამ პროექტის სახელწოდებაა: “ტყისთვის”.. უნდა ითქვას, რომ სტადიონი საკმაოდ დიდი ფართობისაა და მასზე 300 ხე განთავსდა, რომელთაგანაც ზოგი ექვს ტონას იწონის.

ალბათ, იკითხავთ, საიდან გაუჩნდა ხელოვანს ამ ინსტალაციის შექმნის იდეა.. რეალურად, მსგავსი ხედი 30 წლის წინ ავსტრიელმა მხატვარმა, მაქს პეინტნერმა დახატა. კლაუს ლიტმანმა კი გადაწყვიტა, მისი ნახატისთვის ხორცი შეესხა და ფაქტია, ნამდვილად ეფექტურად გამოუვიდა ეს:

სტადიონზე გაშენებული ტყე ხის მრავალფეროვან სახეობებს მოიცავს: მურყანი, ასპენი, თეთრი ტირიფი, რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი და ჩვეულებრივი მუხა და სხვ. ლიტმანის თქმით, პროექტის მიზანია, გამოწვევის წინაშე დააყენოს ჩვენი აღქმები და და ტყის მომავალზე დაგვაფიქროს.. მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბუნება შეიძლება, სულ ცოტა ხანში მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში შეგვხვდეს.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე მოხვედრა ყველასთვისაა შესაძლებელი და მისი ნახვა ვიზიტორებს 8 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. პროექტის დასრულების შემდეგ ეს ხეები სტადიონთან ახლოს გადაირგვება და მას “ტყის ცოცხალი ქანდაკების” სახელი დაერქმევა.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა