10
Jul
2019

წყალქვეშა სათვალე, რომელიც ცურვის შედეგებს რეალურ დროში აჩვენებს

10 Jul 2019

veon
veon


მოცურავეებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელიც, მაგალითად, მათი ცურვის სისწრაფეს უკავშირდება. აქამდე, მათი ტრენერები იდგნენ საცურაო აუზებთან, წამზომებით ხელში და ზომავდნენ, გააუმჯობესა, თუ არა ამა თუ იმ ათლეტმა შედეგი. ინფორმაციის ფლობა საკუთარი ცურვის შედეგის შესახებ, შესაძლოა, ჯერ კიდევ ცურვის პროცესშივე, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ამიტომ, სპორტულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Form-მა ინოვაციური სათვალე წარადგინა. Form-ის საცურაო სათვალის შუშაზე გაფართოებული რეალობის ეკრანია დატანილი, რომელიც ცურვის პროცესშივე აწვდის ინფორმაციას ათლეტს, საკუთარი შედეგების შესახებ.

წყალქვეშა სათვალე პროფესიონალ მოცურავეებთან და მწვრთნელებთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ სათვალის შემქმნელი სტარტაპი Form ყოფილი მოცურავის – დენ აიზენჰარდტის მიერაა დაფუძნებული. სათვალის ელემენტი, სრული დამუხტვიდან 16 საათის განმავლობაში ძლებს. სათვალეში ჩაშენებული მინიატურული კომპიუტერი კი მონაცემების დასათვლელად სპეციალურ ალგორითმს იყენებს. გარდა რეალურ დროში დანახული შედეგისა, სპორტსმენს საკუთარი პროგრესის კონტროლი Android-ის, ან iOS აპლიკაციის მეშვეობითაც შეუძლია. აპლიკაციის დახმარებით, მომხმარებელს იმის არჩევაც შეუძლია, თუ რომელი მონაცემები გამოჩნდეს მისი სათვალის ეკრანზე, ცურვისას.

Form-ის წყალქვეშა სათვალე ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება. მისი ფასი კი, დაახლოებით, 200 დოლარი იქნება.

 

განხილვა