in

Formula 1-ის მარკეტინგული გაკვეთილები

Sporti
Sporti

წარმოიდგინეთ, ხართ ფორმულა 1-ის პილოტი. თქვენს მსგავსად სხვა 19 პილოტთან ერთად ელოდებით რბოლის დაწყებას, იწყებთ ძრავის გახურებას, შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების შემდეგ კი დიდ რბოლაში ებმებით. ეს არის ბრძოლის ველი, საიდანაც გამარჯვებული გამოსვლა თითოეული მონაწილის მიზანი და მთავარი ოცნებაა. „ფორმულა 1“ დიდი მარათონი და კომპლექსური სპორტის სახეობაა, ეს არ არის მხოლოდ მილიონერი პილოტების მოსახვევში სწორად შესვლა და მანევრირება, რბოლის დასასრულს კი შამპანურის დალევა. აქ ჩართულია უამრავი ადამიანი, დიდი გუნდი, სადაც ყველას საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს და საერთო მშენებლობაში თითოეული აგურის სწორად განთავსებას ოქროს ფასი აქვს.

 

სპორტის ეს სახეობა დიდი ტემპით იზრდება და ვითარდება. გთავაზობთ 4 მარკეტინგულ გაკვეთილს, რომელიც შეიძლება, სპორტის ამ სახეობიდან მიიღოთ:

1. მომხმარებელი უპირველესია

მომხმარებლები, ამ შემთხვევაში გულშემატკივრები, უპირველესები არიან და თითოეული მათგანი ამ პროცესში თავს მნიშვნელოვნად თვლის. გულშემატკივარი, თითქმის, ყველა პროცესთან ახლოს არის, ნებისმიერი მონაცემი, ციფრი, ანალიზი, დეტალი, მათთან ძალიან ახლოს და კარგად მიდის. რბოლის დროს, პილოტები საკუთარ გუნდს რადიოს საშუალებით ეკონტაქტებიან, რბოლის ცქერის დროს ეს საუბრებიც კი პირდაპირ გადაიცემა, რაც მაყურებელს პროცესებთან უფრო აახლოებს და მეტად ჩართულს ხდის. გარდა ამისა, არის სხვადასხვა სახის აქტივობები, ფან შეხვედრები, ტესტ დრაივები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვედრა და საყვარელ საჯინიბოსთან უფრო ახლოს მისვლა.

2. Teamwork – Dream Work

პილოტები კარგი შედეგების და ასპარეზობის პარალელურად, ძალიან მალე ხდებიან პოპულარულები, ფინანსური შემოსავლების ზრდის გარდა, მათი ცნობადობა ძალიან იმატებს, რაც პირდაპირ ისახება მათი სოციალური მედიის არხების ზრდაში, უამრავი გამომწერისა და ფანის მოზიდვის უკან აურაცხელი რაოდენობის ადამიანური შრომა და რესურსები იმალება. ერთია პილოტი, რომელიც ტრასაზე ბოლიდით გადაადგილდება და ასპარეზობს, მეორე კი ის ხალხი, ვინც სცენაზე ნაკლებად ჩანს. დაახლოებით, 90% ამ შედეგებისა მოდის იმ პერსონალისგან და გუნდისგან, რომლებიც წარმატებისთვის ერთად მუშაობენ. გამარჯვებისკენ სვლა იწყება ბოლიდის დამზადებით, სწორი კონფიგურაციით, გრძელდება თითოეული „პიტ სტოპით“ და სწორი სტრატეგიით, იმ სტრატეგიით, რომელსაც გუნდის წევრები გეგმავენ და შემდეგ მთელი რბოლის განმავლობაში აღნიშნულ პროცესებს მიყვებიან, ცხადია პილოტთან ერთად. აქ უამრავი სტრატეგია და გეგმაა. მათგან გადახვევა, პირველ რიგში, დიდი რისკია, რისკი კი ხშირ შემთხვევაში, „ფორმულა 1“-ში არ ამართლებს. შესაბამისად, კომბინირებული და სწორი გუნდური მუშაობა, განაპირობებს თითოეული პილოტისა და გუნდის წარმატებას.

3. ისხარტე და მოქნილობა 

ნებისმიერი წინასწარ გაწერილი გეგმა და სტრატეგია, გულისხმობს სათადარიგო გზას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ კრიტიკულ ან დაუგეგმავ სიტუაციაში გახდეს გამოსაყენებელი. „ფორმულა ერთში“ მსგავსი რამ ბევრჯერ ხდება, აღნიშნული სიტუაციის დადგომის მთავარი გამოსავალი კი სისხარტე და მოქნილობაა, ზემოთ ნახსენები გუნდური მუშაობის გარდა, ხშირად, პილოტები ინდივიდუალურ რისკსაც მიმართავენ ხოლმე, რაც წამებში გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. შევიდეს თუ არა ავტო ფარეხში, გამოცვალოს თუ არა საბურავი, იფიქროს თუ არა გასწრებაზე? ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს სწრაფი, რა თქმა უნდა, სწრაფადვე ნაფიქრი და გააზრებული. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულს კარგი შედეგი მოაქვს, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული მანევრები წარუმატებელია, თუმცა უმოქმედობას და უძრაობას, ყოველთვის აღემატება და ჯობს.

4. ანალიტიკა და მაჩვენებლების სწორი გააზრება

თითოეული დასრულებული რბოლა წარსულია, დასრულებული მარათონი და ის, უკვე დროში ჩაიკარგება. მაგრამ ცოცხლობენ ციფრები და ანალიტიკური მონაცემები, რომელიც თითოეულ დასრულებულ რბოლას მოსდევს. ეს არის უდიდესი ინფორმაცია. მისი მიღება, გადამუშავება, სწორად გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ამაზე კონკრეტული ადამიანები მუშაობენ, გადამუშავებულ ინფორმაციას კი პილოტს და გუნდს აწვდიან, რომელიც შემდეგი რბოლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესადგენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პროცესით ხდება თითოეული დაშვებული შეცდომის გააზრება, ხარვეზების გამოსწორება და უკეთესი შედეგებისკენ სვლა.

 

ბიზნესი პანდემიის წინააღმდეგ! echolize-მა, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოციალური კამპანია განაახლა

Xpeng მფრინავი მანქანების მასობრივ წარმოებას 2024 წლისთვის გეგმავს!